სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    05.12.2017

     აშშ საკუთარი არმიის წვრთნაში უკრაინა-რუსეთის ომის გამოცდილებას გამოიყენებს. ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რაზეც ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აშშ საქართველო-რუსეთის ომის გამოცდილებითაც დაინტერესებულია და თავის დროზე ეს საკითხი სამხედრო სასწავლო კურსშიც შეიტანა.

    ევროპაში აშშ-ის ჯარების მეთაურ ბენ ჰოჯესის თქმით, აშშ-მ ძალიან ბევრი რამ შეიტყო იმ უკრაინელი ჯარისკაცებისგან, რომლებიც რუსული ძალების, თვითმფრინავებისა და რაკეტების წინააღმდეგ იბრძოდნენ. როგორც ამერიკელმა გენერალმა აღნიშნა, ეს გამოცდილება არამარტო დასაფასებელია, არამედ ყველა წამყვანმა სახელმწიფომ საკუთარ სამხედრო საგანმანათლებლო სისტემაში უნდა დანერგოს და რუსეთთან საბრძოლველად გამოიყენოს.

    "ამ გამოცდილებას ჩვენ არამარტო ვაფასებთ, არამედ მიგვაჩნია, რომ ყველა მოკავშირემ საკუთარ საგანმანათლებლო სისტემაში უნდა დანერგოს. უკრაინული გამოცდილება გვეუბნება, რომ როდესაც რუსული არტილერია გაეცნობა შენს ერთეულს და სამოქმედო გეგმას, ის სწორედ მაშინ "მოფრინდება", - განაცხადა ჰოჯესმა.

    ევროპაში აშშ-ის ძალების მეთაური მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ახალი შეჭრის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა იმის დემონსტრირებაა, რომ უკრაინა ასეთი სცენარისთვის მზად არის და მას წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

    ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ აშშ არამარტო უკრაინის, არამედ საქართველოს გამოცდილებითაც დაინტერესებულია.

    "მე ვფიქრობ, აშშ-ს საქართველო-რუსეთისა და უკრაინა-რუსეთის ომის ორივე მაგალითი გამოადგება. ამერიკელებმა უკვე გამოიტანეს დასკვნები და სამხედრო სასწავლებლებში ასწვლიან კიდეც საქართველო-რუსეთის ომის შედეგებს.

    "რაც შეეხება უკრაინის შემთხვევას, ეს არის ჰიბრიდული ომის თეორია, რომელიც ევროპის ბევრ სახელმწიფოში იკითხება და ამ კურსს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთ კურსს მეც ვკითხულობდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იგი ძალიან აქტუალური გამოსაყენებელია", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

    როგორც სამხედრო ექსპერტი აღნიშნავს, რუსეთთან ბრძოლის საკითხი დღეს ძალიან აქტუალურია და, სავარაუდოდ, გამოცდილების გაზიარების მიზნით აშშ-საქართველოს სამხედრო ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

    "ამ მიმართულებით ალბათ საქართველო-აშშ-ს შორის სამხედრო ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგანაც ამერიკელებს აინტერესებთ ჩვენი გამოცდილება. თავის დროზე სწორედ მათი თაოსნობით მოხდა იმ გაკვეთილების დანერგვა, რომელსაც საქართველოს გენშტაბის უფროსის მაშინელი მოადგილე ბატკუაშვილი ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, ის ამის გამო მიხეილ სააკაშვილის დავალებით დააპატიმრეს და დასაჯეს. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ პროტესტიც გამოთქვა.

    "თუ წინა რეჟიმი ამას მალავდა და აღნიშნული "გამოცდილების" გაზიარება ამერიკული მხარისთვის არ უნდოდა, ეს საკითხი ახლა ძალიან აქტუალურია და, წესით, ამერიკელები აუცილებლად გაითვალისწინებენ ბრძოლის იმ მეთოდებს, რომელიც რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter