სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    19.09.2018

     სირიის კონფლიქტში რუსეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები იძაბება, რისი მიზეზიც ისრაელის ავიაიერიშების დროს სირიის სამთავრობო ძალების მიერ ჩამოგდებული რუსული დაზვერვის თვითმფრინავი და დაღუპული 15 რუსი სამხედროა. მართალია, მოსკოვი აღიარებს, რომ რუსული "ილ-20" რუსულივე რაკეტით სირიის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს, მაგრამ ირწმუნება, რომ ეს არა მისი მოკავშირე სირიის, არამდე ისრაელის პროვოცირების ბრალია და ამ მტრულ ქმედებას მოსკოვი ადეკვატურად გასცემს პასუხს.

    რა იგულისხმება ადეკვატურ პასუხში, კრემლში ამაზე არაფერი უთქვამთ და ამ მუქარის შემდეგ დაიწყო მსჯელობა იმაზე, შესაძლოა თუ არა, სირიაში რუსეთი ისრაელს ღიად დაუპირისპირდეს.

    ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე მეტად პრობლემა უფრო 15 რუსი სამხედროს დაღუპვაა და ამას ძალიან სერიოზული გამოძიება და ორ სახელმწიფოს შორის დაძაბული პერიოდი მოჰყვება, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა.

    მისი თქმით, თუკი რუსეთი დარწმუნდა, რომ ისრაელის მხრიდან წინასწარ გათვლილ პროვოცირებას ჰქონდა ადგილი, ის საპასუხო ქმედებას აუცილებლად დაგეგმავს, მაგრამ ეს პირდაპირი დაპირისპირება მაინც არ იქნება.

    "ადეკვატურ პასუხს გავცემთ - ასე თქვა რუსეთმა. ადეკვატური პასუხი არ არის, ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვან ან სხვა რამე სისულელე ჩაიდინონ. ისრაელს უშუალოდ არ ჩამოუგდია ეს თვითმფრინავი, მას პროვოცირებაში სდებენ ბრალს. ველოდები იმას, რომ ისრაელის მიმართულებაზე სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებს გააძლიერებს და ისრაელის წინააღმდეგ "სხვისი ხელებით" იმოქმედებს", - ამბობს სალუქვაძე.

    მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება დროში დაემთხვა სოჭში ერდოღანი-პუტინის შეხვედრასა და შეთანხმების გამოცხადებას, რომ რუსეთი და თურქეთი სირიაში, იდლიბში 15-20-კმ-იანი დემილიტარიზაციის ზოლს შექმნიან და ოპოზიციური ძალები იდლიბიდან მძიმე ტექნიკას გაიყვანენ. ამიტომაც გაძლიერდა ეჭვი, რომ, გამორიცხული არ არის, ეს ინციდენტი შემთხვევით არ მომხდარა, თუმცა რუსეთი, რომელიც ადეკვატური ნაბიჯით იმუქრება, ისრაელს პირდაპირ ვერ დაუპირისპირდება.

    "ასეთი მძლავრი არმიების მქონე სახელმწიფოებს შორის უშუალო დაპირისპირებამდე მისვლა იოლი არ არის. ისრაელთან დაპირისპირება, ფაქტობრივად, აშშ-თან დაპირისპირებას ნიშნავს. ამიტომაცაა, რომ ირიბად ეომებიან ერთმანეთს.

     "ასე იყო მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ყველა კონფლიქტში, რომლებიც ყოფილა ვიეტნამში, ახლო აღმოსავლეთში, ერთი მხრიდან იყო საბჭოთა კავშირი რომელიმე ქვეყნის მხარდამჭერი და მეორე მხრიდან იყო ნატო ან აშშ, ან კოალიცია. ასეა ახლაც სირიაში.

    "2017 წლის დეკემბრიდან სირიაში ახალი ფაზა დაიწყო, როდესაც გარე მოთამაშეებს შორის არაპირდაპირ დაპირისპირებას ვხედავთ და ეს არის ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოვლინება. თუ რუსეთი დარწმუნდება, რომ ისრაელმა ეს განზრახ მოაწყო, რუსეთი აუცილებლად გააძლიერებს სირიის საჰაერო თავდაცვას ისრაელის მიმართულებით და შესაძლოა, გააკეთოს განცხადება, რომ სირიის საჰაერო სივრცეში ისრაელის საფრენი აპარატების შემოფრენის შემთხვევაში მიღებული იქნება ზომები. ასეთ განცხადებას არ გამოვრიცხავ. რაიმე უშუალო დაპირისპირებას ისრაელთან გამოვრიცხავ", - აცხადებს სალუქვაძე.

    სირიაში რუსული თვითმფრინავი 17 სექტემბერს ისრაელის მხრიდან სირიის მიმართულებით ავიაიერიშის დროს ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ რუსული დაზვერვის თვითმფრინავი "ილ-20", რომლის ბორტზეც 15 ჯარისკაცი იმყოფებოდა, სირიის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს რუსული სარაკეტო დანადგარით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ტრაგიკულ ინციდენტში დამნაშავე არა სირიის ჯარები, არამედ ისრაელის სახელმწიფოა.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა, ვინც მანამდე ერთი დღით ადრე მსოფლიოს არწმუნებდა, რომ მალაიზიის ბოინგი ჩამოგდებული იყო რუსული რაკეტით, მაგრამ უკრაინელების მიერ, განაცხადა, რომ "ილ-20" ჩამოაგდეს სირიელებმა რუსული რაკეტებით, მაგრამ ეს ისრაელის ბრალია - სირიული საჰაერო თავდაცვის სისტემების სამიზნე ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავები იყო, თუმცა ისრაელის ავიაგამანადგურებელი "ეფ-16"-ები, რომლებმაც სირიის ობიექტების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავ "ილ-20"-ს ამოეფარნენ. ამიტომაც სირიის საჰაერო ძალების რაკეტა რუსულ თვითმფრინავს მოხვდა.

    რუსული მედიის ცნობით, 17 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათზე ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ოთხი "ეფ-16"-მა მართვადი საჰაერო ბომბებით იერიში მიიტანა სირიის სამხედრო სამიზნეებზე ქალაქ ლატაკიაში და ისრაელის თვითმფრინავებმა განზრახ შექმნეს სახიფათო სიტუაცია, რადგან დაბომბვა განხორციელდა ძალიან ახლოს იმ ადგილიდან, სადაც მდებარეობდა ფრანგული ფრეგატი და უშუალო სიახლოვეს, სადაც რუსეთის სადესანტო "ილ-20" ეშვებოდა დასაჯდომად.

    რუსული მედიის მტკიცებით, სირიის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებულ "ილ-20"-ში სისტემა "მეგობარი ან მტერი" ვერ ამუშავდა, რადგანაც ძალიან ახლოს იყვნენ ისრაელის გამანადგურებლები. სირიის არმიამ კი ისრაელის გამანადგურებლების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის სიგნალი მიიღო და გახსნა ცეცხლი.

    როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, ისრაელის მხარემ არ გააფრთხილა რუსეთი, რომ იერიშისათვის ემზადებოდა. "ცხელ ხაზზე" შეტყობინება იერიშამდე მხოლოდ ერთი წუთით ადრე მიიღეს, რის გამოც სახიფათო ზონიდან რუსული თვითმფრინავის გაყვანა ვერ მოხდა.

    რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ისრაელელ კოლეგას განუცხადა, რომ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის გამო ბრალი მთლიანად ისრაელზეა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისრაელის ქმედებებს მტრულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ადეკვატური რეაგირების უფლებას იტოვებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved