სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    29.05.2018

     უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, შესაძლოა, უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭოს და მსოფლიო პატრიარქმა სპეციალური ტომოსი გადასცეს კიევს. მანამდე კი, ასევე ითქვა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს უნდა შეხვდნენ რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები უკრაინის საკითხის განსახილველად.

    კიევს იმის იმედიც აქვს, რომ საქართველოს პატრიარქი ილია || და საქართველოს ეკლესია უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს დაუჭერს მხარს.

    უკრაინის პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღესასწაულზე საქართველოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბიმ განაცხადა.

    "ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პატრიარქი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარდაჭერას გამოუცხადებენ უკრაინისა და ყველა უკრაინელის სწრაფვას, რომ შეიქმნას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია", - განაცხადა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა და ისიც აღნიშნა, რომ მან ეს საკითხი განიხილა საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის სპიკერთან, რომლებიც ამ იდეას მხარს უჭერენ. რა პოზიცია აქვს საქართველოს ეკლესიას, ცნობილი არ არის.

    "რეზონანსთან" საუბრისას პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ ეს რთული თემაა და ჯერ მსოფლიო პატრიარქმა და რუსეთის პატრიარქმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

    "ამ საკითხთან დაკავშირებით ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით. საქართველოს ეკლესიის პოზიცია ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის. ამ საკითხზე მსოფლიოსა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის გაიმართება დიალოგი.

    "მსოფლიო საპატრიარქო აანონსებს, რომ მას შეხვედრა ექნება მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე მოვისმინეთ. როდესაც უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა მსოფლიო საპატრიარქო, მან დააანონსა, რომ ივნისის თვეში შეეცდება ამ საკითხის განხილვას", - ამბობს მიქაელ ბოტკოველი.

    მისი თქმით, ეკლესიის წესების მიხედვით, ამა თუ იმ ადგილობრივ ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქო ანიჭებს ავტოკეფალიას.

    "მსოფლიო პატრიარქი ანიჭებს ავტოკეფალიას, მაგრამ აუცილებლად სჭირდება დედაეკლესიის თანხმობა. ამ შემთხვევაში კი რუსეთის ეკლესია აცხადებს, რომ ის არის დედაეკლესია. რა როგორ არის, ეს რთული თემაა და არ მინდა, ნიუანსებში შევიდე", - დასძინა მიქაელ ბოტკოველმა.

    ცნობისათვის, უკრაინის რადამ მსოფლიო პატრიარქს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების თხოვნით აპრილში მიმართა. ამავე საკითხზე თურქეთში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში, ჩასული იყო პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც.

    უკრაინა აცხადებს, რომ მათ ავტოკეფალიის მოთხოვნის საფუძველი აქვთ, რადგან მე-17 საუკუნემდე კიევის მიტროპოლია არსებობდა და კონსტანტინოპოლს ემორჩილებოდა, რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში კი მას შემდეგ შევიდა, რაც რუსეთმა შეიერთა უკრაინა.

    უკრაინის ამ აქტიურობას მოსკოვის საპატრიარქო გამოეხმაურა, რომლის კანონიკური ტერიტორიაა დღეს უკრაინა და რომელიც აცხადებს, რომ "პატრიარქ ბართლომეოსს არ შეუძლია, მხარი დაუჭიროს უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნას".

    დღეს რუსეთის ეკლესია ტერიტორიულად და მრევლის რაოდენობით ყველაზე დიდია და ამბიცია აქვს, რომ სიდიდის გამო ის უნდა იყოს თანასწორთა შორის პირველი, რის გამოც ფარული დაპირისპირება აქვს მსოფლიო პატრიარქთან, უკრაინის 40-მილიონიანი მრევლის ჩამოკლება კი მის სიდიადეს ჩრდილს მიაყენებს.

    ამიტომაც მოსკოვი სასტიკი წინააღმდეგია, უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვოს. რამდენიმე დღის წინ ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას უახლოეს ხანებში აპირებს და მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება ათენის არქიეპისკოპოს იერონიმეს იქ სპეციალურად ჩასულმა კონსტანტინოპოლის დელეგაციამ აუწყა.

    მედია წერს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის შემდეგ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ყველა ადგილობრივ ეკლესიას მოუწევს.

    გარდა ამისა, საეკლესიო კულუარებში გავრცელებული ცნობით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევისთვის ავტოკეფალიის ტომოსის, იგივე აღიარების დოკუმენტის გადაცემას გეგმავს.

    თეოლოგ ვლადიმერ ნარსიას თქმით, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი რომ დადებითად გადაწყდება, ამის მოლოდინი ყველას აქვს, თუმცა ვარაუდი იყო, რომ ეს პროცესი წლები გაგრძელდებოდა, ახლა კი, გავრცელებულ ცნობების მიხედვით, პროცესი ძალიან დაჩქარდა.

    "არის ინფორმაცია, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი უკან დახევას არ აპირებს. ტომოსის მომზადება უკვე არის განაცხადი, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო სერიოზულად ფიქრობს უკრაინის საკითხზე.

    "ტომოსში აუცილებლად იქნება განმარტებული ის კანონიკური საფუძვლები, რატომ გადაეცემა ავტოკეფალია უკრაინის ეკლესიას. მანამდე კი, ივნისში, რუსეთისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოების წარმომადგენლების შეხვედრაზე ორივე მხარე ინფორმაციას გაცვლის.

    "სავარაუდოდ, ამ შეკრებაზე ჩვენ მოვისმენთ რუსეთის ეკლესიის პოზიციას იმ არგუმენტებზე, რასაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქო წარადგენს. თუკი დანარჩენი ეკლესიები საკმარისად მიიჩნევენ კონსტანტინოპოლის არგუმენტებს, რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.

    "კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კი მომხრეები ბევრი ჰყავს, ძირითადად ბერძნულენოვანი ეკლესიები და, ასევე, ის ეკლესიები, რომლებზეც რუსეთი გავლენას ვერ ახდენს", - აღნიშნავს ნარსია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved