სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    14.05.2018

     კრემლს, რომელიც ბოლო დროს რუსული წარმოების "სუპერთანამედროვე" თუ "უძლეველ" შეიარაღებას მუდმივად რეკლამას უწევს და ამით დასავლეთს ნიშნის მოგებით ელაპარაკება, ბოლო თვეებია, უკვე არაერთხელ მოუწია ამ "უძლეველი" შეიარაღების არაეფექტურობის გამო ერთგვარად თავის მართლება.

    ამჯერად სირიაში ისრაელის ავიაციამ უახლესი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები "პანცირ 1" გაანადგურა და რუსებმა დაიწყეს იმის ახსნა, რამ გამოიწვია ეს. მათი თქმით, ამ კომპლექსის განადგურება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის გამორთულია, ან საბრძოლო ჭურვები აქვს გახარჯული და სწორედ ასე მოხდა.

    ეს არ არის პირველი შემთხვევა, ბოლო დროს სირიაში რუსულმა შეიარაღებამ მარცხი განიცადა. მაგალითად, ერთი კვირის წინ სირიაში ჩამოვარდა რუსული ვერტმფრენი "კა-52" და ორივე მფრინავი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის კატასტროფა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. მაისის დასაწყისში კი რუსული ავიაგამანადგურებელი "სუ-30" ჩამოვარდა, მაშინაც ორი მფრინავი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამანადგურებელი არ ჩამოუგდიათ, ავიაკატასტროფა, სავარაუდოდ, ძრავაში ჩიტის შეფრენამ გამოიწვია.

    რუსული წარმოების შეიარაღების მიმართ პრეტენზიები გამოითქვა ინდოეთსა და აზერბაიჯანშიც. ინდოეთის მხრიდან ითქვა, რომ "რუსულ გამანადგურებლებს - "სუ-35"-სა და "მიგ-35"-ს კარგი შესაძლებლობები აქვთ ქაღალდზე, მაგრამ არა რეალურად". აზერბაიჯანი კი აცხადებდა, რომ პრობლემები ჰქონდა რუსულ ვერტმფრენებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს, რუსული "სმერჩის" ტიპის რაკეტები კი სროლის დროს არ ფეთქდებოდნენ.

    ამჯერად განხილვა იმაზე დაიწყო, როგორ გაანადგურა ისრაელის მხრიდან წამოსულმა რაკეტებმა რუსული თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.

    რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების შტაბის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გენერალ-ლეიტენანტმა აიტეჩ ბიჟევმა "ინტერფაქსთან" საუბრისას თქვა, რომ ისრაელის სამხედროებს სირიაში რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სარაკეტო კომპლექს "პანცირ 1"-ის განადგურება შეეძლოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის უკვე გამორთული იყო, ან საბრძოლო მასალა დახარჯული ჰქონდა.

    "როცა კომპლექსი ჩართულია, მისი განადგურება რთულია, ის ჩამოაგდებდა ისრაელის რაკეტებს ან საზარბაზნე ცეცხლით, ან თავისი რაკეტებით," - აცხადებს ბიჟევი.

    სამხედრო მაღალჩინოსანი ერთგვარი თავის მართლებისთვის ამბობს იმასაც, რომ ისრაელის ავიათავდასხმისას გასათვალისწინებელია, რომ საფრენი დრო ისრაელსა და სირიას შორის ნულოვანია. ამასთან, ისრაელის თვითმფრინავები სირიაში სამიზნეებს ისე აყენებენ დარტყმას, რომ არ შედიან სირიის არმიის ანტისაჰაერო თავდაცვის ზონაში და ამავე დროს სირთულე არის ისიც, რომ კაბინაში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს მუდმივად, 24 საათის განმავლობაში ვერ შეინახავ.

    ცნობისათვის, 10 მაისს, ღამით, ისრაელის არმიამ სირიაზე სამხედრო შეტევისას გაანადგურა რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები "ს-200", "ბუკ-ემ1-2" და უახლესი "პანცირ 1". ისრაელის არმიამ ამ ავიადარტყმის ამსახველი ვიდეო ტვიტერზეც გამოაქვეყნა.

    ისრაელის არმიის განცხადებით, ავიადარტყმა განხორციელდა სირიაში განლაგებულ ირანის სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური თავდასხმის ფარგლებში და ეს იერიში ირანელი სამხედროების მიერ ისრაელის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმის პასუხი იყო.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმაში ჩართული იყო ისრაელის 28 თვითმფრინავი, რომლებმაც დაახლოებით 60 რაკეტა გაუშვეს, რა დროსაც განადგურდა "პანცირ 1", რომელიც სირიის არმიას ეკუთვნოდა.

    რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა სირიას 36 "პანცირ 1" 2011 წელს გადასცა. კომპლექსს შეუძლია, საჰაერო სამიზნეები 20 კმ-ის რადიუსში და 15 კმ-ის სიმაღლეზე გაანადგუროს. მისი საზენიტო რაკეტის სიჩქარე წამში 1300 მეტრია.

    ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ იბრძვის ადამიანი და არა ტექნიკა.

    "ადამიანს მოეთხოვება ომის ეფექტიანად წარმართვა და საკუთარი ქვედანაყოფის მართვა. რას ნიშნავს კომპლექსი გამორთული იყო, ან საბრძოლო მასალა გახარჯული იყო? ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ თუ საბრძოლო მასალა გახარჯული იყო, მაშინ კომპლექსი რატომ დარჩა თავის პოზიციაზე სარაკეტო იერიშის მოლოდინში?! თუ მას საბრძოლო მასალა არ ჰქონდა, ეს მანქანა საცავში, მოფარებულ ადგილას უნდა გადაეტანათ.

    "ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ საბრძოლო მანქანა დასაფრენ-ასაფრენ ბილიკზე დგას, საბრძოლო მდგომარეობაშია და რაკეტების მარაგიც ჰქონდა, თუმცა რთულია თქმა, მუშაობდა ის თუ არა.

    "პანცირ 1" საკმაოდ ეფექტიანი კომპლექსია და ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში. მიმაჩნია, რომ სირიის საჰაერო თავდაცვის სპეციალისტების, სარდლობის არაკვალიფიციურობაზე ან უყურადღებობაზე უფრო მიანიშნებს ის, რაც მოხდა," - ამბობს სალუქვაძე.

    მისი თქმით, ბოლო დროს ხშირად აკნინებენ რუსულ ტექნიკას, რაც სწორი არ არის. თუმცა ბოლო დროსვე ძალიან ბევრი ფაქტი მოხდა, მაგალითად, ჩამოვარდა "სუ 30", ერთ-ერთი თანამედროვე შვეულმფრენი "კა 52" და ეს, რა თქმა უნდა, მიანიშნებს, რომ რუსულ ტექნიკას აქვს წუნიც.

    "ტექნიკურ წუნზე, რა თქმა უნდა, არის საუბარი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო პუტინმა რუსეთის არმიის გადაიარაღება და სამრეწველო კომპლექსების დამუშავება. ძალიან მოკლე ვადაში დიდძალი თანხა გამოიყო იმ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებისთვის, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უსაქმოდ იდგა. როცა ერთბაშად ხდება თანხის მიმართვა ამა თუ იმ საქმეზე, ყოველთვის არის კვალიფიკაციის პრობლემა, რადგან უმოქმედობის დროს კადრები გაედინება ხოლმე. ამავე დროს არის სისწრაფის ფაქტორი, გეგმები, რაც დაუსახეს რუსეთის ხელისუფლებამ და მისმა ლიდერმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს.

    "მათ რამდენიმე წელიწადში 50%-მდე განაახლეს მთელი რუსული არმიის შეიარაღება. საკმაოდ სერიოზული ტემპი იყო არმიის გადაიარაღების კუთხით, რასაც მოჰყვება ხოლმე ტექნიკური წუნი. ასევე, ამ სფეროში არის კორუფციაც. რუსეთის ოფიციალური პირებიც ამბობენ, რომ ფინანსური რესურსების 20% იხარჯება ე.წ. ატკატებზე, ანუ კორუფციაზე. ყველა ეს მომენტი იწვევს საბოლოოდ ტექნიკურ წუნს.

    "მიუხედავად ამისა, მე არ დავაკნინებდი რუსულ ტექნიკას, რუსული ტექნიკა ცუდი არ არის. ტექნიკური წუნი კი ნამდვილად აქვს, ხან რა დეტალი მოძვრება თვითმფრინავს და ხან - რა, რაც არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ამის მიზეზებზე ვისაუბრე, კორუფციას ყოველთვის მოჰყვება ასეთი გამოვლინებები," - ამბობს სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved