თამთა ჩაჩანიძე
30.01.2024

ევროკავშირის 1-ლი თებერვლის საგანგებო სამიტის წინ, სადაც უკრაინისთის 50 მილიარდი ევროს დახმარების საკითხი უნდა დადგეს, გამოიკვეთა კონტურები, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი. მოლოდინი პოზიტიურია და ამას ორშაბათს კიევში უნგრეთი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც აძლიერებს. აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების საკითხი კვლავ გაურკვეველია და ამ პრობლემაზე აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი უილიამ ბერნსი „Foreign Affairs"-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს. რას გადაწყვეტს ხუთშაბათს ევროკავშირი და როგორია იმის შანსი, რომ უკრაინის დახმარების საკითხი აშშ-ის კონგრესშიც დაიძრას მკვდარი წერილიდან?

უგრეთის ბოლო პოზიცია ანალიტიკოსებს იმის განცდას უტოვებს, რომ ევრკავშირი საბოლოოდ მაინც მიაღწევს მიზანს და უკრაინას 50 მილიარდი ევროს დახმარებას გამოუყოფს. თუმცა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პირობა კარგად არ გამოიყურება, რადგან თუ მოხდა ისე, რომ თანხების ერთიანად გადაცემის საჭიროება დადგა, კვლავ ბაიერი შეიქმნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ეს დახმარება 4 წელზეა გათვლილი და თან პრემიერ ვიქტორ ორბანს თავისი პირობა აქვს - უკრაინის დახმარების დაფინანსებას დასთანხმდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ დახმარების გაგრძელების გადაწყვეტილებას ყოველწლიურად, ერთსულოვნად ისევ დაამტკიცებენ.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გადამწყვეტი მაინც აშშ-ის დახმარებაა და თუ ეს არ განხორციელდა, ეს იქნება ვაშინგტონის მიერ უკანდაგადადგმული ნაბიჯი. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი კი „Foreign Affairs"-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ თუ აშშ „უკან დაიხევს" და ამ კონფლიქტში უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, ის „ისტორიული მასშტაბის გოლს გაიტანს საკუთარ კარში".

რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ვითარებას, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსებს ტაქტიკური ინიციატივა ხელში აქვთ, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ უკრაინა დასავლურ დახმარებას სათანადოდ ვერ იღებს.

„ფრონტის ყველა ხაზზე ტაქტიკური ინიციატივა რუსებს აქვთ. ეს ყველაფერი კი სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ უკრაინა დახმარებას ვერ იღებს. ცხელი წერტილები უკვე ყველგანაა - ხერსონი, ხარკოვი, ავდეევკაში სიტუაცია საკმაოდ რთულია. შეიძლება დებალცევოს ოპერატოული ალყა განმეორდეს ავდეევკაში, რაშიც 5-დან 10-მდე ბრიგადა მოექცეს, რაც სერიოზული მოვლენა იქნება.

„ხარკოვთან რუსები ლიმანს უკვე უახლოვდებიან, დაახლოებით 10 კმ-ში არიან და თავის დროზე ლიმანის დაკარგვის გამო იყო რუსებს ფრონტი რომ მოეშალათ და ეს ერთ-ერთი საკვანძო წერტილია", - განაცხადა მაისაიამ.

რას იზამს ევროკავშირი 1-ლ თებერვალს

ევროკავშირი ხუთშაბათს გამართავს რიგგარეშე სამიტს, სადაც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ იმსჯელებს, რომელიც 4 წელიწადზეა გათვლილი. უკრაინის ხელისუფლებას დადებითი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, იგი მზადაა ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინის დახმარების დაფინანსებას დასთანხმდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დახმარების გაგრძელების გადაწყვეტილებას ყოველწლიურად ასევე ერთსულოვნად დაამტკიცებენ.

„გადავწყვიტეთ წარგვედგინა კომპრომისული შეთავაზება: არ ვეთანხმებით ბიუჯეტის ცვლილებას, არ ვეთანხმებით, რომ 50 მილიარდი ევრო, რაც ძალიან დიდი თანხაა, უკრაინას მივცეთ. არ ვეთანხმებით, რომ ოთხი წლით იყოს უზრუნველყოფილი და ა.შ. თუმცა, უნგრეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს 27 ქვეყნის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, თუ გარანტიას მოგვცემენ, რომ ყოველწლიურად გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა ამ თანხის გაგზავნას და ამ წლიურ გადაწყვეტილებას უნდა ჰქონდეს იგივე სამართლებრივი საფუძველი, როგორც დღეს - ის უნდა იყოს ერთსულოვანი", - განაცხადა ორბანმა გამოცემა „ლე პოინტ"-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, სამწუხაროდ, ეს პოზიცია ისე ესმის, ან ისე ინტერპრეტირებს, თითქოს ეს მათი შანტაჟის ყოველწლიური საშუალებაა.

აღსანიშნავია, რომ სამიტის წინ, 29 იანვარს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო კიევში იყო ჩასული, სადაც თავის უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკს შეხვდა. უკრაინული მხარე ამბობს, რომ უნგრეთისგან „მაქსიმუმი მიიღეს". საუბარი შეხებოდა უნგრულ უმცირესობებს, ომს და ვლადიმერ პუტინის ქმედებების ლოგიკას. ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას.

ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად, ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას უჭირს იმის თქმა, თუ რას გადაწყვეტს 1-ელ თებერვალს. ევროკავშირი. მისი აზრით, უკრაინისათვის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით ასევე სკეპტიკურადაა განწყობილი სლოვაკეთიც და თუ ხუთშაბათს სლოვაკეთმა თავი შეიკავა, არაა გამორიცხული, რომ ორბანმაც გადათქვას სიტყვა.

„ერთი ცუდი ვარიანტი ისაა, რომ უკრაინას დიდი დახმარება სჭირდება დღეს და 50 მილიარდის გადაცემა თუ ოთხ წელზე გადანაწილდა, წელიწადში დაახლოებით 12 მილიარდი ევრო - ეს მაინცდამაინც ვერაფერი სარგებელი გამოდის. სჯობდა ეს თანხა ერთ წელზე გადანაწილებულიყო. გამოდის, რომ უკრაინა აშშ-ის იმედად რჩება.

„არ ვიცი ევროკავშირმა რა მექანიზმით აიძულა ორბანს, რომ ასე თავისით ეთქვა ეს სიტყვა, მაგრამ თუ 1-ლ თებერვალს ორბანს სლოვაკეთის პრემიერმაც დაუჭირა მხარი, ალბათ სიტუაცია გართულდება და არ გამოვრიცხავ, რომ გადათქვას. ორბანის პირობა, რომ ყოველ წელს დახმარების გაგრძელება დამტკიცდეს, ეს შანტაჟის იარაღს ჰგავს, თუმცა რთულია იმის თქმა, რა გათვლები აქვს", - განაცხადა მაისაიამ.

ევროპული კვლევების ცენტის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში ევროკავშირი შეძლებს მიაწოდის უკრაინას დახმარება, თუმცა ორბანის პირობა კარგად არ გამოიყურება, რადგან თუ მოხდა ისე, რომ თანხების ერთიანად გადაცემის საჭიროება დადგა, კვლავ ბაიერი იქმნება.

„ორბანის წინადადება ცუდი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ არ იქნება შესაძლებელი დიდი თანხის ერთად მობილიზება. უკრაინის ომი ოთხი წელი ხომ არ გაგრძელდება?! იქნებ ახლა სჭირდება ეს დიდი თანხა, გარდამტეხი წელია, მაგრამ ვერ მისცემენ. თან ამ თანხას თუ ოთხ წელზე გაყოფენ, მაშინ ყოველწლიურად ნაკლები იქნება გამოყოფილი დახმარებისთვის.

„მემგონი ევროკავშირი საბოლოო ჯამში ორბანს დაითანხმებს. უნგრეთის წინააღმდეგ ევროპარლამენტშიც დაიწყო მთელი კამპანია. ანუ აშინებენ იმითი, რომ საერთოდ ხმას ჩამოართმევენ. ევროკავშირს ბერკეტები გააჩნია, თუმცა რაღაც პატარა კომპრომისებს მაინც ექნება ადგილი.

„ევროპაში ნებისმიერი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტას ეძებენ და მათ შორის ასეთი სახის კონფლიქტებისაც, რომლიც ქვეყნების განსხვავებულ პოზიციებს ეხება", - განაცხადა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

აშშ-ის „ავტოგოლი"

როგორც „Foreign Affairs"-ში გამოქვეყნებულ წერილში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი, უილიამ ბერნსი წერს, უკრაინა-რუსეთის შეიარაღებულ კონფლიქტში 2024 წელი იქნება ტესტი მხარეთა გამძლეობაზე. ბერნსი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა უკრაინის დახმარება უნდა განაგრძოს.

ბერნსის შეფასებით, შეერთებული შტატებისთვის ეს არის „შედარებით მოკრძალებული ინვესტიცია", რომელიც შეადგენს ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის 5%-ზე ნაკლებს. ამავდროულად, უკრაინის დახმარება გეოპოლიტიკურ სარგებელს მოუტანს შეერთებულ შტატებს და სარგებელს მიიღებს თავდაცვის ინდუსტრიაც. უნდა აღინიშნოს, რომ დეკემბრის ბოლოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა 2024 წლის სამხედრო ბიუჯეტი 886,3 მილიარდი დოლარის ოდენობით.

„შეიარაღების მიწოდების გაგრძელება გააძლიერებს უკრაინის პოზიციას, თუ გამოჩნდება სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობა", - წერს ბერნსმა და ამატებს, რომ თუ აშშ „უკან დაიხევს" და ამ კონფლიქტში უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, ის „ისტორიული მასშტაბის გოლს გაიტანს საკუთარ კარში".

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინის დახმარებაზე კონგრესში პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიდის, თუმცა ჯერჯერობით კრიზისი დაძლეული არაა.

„რადგან კონგრესში უკრაინის დახმარება მიგრაციული საკითხების გადაწყვეტას მიაბეს, აშკარაა, რომ ამას საარჩევნო მიზნები აქვს და ამერიკაში პოლიტიკური პარტიები ყველაზე წინ ძალაუფლების საკითხს აყენებენ, ანუ მსოფლიო გინდა დანგრეულა, ოღონდ პარტია თუ ძალაუფლებისთვის იბრძვის, მისთვის პრიორიტეტი ესაა.

„ამ შემთხვევაში რესპუბლიკელებს დიდი კოზირი აქვთ დემოკრატების წინააღდეგ, რადგან მიგრაციული პოლიტიკა ძალიან ბევრს არ მოსწონს, თავისუფლად რომ შედიან ძალიან დიდი რაოდენობით მიგრანტები მექსიკიდან.

„ბაიდენმა წინადადება შეიმუშავა იმაზე, რომ მიგრანტების შესვლა შეამციროს, ოღონდ სულ არ აკრძალოს. ამაზე მოლაპარაკება მიდის, მაგრამ ჯერჯერობით კრიზისია და ძნელია იმის თქმა რა გადაწყდება. სამწუხაროდ, უკრაინას არ გაუმართლა, რომ კონგრესში ორ პარტიას შორის ასეთი წინააღმდეგობაა. თუ აშშ-მა ვერ შეძლო შეთანხმება, ალბათ უკრაინის დახმარება მთლიანად ევროპის ზურგზე გადავა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაზე, მაგრამ არიან სხვა ქვეყნებიც - იაპონია, კანადა, ავსტრალია - რომლებიც მხარს ასევე უჭერენ უკრაინას, მაგრამ ამერიკული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთმა შექმნილი სიტუაციით ისარგებლა და ტაქტიკური ინიციატივა ხელში აიღო და თუ აშშ-მა არ მიაწოდა დახმარება უკვე დღეს, საეჭვია, რომ სიტუაციის შემობრუნება შეძლოს უკრაინამ.

„აშშ-ის პასიურობა იმითაც აიხსნება, რომ ქვეყნის შიგნით თავადაც პრობლემები აქვთ. ამასთან, წინასაარჩევნო კამპანიაა. კონგრესშიც ჯერ კონსენსუსი, როგორც ჩანს, არაა და ბაიდენი რას ფიქრობს, გაურკვეველია. თუ აშშ-მ მართლაც უარი თქვა დახმარებაზე, ეს ავტოგოლი კი არა, სრული კრახია ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.

„აშშ-ის დახმარებაში შედის თავდაცვის ბიუჯეტის შვსებისა და შეიარაღების თანხები, რომელიც ასევე მოდერნიზებული შეიარაღების შესყიდვისთვისაა საჭირო. „ეფ-16"-ების მიღებაც ამ პაკეტში შდის. ამის გარდა, ეკონომიკური და სოციალური გადასახადები და ა.შ. როგორც ვიცი, ის 60 მილიარდი, რაც დასამტკიცებელია, ერთ წელზეა გათვლილი, ეს სოლიდური თანხაა, რაც უკრაინას ჰაერივით სჭირდება.

„უკრაინის შეიარაღებულ ძალებში შეიარაღების „შიმშილის" ელემენტი უკვე არის. თუ დახმარებას არ მიიღებენ, ეჭვი მეპარება, რომ სიტუაციის შემობრუნება შეძლონ. უკვე აქტიურ თავდაცვაზე გადავიდნენ. გონივრული ვადა, როცა დახმარება უნდა მიაწოდონ, არის დღეს. სხვადასხვა ქვეყნებისგან პატარა დახმარებები არის, რაც იმას შველის, რომ ეს შიმშილის ელემენტი მასობრივი არ გახდეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×