თამთა ჩაჩანიძე
23.01.2024

გამოუყოფს თუ არა აშშ უკრაინას დახმარებას, ეს კვლავ კითხვისნიშნის ქვეშაა, თუმცა ევროკავშირისგან კიევისთვის დამაიმედებელი გზავნილები გაჟღერდა, რომ მუშავდება ახალი სტრატეგია, რომელიც უნგრეთის წინააღმდეგობას გვერდს აუვლის. ახალი ფორმულით, შესაძლოა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პირდაპირ ორმხრივი შეთანხმება დადონ უკრაინასთან სამხედრო დახმარების მიწოდებაზე, უშალოდ ევროკავშირსა და უკრაინას შორის შეთანხმების ნაცვლად, რაც ანალიტიკოსების აზრით, კეთდება იმისთვის, რომ დახმარების მიწოდების ვადები შემცირდეს და უკრაინამ იმაზე მეტი მიიღოს, ვიდრე ევროკავშირისგან ელოდა.

ამასთან, უკრაინის ფრონტზე სიტუაცია უკიდურესად რთულია, დასავლური მედია უკრაინულ ჯარისკაცებზე დაყრდნობით წერს, რომ ავდეევკაში „ნამდვილი ჯოჯოხეთია". როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, დასავლეთის დახმარების შეფერხება ფრონტზე უკვე ძალიან შესამჩნევი გახდა. ამ მხრივ აშშ-ის ოპერატული დახმარება სიტუაციას გამოასწორებდა, თუმცა ევროკავშირის გადაწყვეტილებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია კრიზისის შესამსუბუქებლად.

ამასთან, ორივე მხარემ ბოლო დღეებში ერთმანეთზე მასშტაბური საჰაეო დარტყმები განახორციელა. ორიოდე დღის წინ უკრაინელებმა ქალაქი დონეცკი დაბომბეს, რის შედეგადაც, დონეცკის ოლქის დე ფაქტო რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დენის პუშილინის ცნობით, დაიღუპა 25 ადამიანი და დაშავდა 20. სამშაბათს კი რუსეთის მხრიდან სასტიკად დაიბომბა ხარკოვი, კიევი და პავლოგრადი. შედეგად დაინგრა მაღალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები. მსხვერპლისა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან მაშველები ჯერ კიდევ მუშაობენ.

ფრონტზე არსებული ვითარება და „ჯოჯოხეთი" ავდეევკაში

ფრონტზე ყველაზე ცხელი წერტილი დონეცკის ოქლის ქალაქი ავდეევკა გახდა. ქალაქის დამცველმა უკრაინელმა მებრძოლებმა „სიენენთან" იმ დაუნდობელ და დამქაცველ იერიშებზე ისაუბრეს, რომელსაც რუსეთი ამ მიმართულები აწყობს.

„ქალაქის ნანგრევებს შორის რუსებსა და უკრაინელებს შორის შეტაკებები მიდის, ერთმანეთზე ნადირობენ დრონებით და ზოგჯერ ტანკებით. მსხვერპლი დიდია ორივე მხრიდან, განსაკუთრებით რუსულ ჯარში, რომლებიც ტალღებად უტევენ უკრაინელთა გამაგრებულ პოზიციებს", - ნათქვამია „სიენენის" რეპოტაჟში.

უკრაინელი ჯარისკაცები კი ნამდვილ „ჯოჯოხეთურ" სცენებზე ყვებიან.

„გარდაცვლილი ჯარისკაცები იქ უბრალოდ გაყინულები წვანან... ისინი არავის მიჰყავთ. ისეთი შეგრძნებაა, რომ ადამიანებს კონკრეტული დავალება არ აქვთ, უბრალოდ წინ მიდიან და კვდებიან", - თქვა უკრაინული სპეცდანიშნულების რაზმ „ომეგას" ოფიცერმა „სიენენთან" საურისას.

ამავე წყაროს ცნობით, რუსები მუდმივად ავსებენ დანაკარგებს. მაგალითად, უკრაინის უპილოტო სადაზვერვო ქვედანაყოფ „ტერენის" მეთაურმა გამოცემას უთხრა, რომ უკრაინელებმა თუნდაც დღეში 40-დან 70-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურის განადგურება მოახერხონ, „მეორე დღეს ისინი შეავსებენ ძალებს და განაგრძობენ შეტევას". მისი თქმით, 110-ე მექანიზებული ბრიგადის მისმა მფრინავებმა ავდეევკას ირგვლივ 18 თვის განმავლობაში ბრძოლის დროს სულ მცირე 1500 რუსი მოკლეს, თუმცა, ისინი კვლავ მოდიან.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლური დახმარების შეფერხება უკრაინას ფრონტზე უკვე დაეტყო და თუ დროულად არ მოხერხდა ხელის შეშველება, არაა გამორიცხული, რომ დონბასის სრული ოკუპაციის შემთხვევაში პუტინმა ომი დასრულებულად გამოაცხადოს.

„დასავლეთის მხრიდან დახმარების შეფერხება უკრაინის ფრონტს უკვე დაეტყო. ავდეევკაში ფრონტის ხაზი გარღვეულია, პრაქტიკულად მოშლილია. ავდეევკა, ბახმუტი და მარიინკა გრავიტაციის ცენტრს ქმნიან, რომლის დაცემამაც შესაძლოა უკრაინული შენაერთების ოპერატიულ ალყაში მოქცევა გამოიწვიოს. გამოდის, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სრულ ოკუპაციას მოახდენენ რუსები, მერე შეიძლება ხარკოვს დაარტყან, რაც დიდი გამოწვევა იქნება და საშუალება მიეცემა რუსეთს, რომ ზაპოროჟიესა და ხერსონზე გადავიდნენ და მერე დნეპრსა და ოდესას მიადგნენ.

„დონბასის დაკარგვა სერიოზული უკანდახევის ნიშანი იქნება. აქ კომუნიკაცის ცენრებია, ასევე ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთები ჰყავს უკარინას და თუ ეს ჩამოიშალა, არაა გამორიცხული, რომ დონბასის ოკუპაციის მერე პუტინმა ომი დასრულებულადაც გამოაცხადოს და თქვას, რომ რა მიზანიც მქონდა, შევასრულეო", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

უკრაინისათვის დახმარების გამოყოფის დედლაინი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინისათვის დახმარების დამტკიცების ბოლო „გონივრული ვადა" იანვრის ბოლოა, რათა ეს შეფერხება უშუალოდ ფრონტზე არ აისახოს. ჯერჯერობით გაურკვეველია აშშ-ის კონგრესი რას იზამს თუმცა კიევისთის დამაიმედებელი გზავნილები ჰქონდათ ევროკავშირის ლიდერებს, რომ ახალი ფორმულა მუშავდება.

ევროკავშირის ლიდერები მზად არიან, მიიღონ მკაცრი პოზიცია უნგრეთის მიმართ, თუ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის ბლოკირებას გააგრძელებს - ამის შესახებ „ბლუმბერგი" თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

უფრო კონკრეტულად კი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად არიან მიიღონ უკრაინის დახმარების პაკეტი 1-ლ თებერვალს ბრიუსელში გამართულ სამიტზე, მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა მას უნგრეთი. მათი მტკიცებით, თუ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი გააგრძელებს დახმარების პაკეტის ბლოკირებას, ევროკავშირის დანარჩენი 26 ქვეყანა მას მაინც მიიღებს და ასეთი სცენარისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. ერთ-ერთი შესაძლო სარეზერვო ვარიანტია უკრაინისთვის დახმარების ევროკავშირის საბიუჯეტო პროცესის გარეშე მიწოდება.

„ბლუმბერგის" წყაროების ცნობით, თუ ორბანი გადაწყვეტს უკრაინის დახმარების პაკეტის დაბლოკვას, ევროკავშირს შეუძლია უნგრეთის წინააღმდეგ საჯარიმო ზომების შემდეგი რაუნდი შემოიღოს. გამოცემა წერს, რომ ასეთმა სცენარმა შეიძლება ევროკავშირში უფრო ფართო დაპირისპირება გამოიწვიოს, ვინაიდან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ ადრე განაცხადა, რომ უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევისკენ მიმართული ნაბიჯებისგან დაიცავს.

