ელზა პაპოშვილი
25.01.2024

დასავლური მედია წერს, რომ მართალია, უკრაინის ფრონტის ხაზზე ვითარება ჯერ კიდევ არ შესულა ჩიხში, მაგრამ მდგომარეობა რთულია. რუსეთის ჯარები გააქტიურდნენ ფრონტის მთელ ხაზზე. ექსპერტები ამბობენ, რომ თუკი უკრაინამ ამერიკიდან დახმარება დროზე არ მიიღო, მაშინ ფრონტის ხაზზე სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.

თეთრ სახლში ამაზე უკვე პირდაპირ საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ  უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გადამწყვეტი იქნება მისი თავდაცვისთვის, ამიტომ კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს უკრაინის მხარდაჭერისთვის. 

„მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინისთვის კრიტიკული იქნება“, - განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, რუსები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას დრონებითა და რაკეტებით. ამიტომ, უკრაინის სარდლობას უკვე უწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ რომელი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენოს იმ პირობებში, როდესაც მათი რეზერვები მცირდება. ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს დახმარების, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების, მიღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. გარდა ამისა, რუსებმა ჩამოაყალიბეს დრონების და სხვა იარაღის სისტემების საკუთარი წარმოება.

ამ კონტექსტში კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია უკრაინის გამარჯვების იდეის ერთგულია.

„ჩვენ გვინდა, რომ გავაგრძელოთ უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერა, რათა მან შეძლოს ამ შედეგის მიღწევა,“ - აღნიშნა კირბიმ.  

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებით, სამხედროებს სულ უფრო მეტი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა აქვთ იმისთვის, რომ მისწვდნენ მტერს იქ, სადაც ის არ ელის.

„საჰაერო ძალები არტყამდა, არტყამს და დაარტყამს მტერს სადაც არ უნდა იყოს ის, რათა დაიცვას ჩვენი მოქალაქეები მტრის ტერორისტული თავდასხმებისგან! ხარკოვი, ხერსონი, დნეპრი, ზაპოროჟიე და ფრონტის ხაზის სხვა რეგიონები ყოველდღიურად და ყოველ ღამეს მტრის რაკეტების, ბომბების და დრონების ცეცხლის ქვეშაა. საჰაერო ძალები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისწვდეს მტერს როგორც ცაში, ასევე მიწაზე. თქვენ კითხულობთ ჩვენს მოხსენებებს. ბევრი რუსული თვითმფრინავი და მათი ეკიპაჟი ვეღარასოდეს შეძლებენ ჩვენი ხალხის დატერორებას. ისინი განადგურებულნი არიან! ჩვენ გვაქვს უფრო და უფრო მეტი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა, რათა მივწვდეთ მტერს იქ, სადაც ის ამას არ ელის!” - აღნიშნა ნიკოლაი ოლეშჩუკმა.  

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 220 000 საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. დოკუმენტებს ხელი ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა იენს სტოლტენბერგის თანდასწრებით მოაწერა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში საბრძოლო მასალისთვის ბრძოლად იქცა, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგი შეავსონ.

„ჩვენ გავაფორმეთ 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები ასობით ათასი 155-მილიმეტრიანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად. რუსეთის ომი უკრაინაში იქცა ბრძოლად საბრძოლო მასალისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგები შეავსონ, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას,“ - იენს სტოლტენბერგი.

სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსეთი ფრონტის ხაზზე საბრძოლო ინიციატივას უკვე ერთი თვეა, რაც ინარჩუნებს. სამწუხაროდ ისინი ფრონტის ხაზზე 5 მიმართულებიდან შეტევებს აწარმოებენ.    

„ეს არის ჩრდილოეთით, სატოვოსთან, ბახმუტთან, ავდიევკასთან, გრობოტინოსთან და გრინკეისთან, უშუალოდ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც უკრაინულ დესანტს პლაცდარმი აქვს აღებული. ეს შეტევები რუსეთის მხრიდან ისედაც მიმდინარეობს. თუმცა უკრაინას თავდაცვითი ზღუდეები ჯერ უჭირავს. რაც შეეხება იმას, ისარგებელბს თუ არა ამერიკიდან დაგვიანებული დახმარებით, რა თქმა უნდა, ამას ეცდება. თუმცა ამ ეტაპზე იმხელა ძალა მაინც არა აქვს, რომ მთლიან ფრონტზე გენერალური შეტევით  გადავიდეს. თუმცა ეტყობა, რომ ემზადება“, - ამბობს ალადაშვილი. 

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთი იღებს სამხდერო დახმარებას და ტექნიკით მარაგდება. მათი მხრიდან ჭურვების და რაკეტების მიწოდებამ რუსეთს ხელი შეუწყო, რომ გარკვეული წარმატება ფრონტის ხაზზე ჰქონდეს. 

„თავად არ ჰქონდა რესურსი წარმოების და ეს მისთვის დიდი  დახმარება აღმოჩნდა. ასევე ირანიდან მიწოდებული უპილოტო კამიკაძე-დრონები „შაჰიდები“. თუკი უკრაინას დასავლეთი ეხმარებოდა, რუსეთმა დამხმარედ ირანი და ჩრდილოეთ კორეა გამოძებნა. სიტუაცია მარტივი არ არის. დასავლეთმა უკრაინას დახმარება დროზე უნდა აღმოუჩინოს. ახალი წლის წინა დღეს დაეხმარნენ და იმის მერე დახმარება ფრონტის ხაზზე აღარ მისულა. ეს კი ძალიან ცუდია, რადგან ომს დიდი მუცელი აქვს და ყოველდღიური ჭამა სჭირდება. 

„თუ რუსები გესვრინ, პასუხი ხომ უნდა გასცე. ყოველდღიურად კი რუსები ათასობით ჭურვებს ისვრიან და ქალაქებს ბომბავენ. ისინი კორეიდან და ირანიდან ამ შეიარაღებას იაფად იღებენ და ბევრი აქვთ. დასავლეთი კი უკრაინელებს შედარებით შეზღუდულად აწვდის. ასევე საჭიროა საჰაერო თავდაცვა, რაც უკრაინას ჯერ კიდევ არ მისვლია. ამიტომ ეს ერთი კვირა ნამდვილად რთული იქნება და დროს დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - ამბობს ალადაშვილი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×