სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტრამპი რუსულ ობიექტებზე დარტყმას უჭერდა მხარს
    ნინო ქეთელაური
    17.04.2018

     სირიაზე სარაკეტო შეტევის დაწყებამდე პენტაგონი სირიის ტერიტორიაზე არსებულ რუსულ და ირანულ სამხედრო ობიექტებზე შეტევის შესაძლებლობასაც განიხილავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "უოლ სთრით ჯურნალი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მატისმა ამერიკელ ლიდერებს შეტევის სამი ვერსია შესთავაზა, რომელთაგან ყველაზე კონსერვატიული იმ ობიექტებზე შეტევა იყო, სადაც ქიმიური იარაღის წარმოებაზე არსებობდა ეჭვი.

    მეორე სცენარის მიხედვით, სარაკეტო დარტყმები უნდა განეხორციელებინათ სირიის სამხედრო ბაზებზეც, ხოლო მესამე, ყველაზე რადიკალური ვერსია იყო დარტყმა უშუალოდ რუსულ ობიქტებზე, რაც, ამერიკელი ლიდერების ნაწილის ვარაუდით, შეასუსტებდა სირიის რეჟიმის სამხედრო პოტენციალს.

    როგორც გამოცემა წერს, თავად ტრამპი მესამე სცენარს უჭერდა მხარს. აშშ-ის პრეზიდენტის მოსაზრებით, თუ ეს საჭირო იქნებოდა სირიის რეჟიმის სამხედრო ტექნიკის გასანადგურებლად, დარტყმა უნდა განხორციელებულიყო ირანულ და რუსულ სამხედრო ობიექტებზე.

    გამოცემის ინფორმაცით, ამ ვერსიას შეეწინააღმდეგა პენტაგონის ხელმძღვანელი ჯეიმს მატისი, რადგან, მისი აზრით, ეს საფრთხის შემცველია რუსეთის შესაძლო საპასუხო ქმედებიდან გამომდინარე. საბოლოოდ აშშ-ის პრეზიდენტი შეტევის ჰიბრიდულ ვერსიას დათანხმდა, რომლის მიხედვითაც, სირიაში 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

    საერთაშორისო კოალიციამ - აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიის სამთავრობო ძალები 14 აპრილს გამთენიისას დაბომბეს. კონკრეტულად, სამიზნე სირიის ქიმიური იარაღის პროგრამაზე მომუშავე ობიექტი გახდა. დამასკოს მახლობლად მდებარე ქიმიური იარაღის მწარმოებელი სამეცნიერო ცენტრი 76 რაკეტით, მათ შორის 57 ტომაჰავკით გაანადგურეს.

    პენტაგონის მტკიცებით, წარმატებული იყო იერიშები ჰომსის რაიონში მდებარე ქიმიური იარაღის ორ საწყობსა და სამეთაურო პუნქტებზეც. ასევე დაიბომბა აეროპორტები დამასკოსა და აღმოსავლეთ გუტაში.

    როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა აღნიშნა, ობიექტის შერჩევა ისე მოხდა, რომ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მინიმალური ყოფილიყო. პენტაგონის განცხადებით, "რაკეტებმა წარმატებით გაანადგურეს თითოეული შერჩეული სამიზნე".

    მოკავშირეების თქმით, ეს იყო პასუხი სირიის ხელისუფლების ქმედებაზე, რომელიც 7 აპრილს მშვიდობიან მოსახლეობას ქიმიური იარაღით თავს დაესხა და ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

    ოპერაციის შემდეგ ტრამპმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს, ხოლო ოპერაცია "იდეალურად შესრულებულ დარტყმად" შეაფასა. "უკეთესი შედეგი არც შეიძლება ყოფილიყო. მისია შესრულებულია!" - დაწერა ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved