სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    09.01.2018

     მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი 3-წლიანი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ უფრო გაძლიერდა მოლოდინი, რომ მეორე ნაბიჯი ექსპრეზიდენტის თბილისში ექსტრადირებისთვის კიევში შესაბამისი პროცედურების დაწყება იქნება.

    განცხადებები უკვე კეთდება თბილისშიც და უკრაინაშიც. უკრაინის პროკურატურამ განაცხადა, რომ თბილისის სასამართლოს განაჩენი შეიძლება განიხილოს როგორც სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საფუძველი. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გიორგაძეც ამბობს, რომ თბილისი კიევის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

    "საქართველოს პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რომ ნებისმიერი პირი, ვისაც საქართველოში აქვს ჩადენილი დანაშაული, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებთან გაგზავნილია შუამდგომლობები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ და ახლა უკრაინის კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა მისი საქართველოში ექსტრადირება", - აცხადებს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გიორგი გიორგაძე.

    ოპოზიციისა და იურისტების ნაწილი აცხადებს, რომ ექსტრადირების პროცედურის დაწყება უკრაინის პროკურატურის მხრიდან პოლიტიკური დევნის ეჭვს კიდევ უფრო გააძლიერებს. თავად მიხეილ სააკაშვილი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება პეტრო პოროშენკომ და ბიძინა ივანიშვილმა ერთად დაგეგმეს, ამიტომაც ჩამოართვეს მას უკრაინის მოქალაქეობა. თუმცა ასევე ამბობს, რომ ივანიშვილი თავს იკავებს საქართველოში მისი ექსტრადირებისაგან, იმიტომ რომ იცის, საკანში ჩუმად არ დაჯდება და ივანიშვილის ხელისუფლების წასვლას დააჩქარებს.

    "ღვთის გულისათვის, მე ხომ თანამედროვე საქართველოს ფუძემდებელი ვარ. საქართველოს მოსახლეობაში, სამართალდამცავებსა და შეიარაღებულ ძალებში დიდი მხარდაჭერა მაქვს. თუ საქართველოში ჩემი ექსტრადიცია მოხდა, ყველას მოვუწოდებ ივანიშვილის მთავრობის მოშორებისკენ. მე ამას გავაკეთებ. ამას ღიად ვამბობ. ყველაფერს მშვიდობიანად გავაკეთებ, მაგრამ გავაკეთებ," - აცხადებს სააკაშვილი.

    მოხდება თუ არა სააკაშვილის ექსტრადიცია, ეს უცნობია, ამისთვის ჯერ უკრაინაში შესაბამისი სამართლებრივი პროცესი არ დაწყებულა. ექსპერტების მტკიცებით, დიდია ალბათობა, რომ ექსტრადიცია მოხდეს, რადგან ეს ყველაზე მეტად ხელს უკრაინის ხელისუფლებას აძლევს, რადგან სააკაშვილის საქართველოსთვის გადაცემით უკრაინის პოლიტიკური პროცესებიდან მის ჩამოშორებას შეძლებს.

    თუმცა, ასევე ექსპერტების ვარაუდია, რომ თბილისის ინტერესში სულაც არ შედის სააკაშვილის ქართულ ციხეში ჯდომა, რადგან ეს "ოცნების" ხელისუფლების "თავის ტკივილად" იქცევა, როგორც ქვეყნის შიგნით მისი მხარდამჭერების შესაძლო გააქტიურების, ისე დასავლეთში ნეგატიური გამოხმაურებების გამო.

    საქართველოს ყოფილ პრეზიდეტს 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით და სწორედ ამის შემდეგ აქტიურად განახლდა მისი საქართველოში ექსტრადირების შესაძლებლობაზე საუბარი უკვე მერამდენედ.

    რუსული მედია წერს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის პროცესი უკვე რეალურია და შეიძლება, ის 3 თვემდე ვადაშიც მოხდეს. როგორც რუსი საერთაშორისო და სამოქალაქო სამართლის ექსპერტი მარია იარმუში ამბობს, კიევის ხელისუფლება სააკაშვილის ექსტრადიციის შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს და ამით დააკმაყოფილებს საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამის მოთხოვნას.

    მისი თქმით, სააკაშვილს აქვს უფლება, აიყვანოს ადვოკატი იმის დასამტკიცებლად, რომ ექსტრადიციის განხორციელება არ შეიძლება და ადვოკატს შეუძლია მიუთითოს, რომ საქართველო სისხლისსამართლებრივ დევნას იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკური მიზნებით გაუსწორდეს ყოფილ პრეზიდენტს, ასევე შეუძლია მიუთითოს, რომ სააკაშვილი მოხვდება ციხეში, სადაც მასზე მოხდება ზეწოლა და რეპრესიები.

    იურისტ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, თუკი უკრაინამ საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო, ის, დიდი ალბათობით, შეიძლება, 1 წლამდეც კი გაიწელოს.

    გელა ნიკოლაიშვილი: "სააკაშვილის განაჩენსა და ექსტრადიციის დაჩქარებას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს, რადგან განაჩენი იქნება თუ მხოლოდ ბრალი წაყენებული, ექსტრადირებისას განსხვავება არ არის. თუ ექსტრადირების პროცედურები დაიწყება, ამას მინიმუმ თვეები, შესაძლოა, 1 წელიც კი დასჭირდეს, რადგან ეს შემდეგ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრდება.

    "საერთოდ, სააკაშვილის ექსტრადირება მოხდება, დეპორტირება თუ არც ერთი არ მოხდება, მგონია, რომ ეს არც უკრაინის და არც საქართველოს ხელისუფლებებზე არ არის დამოკიდებული. ამას გაცილებით დიდი მასშტაბის საერთაშორისო დონის მოთამაშეები წყვეტენ, ის გავლენიანი წრეები, რომელთა მეცადინეობითაც ის თავის დროზე უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე მოხვდა, გუბერნატორად დაინიშნა და რომელთა მეშვეობითაც პასპორტის გარეშე თავისუფლად გადაადგილდება სხვადასხვა ქვეყანაში.

    "ვთვლი, რომ ამ გავლენიანი ძალების გადაწყვეტილება იქნება განმსაზღვრელი მისი ექსტრადირების თუ დეპორტირების საკითხში. პირადად მე უახლოეს ხანში სააკაშვილის ექსტრადირებას არ ველოდები".

    ნიკოლაიშვილის თქმით, უკრაინას, რა თქმა უნდა, აწყობს, რომ სააკაშვილი მოიშოროს და გადმოსცეს საქართველოს: "ის უკრაინის ხელისუფლებისთვის თავის ტკივილია, მაგრამ რამდენად გაბედავენ ექსტრადირებას, ეს სხვა, გარეშე გავლენიან ძალებზეა დამოკიდებული".

    მისი თქმით, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებას ხელს არ აძლევს სააკაშვილის ექსტრადირება, რადგან ასეთ შემთხვევაში ის უკვე "საქართველოს ხელისუფლების თავის ტკივილად იქცევა". თუმცა დასძენს, რომ "სააკაშვილი იმის ნახევარ საფრთხესაც არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაც არის უკრაინის ხელისუფლებისთვის, ციხეში იქნება თუ გარეთ, რადგან მას უკრაინაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს".

    ნიკოლაიშვილის თქმით, ასევე შესაძლოა, ექსპრეზიდენტის არა ექსტრადირება, არამედ მისი დეპორტაცია მოხდეს.

    "თუ დეპორტაცია მოხდება, დიდი ალბათობაა, დეპორტაცია ჰოლანდიაში მოხდეს, რადგან, როგორც ჩანს, მას ჰოლანდიის პასპორტი უკვე აქვს,"- აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved