სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    10.05.2018

     სომხეთში ახალი პრემიერის არჩევის შემდეგ სულ უფრო აქტუალური ხდება, შეძლებს თუ არა ქვეყანა საგარეო ვექტორის შეცვლას და რუსეთის პოლიტიკური გავლენიდან თავის დაღწევას. მით უმეტეს, რომ ნიკოლ ფაშინიანის მთელი წინასაარჩევნო კამპანია ევროპასთან დაახლოებასა და რუსული გავლენისგან გათავისუფლებაზე იყო აგებული.

    ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სომხეთი რუსეთის ფედერაციაზე სასიცოცხლოდაა დამოკიდებული, ამიტომ ამ ვითარებაში, ახალ პრემიერს ძალიან გაუჭირდება ევროპული გეზის აღება. ამასთან, მთიანი ყარაბაღის თემა რუსეთისთვის ის ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტია, რომელსაც აუცილებლად აამუშავებს.

    მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ევროპასთან დაახლოება სომეხი ერის არჩევანია, ამიტომ ამას წინ ვერაფერი დაუდგება. თვითონ რუსეთის ფედერაციაში იმედოვნებენ, რომ სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა და თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

    თუმცა, ზოგიერთი რუსი პოლიტოლოგი აცხადებს, რომ "სომხეთის არსებობა რუსეთის დამსახურებაა", რომელმაც ის "საკუთარი სისხლის, ეკონომიკისა და ჯარის ხარჯზე გადაარჩინა. ამიტომ, რუსეთის პოლიტიკური გავლენიდან გასვლა მისთვის დამღუპველი იქნება და "სომხეთი მსოფლიოში არავის სჭირდება, გარდა რუსეთისა".

    პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის ვარაუდით, თეორიულად შეასაძლებელია, რომ სომხეთმა საგარეო პოლიტიკის ვექტორი შეცვალოს, მაგრამ რუსეთის გავლენიდან თავის დაღწევა ბევრი მიზეზით გაუჭირდება. მისი თქმით, ამ ვითარებაში რუსეთისთვის მთავარ ბერკეტს მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს.

    "სომხეთი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე, თუნდაც, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზისით. კერძოდ, სომხეთისთვის რუსეთი წარმოადგენს ყარაბარაღის ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან კონტროლის შენარჩუნების ერთ-ერთ მთავარ ძალას.

    "შესაბამისად, სომხეთის საგარეო ვექტორი დასავლეთისკენ რომ გადაიხაროს, აზერბაიჯანის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში, რუსეთი თვალს დახუჭავს ამაზე და მეტიც, არაფორმალურად მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს.

    "ამ რისკებს ისიც ამძაფრებს, რომ მთიან ყარაბაღში შეინიშნება აზერბაიჯანული სამხედრო ძალების კონცენტრაცია. კი, ბატონო, რუსეთიც და სომხეთიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან, რომლის თანახმადაც, რუსეთს აქვს ვალდებულება, სომხეთზე თავდასხმის შემთხვევაში მას სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს.

    "თუმცა, თუ აღნიშნული სამხედრო მოქმედებები დაიწყო, ეს განხორციელდება მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი აღიარებს, როგორც ზერბაიჯანის შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, რუსეთი იურიდიულ პასუხსმგებლობას მოიხსნის და იტყვის, რომ მოქმედებები სომხეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

    გარდა ამისა, პოლიტოლოგი იმ სხვა მიზეზებს ასახელებს, რომელთა გამოც სომხეთის ახალ პრემიერს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება გაუჭირდება.

    "ყველაფერს ამას ემატება ისიც, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთშია განთავსებული; რუსეთის მესაზღვრეები აკონტროლებენ სომხეთ-თურქეთის სახელმწიფო საღვარს; რუსეთს სომხეთის ტერტორიაზე გააჩნია სტრატეგიული ობიექტები და ამასთან, "გაზპრომი" სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია.

    "რუსეთს გააჩნია როგორც ეკონომიკური, ისე გეოპოლიტიკური და პოლიტიკური უმნიშვნელოვანესი ბერკეტები. ამიტომ, უახლოეს მომავალში მეეჭვება, რომ სომხეთმა რადიკალურად შეიცვალოს საგარო კურსი", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

    ანალიტიკოსი, "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი აცხადებს, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკის შეცვლა არა მხოლოდ სომხეთ-რუსეთის ურთიერობებზე, არამედ დიდწილად დასავლეთზეა დამოკიდებული, რომელმაც ზეწოლის გაძლიერებით უნდა აიძულოს კრემლი, სხვა ქვეყნის არჩევანში არ ჩაერიოს.

    "ეს ზღვარი მხოლოდ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე არ გადის, აქ გადამწყვეტი ფაქტორია დასავლეთის ზეწოლა კრემლზე. სომხეთი ხედავს, რომ რუსეთი კარგავს პოლიტიკურ გავლენას, ამიტომ, ცდილობს მისგან თავის დაღწევას და ცივილურ სამყაროსთან დაახლოებას.

    "იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანია, საბოლოო ჯამში, აუცილებლად გამოიღებს შედეგს. თუმცა, რა თქმა უნდა, დასავლეთის კიდევ უფრო აქტიურობაა საჭირო", - აცხადებს კიკიანი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved