სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აშშ-სა და რუსეთს შორის ახლა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიების "გამალებული შეჯიბრი" დაიწყო
    ეკატერინე ბასილაია
    03.03.2018

     აშშ-სა და რუსეთს შორის შეიარაღების რბოლაში ახლა უკვე თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიებით გამალებული შეჯიბრი დაიწყო. თამასა ჰიპერბგერით ტექნოლოგიებზე გადის: ვინ შეძლებს პირველი ჰიპერბგერითი იარაღის შექმნას - რუსეთი თუ აშშ.

    რუსეთში ირწმუნებიან, რომ ასეთი იარაღი უკვე აქვთ, თუმცა ამის დამადასტურებლად, კომპიუტერული თამაშიდან აღებული კადრების გარდა, ოფიციალურ მოსკოვს ჯერ არაფერი წარმოუდგენია. პენტაგონი აანონსებს, რომ ჰიპერბგერითი იარაღის გამოცდას იწყებს 2019 წელს და საუბარია იმაზე, რომ ეს არის ყველაზე სწრაფი იარაღი, რომელსაც შეუძლია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთ საათზე ნაკლებ დროში მისწვდეს ნებისმიერ სამიზნეს.

    ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე კი რუსეთის პრეზიდენტმა დუმის დეპუტატებთან რუსეთის "სამხედრო უძლეველობის" საჩვენებლად დიდ ეკრანზე რუსული შეიარაღების ახალი პროექტების დემონსტრირება დაიწყო - ბირთვულ ძრავზე მომუშავე განუსაზღვრელი მოქმედების რადიუსის ფრთოსანი რაკეტები; დისტანციურად მართვადი წყალქვეშა აპარატები, რომლებიც წყალქვეშა ნავებსა და გემებზე გაცილებით მაღალ სიჩქარეს ავითარებს; ჰიპერბგერითი კომპლექსები და საბრძოლო ლაზერი, რომელიც, პუტინის თქმით, 2017 წლიდან უკვე რუსეთის არმიის შეიარაღებაშია, "ასეთი ჯერ არავის აქვს" და "ეს ყველაფერი პოტენციურ აგრესორს გამოაფხიზლებს".დასავლური მედიის შეფასებით, პუტინის ეს წინასაარჩევნო განცხადება იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ახალი "გამალებული შეიარაღება" უკვე ოფიციალურად დაიწყო.

    შეგახსენებთ, რომ 18 მარტს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. აქედან გამომდინარე, პუტინის განცხადებას ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი პიარსვლად უფრო მიიჩნევს, ვიდრე რეალური ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირებად.

    პუტინის გამოსვლის პარალელურად, ეკრანზე გამართულ ჩვენებას სამხედრო ექსპერტების ნაწილში ერთგვარი ქილიკიც მოჰყვა. ითქვა, რომ ეკრანზე ნაჩვენები რაკეტების გამოცდის ე.წ. "რეალური მოქმედების კადრები" ინტერნეტ თამაშიდან იყო აღებული და არ ყოფილა რეალური ტესტირება. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, პუტინის ეს ჩვენება იყო ძალის დემონსტრირება და მუქარა აშშ-სადმი, "პოტენციურ აგრესორში" კი რუსეთის პრეზიდენტმა სწორედ ვაშინგტონი იგულისხმა.

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისიას თქმით, ჰიპერბგერითი იარაღის უპირატესობა ისაა, რომ იგი ყველაზე სწრაფია, აქვს ყველაზე მაქსიმალური დაფარვის ზონა და ავიაგამანადგურებლებში ბოლო თაობის, მე-6 თაობის იარაღია.

    "ყველამ ვიცით, რომ 18 მარტს რუსეთში არჩევნებია და პუტინის მთელი ეს თავის მოწონება წინასაარჩევნო პიარის მაგალითი იყო. უნდა ითქვას, რომ რუსეთს ბირთვულ ქობინებში უპირატესობა აქვს, მაგრამ სტრატეგიული შეიარაღების მატარებლებში, სამხედრო თვითმფრინავებში, სახმელეთო ბალისტიკურ რაკეტებსა და საზღვაო დანიშნულების რაკეტებში ამერიკელები უსწრებენ. ახლა კი უკვე ახალ სამხედრო ტექნოლოგიებში რბოლა დაიწყო, თუ ვინ შეიმუშავებს მე-6-7 თაობის შეიარაღების მოდელებს; ვინ გამოუშვებს ჰიპერბგერითი ტიპის შეიარაღებას, რომელიც იმუშავებს ბირთვულ ძრავაზე," - ამბობს მაისაია.

    პენტაგონი უკვე გამოვიდა განცხადებით, რომ აწარმოებს სამუშაოებს ჰიპერბგერითი ტექნოლოგიის სფეროში და ამ ტიპის იარაღის საცდელი გამოცდა 2019 წელს დაიწყება.

    "ჩვენ გვესმის, რომ შეჯიბრში ვართ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არიან რუსეთი და ჩინეთი," - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დაწინაურებული პროექტების სააგენტოს ხელმძღვანელმა სტივენ უოკერმა. მან აღნიშნა, რომ ჰიპერბგერითი იარაღის შექმნისთვის, უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს მისი უწყება ნასა-სთან და აშშ-ის საბრძოლო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალებთან ერთად. ეს პროექტი არის პრიორიტეტული და მისმა დეპარტამენტმა უკვე მოითხოვა ბიუჯეტის გაზრდა კვლევის ამ სფეროში.

    ჰიპერბგერითი იარაღის მონაცემებში დეკლარირებულია, რომ ის, პოტენციურად, ყველაზე სწრაფი გლობალური დარტყმის იარაღად მიიჩნევა, რომელიც აღჭურვილია ბირვული ძრავით და შეეძლება, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს მისწვდეს გაშვებიდან 1 საათზე ნაკლებ დროში, მიზანში მოხვედრის ცდომილება კი 10 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.

    აშშ-ში ასევე გამოეხმაურნენ 1-ელ მარტს ფედერალურ კრებაზე ვლადიმირ პუტინის თავმოწონებას რუსეთის ახალი სარაკეტო შეიარაღებით და ამით ერთგვარ მუქარას, რომ რუსულ არმიას ვერავინ დაამარცხებს.

    პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსული შეიარაღების შესახებ პუტინის განცხადებებით "გაკვირვებული არ არიან" და "ამერიკელ ხალხს შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ პენტაგონი სრულყოფილად მომზადებულია ქვეყნის დასაცავად".

    აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დანა უაითმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადების გამო აშშ არ შეიტანს ცვლილებებს 3 თებერვალს გამოქვეყნებულ ახალ ბირთვულ დოქტრინაში და ბირთვული შეიარაღების მოდერნიზება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან აშშ შეშფოთებულია რუსეთის ბირთვული პოტენციალის გაზრდით.

    ცნობისათვის, 1-ელ მარტს რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა რუსეთის დუმის მიმართ უპრეცედენტო საომარი რიტორიკით იყო გამორჩეული. არჩევნებამდე 17 დღით ადრე ვლადიმირ პუტინმა საგამოფენო-სავაჭრო ცენტრ "მანეჟში" დეპუტატების, მთავრობის წევრების, საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების ფართო წრეში დიდი ჩვენება გამართა, სადაც დროის თითქმის ნახევარი აშშ-ზე საუბარს დაუთმო. აღნიშნა, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შესახებ ხელშეკრულება დაარღვია აშშ-მა, რასაც რუსეთმა ახალი შეიარაღების, ბალისტიკური რაკეტებისა და მრავალფუნქციური კომპლექსების შექმნით გასცა პასუხი და ეკრანზე რუსული შეიარაღების ახალი პროექტების დემონსტრირება დაიწყო ვიდეორგოლებითა თუ ფოტოებით, სადაც ძირითადად მხოლოდ გრაფიკული მოდელები იყო წარმოდგენილი.

    პუტინმა ეკრანზე წარმოადგინა მძლავრი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა "სარმატი" და თქვა, რომ იგი გამოცდას გადის და სამომავლოდ ბირთვული ქობინებითაც აღიჭურვება. ასევე, ზებგერითი იარაღის ვიდეოდემონსტრირებაც მოაწყო და თქვა, რომ "რუსეთსაც აქვს ზებგერითი იარაღი და ის იდეალურია". შემდეგ ისაუბრა მრავალარხიანი საზღვაო ბაზირების საზენიტო-სარაკეტო სისტემა "კინჯალზე" ("ხანჯალი"), რომლის გამოყენებაც ყველანაირი ამინდის პირობებშია შესაძლებელი. ატმოსფეროს ზედა ფენებში მანევრირებადი იარაღიც წარმოადგინა, რომლის პირობითი სახელი "ავანგარდია".

    "იმედი მაქვს, რომ ყველაფერი, რაც ახლა ვთქვი, პოტენციურ აგრესორს გამოაფხიზლებს," - ამ სიტყვებით დაასრულა რუსეთის შეიარაღებაზე საუბარი პუტინმა.

    ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გამალებული შეიარაღების რბოლა უკვე დაწყებულია.

    "რუსეთმა უკვე ღიად გახსნა ფრონტი და თუკი აქამდე ამბობდა, რომ ის შეიარაღების რბოლაში არ იყო ჩართული, გუშინ, პირიქით, დაადასტურა, რომ ეს ასეა და ხელთათმანი გადაუგდო აშშ-ს. პუტინმა უახლესი ტიპის შეიარაღების დემონსტრირება მოაწყო. ზოგი ამბობს, რომ ეს ბლეფია, თუმცა გადაჭარბება სჩვევიათ სხვა ქვეყნებსაც. რუსეთიც და ამერიკაც ახლა იწყებს უახლესი ტექნოლოგიების ტესტირებას," - ამბობს მაისაია.

    მისი თქმით, ახალი ტექნოლოგიების რბოლაა დაწყებული აშშ-რუსეთს შორის და ვინ უსწრებს და რამდენით, რთული სათქმელია, რადგან ეს პოკერით თამაშს ჰგავს, სადაც ორივე მხარე ცდილობს, იბლეფოს.

    "აშშ არ ელოდა რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან ასეთ გამოწვევას და ობამას პერიოდში, სამწუხაროდ, ახალი სამხედრო ტექნოლოგიები დააკონსერვეს მაშინ, როდესაც ჯორჯ ბუშმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში ახალი ტექნოლოგიები შემოიტანა, მაგრამ შემდეგ წინ არ წასულან. ახლა კი ახალი ბირთვული შეიარაღების რბოლა დაიწყო, რომელიც უკავშირდება ახალ ტექნოლოგიებს, უკავშირდება სტრატეგიული შეიარაღების მოდერნიზაციას," - დასძენს მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ჩარჩენილებს20ში   (03.03.2018)
    თქვენც ისეთ ანალიზს გააკეთებთ ხელისმომწერების რიგი გიდგათ..თუ სხვაგან ვერ ვიპოვით მსგავსს..თქვენც ნატო არ გაწვდიდეთ ინფოს:))))


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved