ეკატერინე ბასილაია
11.06.2015

 უკრაინის ოდესის ოლქში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის ყველაზე გავლენიან ოლიგარქს, მილიარდერ იგორ კოლომოისკის შორის დააპირისპირების დიდი ტალღის აგორებას ელოდებიან. ამისკენ პირველი ნაბიჯები ორივე მხრიდან უკვე გადადგმულია. კოლომოისკიმ უკვე დააანონსა, სააკაშვილი სულ მალე ოდესას კრემლს ჩააბარებსო და საკუთარ ტელეარხ "1%1"-ზე სააკაშვილის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ფილმიც გაუშვა.

თავად სააკაშვილის პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ მეორე დღესვე გაათავისუფლა ბიზნესმენის მომხრე რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, დაინტერესდა ოდესის პორტის კონტროლით, სადაც კოლომოისკის დიდი აქტივები და ასევე დიდი ინეტრესი აქვს. უკრაინის სამართალდამცველმა ორგანოებმა კი ოლიგარქის მიერ შექმნილი და დაფინანსებული შეიარაღებული ფორმირების, მოხალისეთა ბატალიონ "აიდარის" მებრძოლების წინააღმდეგ სს საქმეები აღძრეს.

უკრაინაში, ოდესის ოლქის, როგორც რუსეთ-უკრაინული იდეოლოგიური ომის მნიშვნელოვანი ფრონტის ხაზზე, გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნას ურთიერთსაპირისპირო გამოხმაურება მოჰყვა - ნაწილი საქართველოს ექსპრეზიდენტს იმედით დახვდა, ნაწილი - პროტესტის ნიშნად წითელი ჰალსტუხებით; ნაწილი თვლის, რომ სააკაშვილი და მისი ქართული გუნდი ოდესის აღმშენებლობას შეძლებს და ეს მთელი უკრაინისათვის სამაგალითო უნდა გახდეს. ნაწილი კი ამას სკეპტიკურად უყურებს.

სააკაშვილის გუბერნატორობას და მისი გუნდის პერსპექტივებს განსხვავებულად აფასებენ ქართველი ანალიტიკოსებიც. თუმცა საქართველოშიც და უკრანაშიც თითქმის ყველა თანხმდება, რომ პოროშენკომ სააკაშვილი ოდესაში მისი ყველაზე დიდი მტრის, მილიარდერი ბიზნესმენის, იგორ კოლომოისკის გასანადგურებლად გაგზავნა და მთავარი ამოცანა სწორედ ეგ არის.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალისტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ოდესაში დაპირისპირების ახალი კერის გახსნის დიდი შესაძლებლობა არსებობს.

მისი თქმით, პოროშენკომ ჯერ სააკაშვილი დანიშნა ოდესის ოლქის გუბერნატორად და შემდეგ დაიწყო აქტიურობა.

ვახტანგ მაისაია: "სააკაშვილი ორი მისიის შესასრულებლად დაინიშნა, პირველი ოდესის პორტზე უშუალო კონტროლის დაწესებაა, მოერე კი კოლომოისკის ჩაძირვა. პორტი ძალიან დიდი თემაა, მასზე კონტროლი პრემიერ-მინისტრობისას იულია ტიმოშენკომაც ვერ შეძლო. ეს პორტი იყო ცალკე სახელმწიფო სახელმწიფოში. იქ არა მარტო ოფიციალური ტრანზიტი, არამედ შავი ბაზრის დამახასიათებელი ქმედებებიც ხორციელდება. ამიტომაც სააკაშვილმა შემთხვევით არ ახსენა, ქურდებმა პორტში დამინიშნეს შეხვედრაო. კრიმინალური ავტორიტეტები ოდესაში ყოველთვის საკმაოდ გავლენიან ძალად მიიჩნეოდნენ.

"გარდა ამისა, სააკაშვილის მისიაა კოლომოისკისთან დაპირისპირება. როგორც ჩანს, პოროშენკომ სააკაშვილი მისი უმთავრესი მტრის წინააღმდეგ მგეშავ ნაგაზად გამოიყენა. პოროშენკოს ბრძანებით, უკრაინის პროკურატურამ დაიწყო გამოკვლევა და სს საქმე აღძრა კოლომოისკის მიერ დაფინანსებული გასამხედროებული ფორმირება "აიდარის" მებრძოლების წინააღმდეგ. პოროშენკომ ამით კოლომოისკის ღია ომი გამოუცხადა. ფაქტობრივად, სააკაშვილი შიდაუკრაინულ ინტრიგებში ჩაერთო. რამდენადაც მე ვიცი, მას გართულებული ურთიერთობა ჰქონდა პრემიერ არსენ იაცენიუკთან, ასევ უკრაინის რადას თავმჯდომარე ვლადიმირ გროისმანთან. გროისმანმა სააკაშვლის ავანტიურისტიც კი უწოდა და თქვა, ქვეყანას დაღუპვამდე მიიყვანსო. ამდენად, სააკაშვილს იმდენად გაუფუჭდა ზოგიერთ უკრაინელ პოლიტიკოსთან ურთიერთობა, რომ იძულებული იყო პოროშენკოს ხელდასმის ბიჭი გამხდარიყო. მისი საყრდენი დღეს მხოლოდ პოროშენკოა და მანაც ეს მომენტი გამოიყენა - სააკაშვილი ურთულეს რეგიონში გადაისროლა და არა მარტო უკრაინულ შიდა ინტრიგებში ჩააბა, არამედ შიდა ომში, რომელიც, შესაძლოა, მალე დაიწყოს."

თავად კოლომოისკი დნეპროპეტროვსკიდანაა, სადაც უკრაინის სამრეწველო კომპლექსის დიდი ნაწილია თავმოყრილი. სწორედ მისი აქტიურობის შედეგად ამ რუსულენოვან რეგიონში პრორუსული ძალების აქტიურობა აღიკვეთა. ის დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი იყო, მაგრამ პოროშენკოსთან დაპირისპირების გამო ამ თანამდებობის დატოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, ის ამ ქალაქში დღესაც ძლიერ პოზიციას იკავებს და არა მარტო აქ. მისი ყოფილი ხელქვეითი იყო ოდესის გუბერნატორი ოგორ პალიცა, რომელიც სააკაშვილმა შეცვალა. გარდა ამისა კოლომოისკი აფინანსებს და ფაქტობრივად მართავს მოხალისეთა რამდენიმე ბატალიონს, "აიდარის" გარდა, ესენია "დნეპრი" და "შტურმი". მას მძლავრი პოლიტიკური მხარდაჭერაც აქვს, განსაკუთრებით ულტრა-მემარჯვენე ძალებისგან. მაგალითად, "მემარჯვენე სექტორის" მეთაური, დიმიტრი იაროში კოლომოისკის მოკავშირედ მიიჩნევა, რადიკალური პარტიის ლიდერი ოლეგ ლიაშკო კი ოლიგარქის მოკავშირე იყო, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მათ შორის ურთიერთობა გაფუჭდა, რასაც კოლომოისკის მიერ მართულ მედიაში ლიაშკოს წინააღმდეგ შავი პიარის კორიანტელი მოჰყვა.

 კოლომოისკის ქონება დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს შეადგენს და მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორობიდან გადადგა, ის დღესაც დნეპროპეტროვსკის მხარის არაფორმალური ლიდერია.

მაისაია ვარაუდობს, რომ თუ პოროშენკოსა და კოლომოისკის შორის ღია ომი დაიწყო, ეს ფაქტობრივად კიევსა და დნეპროპეტროვსკ-ხარკოვის მხარეებს შორის ომი იქნება.

"კოლომოისკის მთავარი კოზირი ის იყო, რომ მას ოდესის პორტში გარკვეული აქტივები აქვს და ოდესასაც აკონტროლებდა. პოროშენკომ პორტზე კონტროლის დამყარება და კოლომოისკის ჩაძირვა დაიწყო. სააკაშვილი ჩასვლის პირველივე დღეს პორტით დაინტერესდა. ამას კი კოლომოისკი არავის აპატიებს. სააკაშვილმა საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანა," - აღნიშნავს მაისაია.

გარდა ამ ორი ფაქტისა, მაისაიას თვალსაზრისით, სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა ემსახურებოდა იმას, რომ დნესტრისპირეთის მიმართულებით მოეხდინათ სიტუაციის გამკაცრება.

"ორი დღის წინ პრეზიდენტმა პოროშენკომ რუსეთის ფედერაციასთან დადებული ხელშეკრულება გააუქმა, რომელიც დნესტრისპირეთის ე.წ. რესპუბლიკაში რუსი სამშვიდობოებისათვის აღჭურვილობისა და გადაადგილების ტრანზიტს ეხებოდა. ამ სეპარატისტულ რეგიონთან ტრანზიტი მხოლოდ ოდესის პორტის მეშვეობოთ ხდებოდა," - დასძენს მაისაია.

როგორც კავკასიის საკითხებში ექსპერტი და "თავისუფალი ზონის" წევრი ალეკო კვახაძე ამბობს, ოდესის ოლქს სხვადასხვა ოლიგარქები და ქურდული დაჯგუფებები აკონტროლებენ. განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს შავი ზღვის უმსხვილესი ილიჩოვსკის პორტი, საიდანაც დიდი რაოდენობის ტვირთი გადადის. სწორედ აქ არის კოლომოისკის ინტერესი. ასევე იქ არის ოლიგარქი სერგეი კივალოვი და იქ არის საკმაოდ ძლიერად წარმოდგენილი ქურდული სამყარო. მათ შორის ქართული ქურდული დაჯგუფებაც. იატაკქვეშეთში მოქმედებენ პრორუსული დაჯგუფებები, ე.წ. "ბესარაბიული რესპუბლიკა", რომელიც გარკვეულ ლოჯისტიკურ დახმარებას დნესტრისპირეთიდან იღებს. დნესტრისპირეთიდან შემოდის კონტრაბანდა, დაახლოებით ისეთივე მასშტაბის, როგორც ჩვენთან ერგნეთის ბაზრობა იყო. სწორედ ეს ყველაფერი, ერთიანი კორუფციული ფონით არის მთავარი მიზეზი და ამოცანა, რის გამოც ამ ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილი დანიშნეს და ეს პოროშენკოს მხრიდან დიდ ნდობაზე მეტყველებს.

მისი თქმით, სააკაშვილს დავალება აქვს, რომ ოდესის ოლქში არასახელმწიფოებრივი წარმონაქმნების გავლენა შეამციროს და შესაბამისად, ოდესის ოლქის მნიშვნელობა გაზარდოს. მეორეს მხრივ, ამით დაჩრდილოს ყირიმი, რომელმაც სანქციების ფონზე ტვირთები დაკარგა. ჩანაფიქრია, რომ ყირიმისათვის დაკარგული ტვირთები ოდესის პორტმა უნდა მიიზიდოს. ოდესაში უკრაინული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებით რუსული ინტერესის გავრცელების პრევენცია მოხდება.

კვახაძეც ადასტურებს მას, რომ პორტის თემა და ასევე კოლომოისკის ჩაძირვა არის სააკაშვილისათვის მიცემული ამოცანების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ალეკო კვახაძე: "კოლომოისკი, რომელიც დნეტროპეტროვსკისა და რამდენიმე მიმდებარე ოლქში ფეოდალივითაა, პრორუსი არ არის. მან კონფლიქტის დაწყებისას უკრაინის სახელმწიფოს პოზიცია დაიჭირა და მისი აქტიური ჩარევის შედეგად სეპარატისტულმა დაჯგუფებებმა ვერ მოახერხეს თავისი გავლენის გაფართოება დნეპროპეტრივსკის მიმართულებით. მეტიც, კოლომოისკი აფინანსებდა და ახლაც აფინანსებს რადიკალურ უკრაინულ ნაციონალისტურ დაჯგუფება "მარჯვენა სექტორს", ასევე რუსებთან მებრძოლ შეირაღებულ დაჯგუფებებს, მაგრამ ის კონფლიქტში შევიდა პოროშენკოსთან სწორედ იმიტომ, რომ მას არ სურს ოლიგარქიული პოზიციები და მმართველობის სტილი დათმოს და გავლენა დაკარგოს, მათ შორის ოდესაშიც, განსაკუთრებით პორტზე.

"სწორედ პოროშენკოს მიერ გამოცხადებული დეოლიგარქიზაციის გამო დაუპირისპირდა კოლომოისკი უკრაინის პრეზიდენტს, ხოლო ამ შემთხვევაში სააკაშვილი შემსრულებელია და ამიტომაც დაპირისპირება მასზეც გადავიდა. როდესაც სააკაშვილი დაინიშნა გუბერნატორად, კოლომოისკიმ ეს შეტევად მიიღო და მის მიერ კონტროლორებად არხზე "1%1"-ზე სააკაშვილის წინააღმდეგ პროპაგანდისტული ფილმი გაუშვა. იმ ჩავარდნებსა და შეცდომებზე იყო აქცენტი გაკეთებული, რაც საქართველოში იყო. ერთ-ერთ წარუმატებლობად დასახელებული იყო აგვისტოს ომიც და პარალელი იყო გავლებული, იმდენად გამომწვევად იქცევა სააკაშვილი პუტინის წინააღმდეგ, რომ შესაძლოა, ოდესის ოლქშიც იგივე განმეორდესო."

კვახაძის თქმით, კოლომოისკი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს შავ პიარს, თუმცა რამდენად წარმატებული იქნება ეს ანტიპიარი, დამოკიდებულია იმაზე, როგორი წარმატებით განხორციელდება რეფორმები. თუ სააკაშვილი შეძლებს რეფორმების წარმატებით განხორციელებას, ეს კოლომოისკის გავლენას შეამცირებს. თუკი რეფორმები ჩავარდება, პირიქით, კოლომოისკის გავლენა გაძლიერდება. თუმცა, შეიარაღებულ დაპირისპირებას გამორიცხავს.

"არაფორმალური დაჯგუფებების ზოგიერთ წევრში არის მოსაზრება, რომ ჯერ კიევში მოაწყონ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ რაც დრო გადის, უკრაინის სახელმწიფოებრიობის განმტკიცება ხდება. ნელ-ნელა ასეთი დაჯგუფებების განიარაღება ან უკრაინულ ოფიციალურ ფორმირებებში ინკორპორირება ხდება და ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ რაიმე შეიარაღებული დაპირისპირება მოახდინოს. კოლომოისკისგანაც ეს გამორიცხულია, მას უფრო ბიზნესინტერესები აქვს. სავარაუდოდ, მისგან გაგრძელდება რადიკალური განცხადებები, დააფინანსებს ოპოზიციურ მოძრაობებს, იგივე მედიის მეშვეობით ეცდება ბრძოლას, მაგრამ რადიკალური ნაბიჯები მისგან ნაკლებად სავარაუდოა. სხვადასხვა დივერსიები, სხვადასხვა ტერაქტები რუსული სპეცსამსახურების მხრიდან არის მოსალოდნელი. თუნდაც იმ ფონზე, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ცალმხრივად გაწყვიტა ხელშეკრულება რუსეთთან და უკრაინის ტერიტორიის მეშვეობით დნესტრისპირეთის შეიარაღებით მომარაგებაზე უარი თქვა, ამან კიდევ უფრო შეიძლება გაამწაროს რუსეთი და სცადოს გარკვეულწილად სიტუაციის დაძაბვა," - ამბობს კვახაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ სააკაშვილი ოდესაში წარმატებას მიაღწევს.

წარმატებული რეფორმების პერსპექტივას გამორიცხავს ვახტანგ მაისაია. მისი განცხადებით, ეს მხოლოდ "ნაციონალების" პიარ ტექნოლოგიაა, სააკაშვილი კი ძალიან სახიფათო თამაშშია ჩაბმული, რომელშიც გამარჯვება არ უწერია.

"ოდესაში ის ვერც წესრიგს დაამყარებს და ვერც კორუფციას აღმოფხვრის. უკრაინაში რაც ხდება, ეს ნიუანსები ქართულ მედიაში არ ვრცელდება. მაშინაც კი, როდესაც უკრაინა ძლიერი სახელმწიფო იყო, ოდესა ქალაქ-მხარედ რჩებოდა, რომელსაც განსაკუთრებული მართვის ფორმა ჰქონდა და ცენტრალური ხელისუფლება ნაკლებად ერეოდა. კოლომოისკის დიდი ავტორიტეტი და ძლიერი პოზიციები აქვს და ამ კონტექსტში ბალანსი უკვე დარღვეულია. ოდესელებს არ მოსწონთ, რომ მათ მართვაში ცენტრალური ხელისუფლება უხეშად ერევა და ცენტრალური მართვა მოახვიეს თავს. ასე რომ, დაპირისპირების შემთხვევაში, რომელიც უვე აშკარად დაწყებულია, კოლომოისკის ბევრი მომხრე ჰყავს და ეყოლება. მით უმეტეს, რომ სააკაშვილმა რეპრესიები უკვე დაიწყო და ამას ოდესაში არ შეეგუებიან. ოდესაში სააკაშვილს ნაწილი დადებითად შეხვდა, ნაწილი - ეჭვით და რაღაც ნაწილი - ცუდად. ოდესელებმა რბილი პროტესტი უკვე გამოხატეს და ჰალსტუხები დაუკიდეს. ოდესაში ყველამ იცის, რომ სააკაშვილი იქ კოლომოისკისთან საბრძოლველად დაინიშნა და სააკაშვილისათვის ოდესა ბოლო ბასტიონია - თუ გაიმარჯვებს, ჰო, კარგი, თუ არა და ადვილად გასაწირია პოროშენკოსთვის," - ამბობს მაისაია.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×