სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    12.05.2018

     რუსეთის ტერიტორიაზე სომხური წარმომავლობის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეტანა შესაძლოა აიკრძალოს. როგორც „როსსელხოზნადზორი" იტყობინება, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მაისის დასაწყისში ჩატარებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სომხური პროდუქტცია საშიშ მავნებლებს შეიცავდა და სხვა მხრივადაც ვერ აკმაყოფილებდა ევრაზიული კავშირის შეთანხმებით დაწესებულ მოთხოვნებს.

    „როსსელხოზნადზორში" აცხადებენ, რომ ეს სომხეთისათვის ბოლო გაფრთხილებაა და თუ დარღვევები შემდგომშიც დაფიქსირდება, სომხური სასოფლო პროდუქტებისათვის რუსეთის ბაზარი დაიხურება.

    ცნობისთვის 2015 წლიდან რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა ქვეყნებიდან პროდუქტის შეტანის წესებში ცვლილებები შევიდა. ახალი რეგულაციები გავრცელდა ევროკავშირისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაზე, თუმცა არ გავრცელებულა „ევრაზიულ საბაჟო კავშირის" ქვეყნებზე, მათ შორის სომხეთზე.

    რუსეთის მხრიდან სომხურ იმპორტზე შესაძლო შეზღუდვების დაწესება არის თუ არა პირველი სერიოზული გაფრთხილება სომხეთის ახალი ადმინისტრაციის მიმართ? ამის შესახებ „რეზონანსი" ქართველ პოლიტოლოგებს ესაუბრა.

    პოლიტოლოგ სოსო ცინცაძით თქმით, იმპორტის აკრძალვა ხელოვნურად, თითიდან გამოწოვილი მიზეზით, უკვე იქცა რუსეთის საგარეო პოლიტიკის საფირომო ნიშნად.

    „მიუხედავად იმისა, რომ რუსული პრესა ერევნის მოვლენებს აქამდე ან კეთილგანწყობილად აშუქებდა, ან საერთოდ არაფერს წერდა, ამ დღეებში ზოგიერთ რუსულ გაზეთში გამოქვეყნდა მასალა იმის თაობაზე, რომ სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ყველას ატყუებს და მას არჩეული აქვს პროდასავლური კურსი.

    „რაც შეეხება ზოგადად აკრძალვებს, მსგავსი ფაქტები არცთუ შორეული წარსულიდან კარგად გვახსოვს და რაზე მიანიშნებს, ეს კარგად ვიცით. იმპორტის აკრძალვა ხელოვნურად, თითიდან გამოწოვილი მიზეზით, თანაც ცინიკურად და დემონსტრაციულად, ისე, რომ ყველასთვის ცხადი იყოს რეალური მიზეზი, უკვე იქცა რუსეთის საგარეო პოლიტიკის საფირმო ნიშნად. ამიტომ სომხეთიდან რუსეთის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესაძლო შეღზუდვები ძალიან წააგავს "პირველ სერიოზულ გაფრთხილებას" სომხეთის ახალი ადმინისტრაციის მიმართ.

    „როგორც ჩანს, პუტინმა „ყვითელი ბარათი" აჩვენა ფაშინიანს. თუ ამას „სათანადო რეაქცია" არ მოჰყვება ოფიციალური ერევნის მხრიდან, რასაკვირველია, ჩვენ უნდა ველოდოთ სტანდარტულ შემდგომ ნაბიჯებს.

    „ერთი რამ უკვე ცხადი იყო და დღესაც ცხადია - რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს სერიოზულ რყევებს სომხეთის საგარეო პოლიტიკაში და მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს (ასეთი ბერკეტი კი მას გააჩნია), რათა არანიარი ცვლილებები არ მოხდეს სომხეთის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაში", - აცხადებს „რეზონანსთან" სოსო ცინცაძე.

    პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთმა „ყვითელი ბარათის" ფუნქცია აამოქმედა.

    „რუსეთისა და სომხეთის პოლიტიკურ წრეებში სულ იყო საუბარი იმაზე, რომ სომხეთში დაწყებული პროცესი არ იყო რუსეთთან დაპირისპირების დასაწყისი და მიუთითებდნენ იმაზეც, რომ სომხეთის ახალი პრემიერის ვიზიტი პირველად მოსკოვში პუტინთან შედგებოდა. მაგრამ, როგორც ბოლო მოვლენებიდან ჩანს, რუსეთის პოზიციები სომხეთში არც ისე მყარია.

    „რა თქმა უნდა, რუსეთი გულზე ხელს არ დაიკრეფს, პოზიციების გასამყარებლად რაღაც ნაბიჯებს გადადგამს და ბერკეტებსაც აამოქმედებს. რაც შეეხება სომხეთიდან იმპორტის შესაძლო შეზღუდვებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს პირველი გაფრთხილებაა და რუსეთმა „ყვითელი ბარათის" ფუნქცია უკვე აამოქმედა", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

    განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ ვან ბაიბურთს, რომელიც ამ ფაქტს პოლიტიკურ ჭრილში არ განიხილავს.

    „სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ფაშინიანის ყველა განცხადება რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებას უკავშირდება. იგივე თქვა მან თავის საპროგრამო სიტყვაშიც. არ ვფიქრობ, რომ ამ ფაქტს, რომელიც თითქოსდა იმპორტზე შესაძლო შეზღუდვებს უკავშირდება, პოლიტიკური მიზეზი ჰქონდეს", - ამბობს ვან ბაიბურთი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved