სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    10.03.2018

     ბოლო 3 თვეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მოსახლეობის მხოლოდ 57,1% აპირებს არჩევნებზე პუტინისთვის ხმის მიცემას. ეს მაშინ, როცა იანვარში რუსეთის პირველი პირის რეიტინგი 70%-მდე აღწევდა.

    ცენტრის დირექტორ ვალერი ფედროვის განცხადებით, საახალწლოდ პუტინის რეიტინგი გაუმჯობესებელი იყო, თუმცა თებერვალში მოულოდნელად ვარდნა დაიწყო.

    აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 18-20 დეკემბრის გამოკითხვის დროს იყო - 76.8%, იანვარში - 69.9% თებერვალში კი 12%-ით შემცირდა და რუსეთის პირველი პირის რეიტინგმა 57,1% შეადგინა.

    ამავე გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატთა ლიდერთა სამეული უცვლელია. პუტინთან ერთად, სამეულში შედიან რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გუდინინი 7.2%-ით და რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ვლადიმირ ჟირინოვსკი 5.9%-ით. ქსენია სობჩაკისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა 1.2% აპირებს.

    არჩევნებში მონაწილეობას გამოკითხულთა 71% გეგმავს.

    ცნობისთვის, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა. მას არაკომერციული ორგანიზაციის სტატუსი აქვს, თუმცა კვლევას ძირითადად პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ატარებს. დამოუკიდებელი "ლევადა-ცენტრი" კი საპრეზიდენტო კამპანიის მონაცემებს არ გამოაქვეყნებს, რადგან 2016 წელს, დუმის არჩევნების დროს, ის "უცხოელ აგენტად" იქნა მიჩნეული. საარჩევნო კანონის თანახმად კი, "უცხოელ აგენტს" არჩევნებსა და რეფერენდუმებში მონაწილეობა ეკრძალება, მათ შორის სოციოლოგიური გამოკითხვებისა და კანდიდატთა რეიტინგების პუბლიკაციაც.

    შეგახსენებთ, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა ოპოზიციონერ ალეკსეი ნავალნის, რომელიც პუტინის ყველაზე მნიშვნელოვან კონკურენტად მოიაზრებოდა.

    პუტინის შტაბში რეიტინგის დაცემას არ ადასტურებენ. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი მიიჩნევს, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან 18 მარტის არჩევნებში ნებისმიერ შემთხვევაში კვლავ პუტინი გაიმარჯვებს.

    "რეიტინგის დაცემის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ერთ-ერთი არის ის, რომ პუტინის მიმართვამ, სამხედრო თამაშებმა და მუქარამ მოლოდინი არ გაამართლა. უფრო მეტიც, შეიძლება ამან მაყურებელი დააფრთხო კიდეც. ერთია ჩინოვნიკების აპლოდისმენტები და მეორეა საზოგადოების განწყობა.

    "გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ, ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, საშუალო კლასი გაიზარდა, რომელიც, ზოგიერთი მონაცემით, 20 მილიონს აღწევს. ისინი პუტინის ამომრჩევლები არ არიან. მათ სულ არ იტაცებთ ახალი ცივი ომი და შეიარაღებაში დახარჯული მთელი ბიუჯეტი. ნავალნის უკანასკნელმა ბრძოლამაც კორუფციის წინააღმდეგ შედეგი გამოიღო. რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგის ვარდნა ახალგაზრდების ხარჯზე ხდება", - უთხრა "რეზონანსს" ცინცაძემ.

    მისივე თქმით, ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს და 18 მარტის არჩევნები პუტინის გამარჯვებით დასრულდება.

    "ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს. შეიძლება 70 და 80 პროცენტი ვერ აიღოს, თუმცა რასაც აიღებს, მისთვის საკმარისი იქნება. ასე რომ, რეიტინგის დაცემას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ამას მნიშვნელობა ექნება მომავალი 6 წლისთვის. ამ არჩევნებზე კი იგი, პრაქტიკულად, უკონკურენტოა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო მისთვის კონკურენციის გაწევა, ნავალნი იყო, თუმცა იგი არ დაუშვეს არჩევნებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლს მისი შეეშინდა.

    "არჩევნებზე ჟირინოვსკი და კომუნისტი მუშათა კლასის წარმომადგენელი დაუშვეს, რომელსაც 24 ანგარიში აღმოაჩნდა, მათ შორის ერთი ოქროს ანგარიში შვეიცარიის ბანკში. არჩევნებში ასევე მონაწილეობს კარიკატურა ქსენია სობჩაკი, რომელსაც სერიოზულად არავინ აღიქვამს. კიდევ რამდენიმე ადამიანია, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ.

    "ასე რომ, ეს რეიტინგის დაცემა არაფერს ნიშნავს. უბრალოდ, ეს არის ტენდენცია და ძალებს მომავალ 6 წელიწადში მოიკრებს", - გვითხრა ცინცაძემ.

    რუსეთის პირველი პირის რეიტინგის დაცემას გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ არა აქვს და 18 მარტის არჩევნებზე უკვე მეოთხედ ისევ პუტინი გაიმარჯვებს, ამას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც ეთანხმება.

    "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პუტინის რეიტინგს. იქ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია და ყალბი იმედის შექმნას არ დავიწყებდი.

    "ახალგაზრდებში პუტინი საკმაოდ არაპოპულარულია. გარდა ამისა, თებერვალი იყო სტაგნაციის პერიოდი, მაგრამ ამის შემდეგ ვნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები ე.წ. იარაღთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, მან შეძლო, მარტის დასაწყისში გაეღვიძებინა რუსული სიამაყე, რა დანაკარგიც ჰქონდა, მარტის დასაწყისში აღიდგინა. ასე რომ, პუტინი გაიმარჯვებს, ეს უდავოა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, მის პირობებში როგორ მოვერიოთ პრობლემებს და არ გვქონდეს ილუზია, რომ შეიძლება მან არჩევნები წააგოს", - უთხრა "რეზონანსს" ხუხაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved