სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    11.05.2018

     სირიის კონფლიქტში მონაწილე მხარეების ირიბი დაპირისპირების კიდევ უფრო მწვავე სტადიაში გადასვლა - ასე აფასებს ანალიტიკოსების ნაწილი სირიის ტერიოტორიაზე ირანისა და ისრაელის ურთიერთსაპასუხო იერიშებს.

    ღამის სარაკეტო დარტყმაზე საპასუხოდ, ისრაელის ავიაციამ სირიაში ირანის ათობით ობიექტზე და საჰაერო თავდაცვის სისტემის ბატარეებზე იერიში მიიტანა. დაბომბილ ობიექტებს შორის არის დამასკოს მახლობლად მდებარე ირანული სამხედრო ბანაკი, დამასკოს აეროპორტში არსებული იარაღის საწყობები და სათვალთვალო პუნქტები.

    როგორც ისრაელის თავდაცვა იუწყება, ასევე განადგურებულია ავტომობილი, რომლიდანაც ისრაელის მისამართით რაკეტები იყო გაშვებული.

    "დარტყმები განვახორციელეთ ალ-ქუდსის ოპერატიულ, სამხედრო და სადაზვერვო საშუალებებზე. ჩვენ ასევე გაგვაჩნია დამატებითი შესაძლებლობები, რაც აქამდე არ გამოგვიყენებია. თუ სირიელები შემდგომშიც საშუალებას მისცემენ ირანელებს თავიანთ ტერიტორიაზე გამაგრდნენ, მაშინ სირიელებიც გადაიხდიან ამისთვის საფასურს," - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

    მათივე ინფორმაციით, სირიის ტერიტორიაზე განლაგებული ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დანაყოფი "ალ-ქუდსი" შეეცადა ისრაელზე დარტყმები განეხორციელებინა, თუმცა სასურველ შედეგებს ვერ მიაღწია.

    "ალ ქუდსისა" და ირანის სარდლობის უშუალო ბრძანებით "ჰეზბოლასა" და შიიტური დაჯგუფებების "ბოევიკებმა" ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 20 რაკეტა გაუშვეს. დარტყმები განხორციელებული იყო დამასკოდან 30-40 კილომეტრის დაშორებიდან. არც ერთმა რაკეტამ არ მიაღწია ისრაელის ტერიტორიას. აქედან ოთხი რაკეტა ჩამოგდებული იყო ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მეშვეობით," - აღნიშნულია განცხადებაში.

    ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აღნიშნეს, რომ ირანის აგრესიის შედეგად არ დაზარალებულა სამხედრო ინფრასტრუქტურა და არავინ დაშავებულა. მათი თქმით, ისრაელის ხელისუფლებამ წინასწარ აცნობა რუსეთს სირიაზე ავიადარტყმის განხორციელების შესახებ.

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის ავიგდორ ლიბერმანის თქმით, "ირანში ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ თუ ისრაელისთვის წვიმა წამოვა, მათთან წყალდიდობა იქნება."

    "ირანი შეეცადა იერიში მიეტანა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. არც ერთი რაკეტა არ აფეთქებულა ისრაელის ტერიტორიაზე. ისრაელმა სირიაში მდებარე ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის თითქმის ყველა ობიექტზე მიიტანა იერიში. ირანში ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ თუ ჩვენთან წვიმა წამოვა, მათთან წყალდიდობა იქნება," - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

    ამავდროულად ავიგდორ ლიბერმანმა აღნიშნა, რომ საუბარი არ მიდის გამანადგურებელ გამარჯვებაზე.

    "ჩვენ არ ვართ დაინტერესებულნი სიტუაციის ესკალაციით, მაგრამ გვესმის, რომ საქმე გვაქვს უდრეკ მოწინააღმდეგესთან, რომელიც ათწლეულების მანძილზე ცდილობს ჩვენზე დარტყმები განახორციელოს და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ისრაელი ირანს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ სირია ჩვენზე თავდასხმებისთვის ფორპოსტად აქციოს," - განაცხადა ლიბერმანმა.

    ბრიგადის გენერალის, ანალიტიკოსის სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძის შეფასებით, ეს არის სირიის კონფლიქტში მონაწილე მხარეთა ირიბი დაპირისპირების მწვავე სტადიაში გადასვლა.

    "ეს არის სირიაში მიმიდინარე პროცესის იმ ფაზის გაგრძელება, რომელზეც ჩვენ "რეზონანსის" ფურცლებზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინა ვწერდით. კერძოდ, კონფლიქტში მონაწილე მხარეების ირიბ დაპირისპირებაზე. ეს არის სწორედ ამ პროცესის კიდევ უფრო მწვავე სტადიაში გადასვლა, რაც ასე მალე არ დასრულდება. მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც აშშ გამოვიდა ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან.

    "ამასთანავე, სირიის ტერიტორიოაზე ისრაელი-ირანის დაპირისპირების აღსაკვეთად ჯერ-ჯერობით მხარეთა აქტივობა არ შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის პრემიერი მოსკოვში იყო ჩასული და ჰქონდა მოლაპარაკებები პუტინთან, ახლა ლავროვი იმყოფება გერმანიაში, სადაც ერთ-ერთი მთავრი თემა ახლო აღმოსავლეთია, ამას ემატება სხვასხვა აქტივობებიც, თუმცა ამ ეტაპზე, დაპირისპირების შეწყვეტის რაიმე მცდელობები არ ჩანს. იმის ალბათობა, რომ ეს კიდევ უფრო სახიფათო პროცესებში გადაიზარდოს, რა თქმა უნდა, არსებობს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მესამე მსოფლიო ან რეგიონალური ომი არ იქნება. ვფიქრობ, მსოფლიო არ დაუშვებს, ეს დაპირისპირებები გასცდეს იმ საზღვრებს, რომლშიც ამჟამად იმყოფება," - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved