რეზონანსი
22.02.2024

რუსეთის მხარეზე მებრძოლ კავკასიელებს შორის მსხვერპლი მაღალია და 7-8 ათასს აღწევს, რაც მოიცავს როგორც გაწვეულებს, ასევე კონტრაქტით მეომრებს, მოხალისეებს. ყველაზე მაღალია მსხვერპლი დაღესტნელებს შორის, აცხადებს „რეზონანსთან" ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

„რუსეთს უკრაინის ომში ცოცხალ ძალასთან დაკავშირებით დიდი პრობლემები შეექმნა და სხვადასხვა ქვეყნებში მოქალაქეების სხვადასხვა გზებით გადაიბირეს, ზოგიც კი ძალით გაიწვიეს. კავკასიელები იბრძოდნენ რუსეთის მხარეს, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი დაიღუპა. კავკასიიდან დაახლოებით 7-8 ათასი ადამიანია დაღუპული, როგორც გაწვეული ასევე მოხალისეების საერთო რაოდენობიდან. ყველაზე მეტი მსხვერპლი დაღესტანს ჰყავს, ზუსტი რაოდენობა გაურკვეველია. აფხაზეთიდან 25-მდე მოხალისეა დაღუპული, ცხინვალიდან - 18-20, სულ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთიდან დაღუპულების რიცხვი 200 აღწევს.

„ამ მიზეზით პროტესტები იყო განსაკუთრებით დაღესტანსა და აფხაზეთშია, თუმცა ცენტრალურმა და ადგილობრივა ხელისუფლებამ პროტესტების ჩახშობა ისწავლა და სიტუაციას აკონტროლებენ. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე სერიოზული სახის პროტესტი არ ჩანს.

„სოხუმში ახლაც არის პროტესტული განწყობა, მაგრამ ეს ძირითადად ეხება ტერიტორიების გადაცემას რუსეთზე. ვგულისხმობ ბიჭვინთის აგარაკებს. ამ საკითხზე კი ფანტომური პროტესტია სოციალური ქსელის მეშვეობით, ლაპარაკია იმაზე, რომ მათ შვილებს იქ ხოცავენ, მაგრამ არ ასახელებენ, ვინ არიან ეს ადამიანები, არც იმას ამბობენ, რომ აფხაზებს ომში არავინ იწვევს, ისინი თავიანთი ნებით მიდიან. ეს იმიტომ ხდება, რომ სკანდალი გამოიწვიონ," - აღნიშნა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

რაც შეეხება გადაბირებას რუსეთის მხრიდან, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ომში საბრძოლველად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გადაბირებას ცდილობს. როგორც მათ ანგარიშშია აღნიშნული, სომხეთსა და ყაზახეთში ონლაინ რეკლამები გამოჩნდა. განცხადების ავტორები მსურველებს 495 ათასი რუბლის (დაახლოებით 13.4 ათასი ლარი) ერთჯერად გადახდას და მომავალში ყოველთვიური ხელფასის სახით 190 ათას რუბლს (დაახლოებით 5.16 ათასი ლარი) ჰპირდებოდნენ.

დაზვერვის ცნობით, ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსეთის ხელისუფლებამ სავარაუდოდ უზბეკეთიდან ჩასულ მშენებლებს პასპორტები წაართვა და ჯართან კონტრაქტების გაფორმებას აიძულებდა.

„რუსეთი 2023 წლის მაისიდან მიგრანტებს ცენტრალური აზიიდან უკრაინაში ბრძოლას სთავაზობს და ამის სანაცვლოდ, მოქალაქეობის სწრაფად მინიჭებასა და მაღალ ხელფასს ჰპირდება. რუსეთს, ალბათ, სურს თავიდან აიცილოს მობილიზაციასთან დაკავშირებული შემდგომი არაპოპულარული ზომები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოყენება კრემლს საშუალებას აძლევს, მზარდი დანაკარგების ფონზე, მოიზიდოს დამატებითი ადამიანური რესურსი თავისი სამხედრო ოპერაციებისთვის", - წერია ანგარიშში.

ნატალია ჯვარიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×