როგორც თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, ეს ფორმულა მუშავდება იმისთვის, რომ დახმარების მიწოდების ვადები შემცირდეს და უკრაინამ იმაზე მეტი მიიღოს, ვიდრე ევროკავშირისგან ელოდა.

„ეს პირველი ინიციატივაა, რომელიც ინსტიტუციონალური კრიზისითაა გამოწვეული, რაც უნგრეთის პოზიციასთანაა დაკავშირებული. ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები უნგრეთის შანტაჟს დიდი ხნით ვერ მოითმენდნენ. გამოჩნდა ეს ალტერნატიული გზა, სადაც თვითონ ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც უარზე არ არიან უკრაინისთვის თანხების გამოყოფაზე, არა ბლოკის, არამედ ცალკე ფორმატის ფარგლებში შთანხმდებიან.

„აქ მნიშვნელოვანია სლოვაკეთოს პოზიცია რა იქნება, რადგან მისი მთავრობაც უკრაინისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა 25 ქვეყანას შეუძლია ეს გააკეთოს. ანუ ეს თავისუფალი ფორმატია, ვინც წინააღმედგი არაა მათთვის. ეს ფორმულა შესაძლებელია, ამაზე ნაფიქრია გადაწყვეტილებაც მიღებულია.

„ბუნებრივია, ისინი იმ თანხის კომპენსაციას შეეცდებიან, რმლის გამოყოფასაც ევროკავშირი ვერ ახრეხებს. უკრაინაში ახლა უმძიმესი სიტუაციაა, როგორც ფრონტზე, ისე მთლიანად ქვეყანაში. ეს წელი გარდამტეხი იქნება. ჯერჯერობით უცნობია უკრაინა მიიღებს თუ არა ამ ფორმულით იმაზე მეტს, ვიდრე 50 მილიარდია, მაგრამ ეს ის აუცილებელი რამაა, რაც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება, თან დღეს კი არა, გუშინ სჭირდებოდა. არათუ ევროპელები, არამედ იაპონია, სამხრეთ კორეა და სხვა ქვეყნებიც კი ჩაერთნენ, რომ უკრაინას მიაწოდონ დახმარება, სამხედრო ფინანსური თუ სხვა ტიპის.

„ეს ფორმულა მუშავდება იმისთვის, რომ დახმარების მიწოდების ვადები შემცირდეს და უკრაინამ იმაზე მეტი მიიღოს, ვიდრე ევროკავშირისგან ელოდა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ, რომ იარაღის წარმოება დააჩქრაონ და შეუსაბამონ იმ ტემპებს, რომელიც უკრაინას სჭირდება. ძალთა ბალანსი შეიცვალა და რუსეთს უკვე მეტი შეიარაღება გაუჩნდა, რაც რისკებს ქმნის", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი აშშ-ის დახმარებაა, თუმცა „უარესობას ეს ფორმულა სჯობს".

„უარესობას ეს ფორმულა სჯობს, თუმცა ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მათი პრეროგატივაა - რას შეცვლიან და რას გააკეთებენ. აქ უკვე შესაძლოა ვეტო სლოვაკეთმაც დაადოს. რჩება 25 ქვეყანა და მგონი ახლა თავადაც არ იციან რა მოხდება. ევროკავშირის დახმარება ზღვაში წვეთია. აქ ყველაზე მთავარია აშშ-ის დახმარება. ევროკავშირისგან კი 50 მილიარდზეა საუბარი, თუმცა ეს შესაძლოა გაიწელოს, ამერიკული კი შესაძლოა უფრო ოპერატიული აღმოჩნდეს.

„ევროკავშირმა 50 მილიარდი შესაძლოა ტრანშებით, ნაწილ-ნაწილ მისცენ, გარკვეული პროცედურები მაინც საჭიროა. შესაძლოა ჯერ 10 მილიარდი მისცენ, დანარჩენი გაუწელონ და მისცენ, მაგალითად, ზაფხულში ან შემოდგომით",- განაცხადა მაისაიამ დაამატა, რომ ჯერჯერობით იმის თქმა ძნელია, ამ ფორმულით უკრაინა იმაზე მეტს მიიღებს თუ არა, ვიდრე ევროკავშირისგან იყო დაგეგმილი. ასევე საუბარი რთულია ვადებზეც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×