სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მალხაზ გაგუა
    01.10.2018

     სამხრეთ კორეაში, ზუსტად 38-ე პარალელზე, რომელიც ამ ქვეყნისთვის ისეთივე როლს ასრულებს, რასაც ბერლინის კედელი ათწლეულების განმავლობაში გერმანიისთვის ასრულებდა, დგას ასეთი შენობა, სახელწოდებით "დორას ლაბორატორია". შენობაში არის საგამოფენო დარბაზი, კაფე, დიდი სათვალთვალო ვერანდა და სხვადასხვა პატარ-პატარა დაწესებულებები. არა, აქედან არც ირმის ნახტომს აკვირდებიან, არც სხვა გალაქტიკებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც კომეტებსა და მეტეორიტებს. მთელი ეს ინფრასტრუქტურა ტურისტებისთვისაა განკუთვნილი, რათა ჩრდილოეთ კორეის თუნდაც ერთი პატარა სეგმენტისთვის თვალის შევლება შეძლონ და დაინახონ ის კონტრასტი, რაც ორ რეჟიმს, გინდათ ორ წყობას შორის არსებობს.

    კონტრასტი კი მართლაც თვალსაჩინოა - ვერანდაზე დამონტაჟებული დიდი (და უფასო) ბინოკლიდან მოჩანს ჩრდილოეთ კორეული დასახლება, ერთი ჩვეულებრივი სოფელი, წმინდა საბჭოთა ესთეტიკით, რომელიც მოტიტვლებული გორაკებითაა გარშემორტყმული. მეორე მხარეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გზები და სუპერთანამედროვე დასახლებებია. ეს სეულის სატელიტებია, ისეთივე მოწინავე არქიტექტურით შესრულებული, როგორც დედაქალაქის ცენტრი (საერთოდ, სეულში, ამ 25-მილიონიან მეგაპოლისში, გუგლის რუკის გარეშე ფრიად ძნელია ცენტრისა და პერიფერიის გარჩევა. ყოველ შემთხვევაში, უცხოელისთვის. ქუჩები, არქიტექტურა, საცობები - ყველაფერი მსგავსია, განსაკუთრებით კი აბსოლუტამდე აყვანილი სისუფთავე).

    დორა სამხრეთ კორეელებისთვის წარმატების მტკიცებულებაა, ერთგვარი ალიბი, რომ მათ მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არჩეული კურსი სწორია.

    "არადა, ჩრდილოეთი, ტრადიციულად, სამხრეთზე მდიდარი იყო. ციფრებით რომ გაჩვენოთ, ვიტყვი, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (სამოქალაქო ომამდე - რედ.) ჩრდილოეთში დაახლოებით 39%-ით მეტი იყო, ვიდრე სამხრეთში," - ამბობს სამხრეთელების წარმატების ხაზგასასმელად დუოლ კიმი, სეულის მიონგჯის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი.

    "ამის მიზეზი ის არის, რომ ოკუპაციის დროს (1910-1945 წწ.) იაპონელები ინდუსტრიულ საწარმოებს ძირითადად ჩრდილოეთში ხსნიდნენ. დღეს კი ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ით სამხრეთ კორეა ჩრდილოეთს 30-ჯერ აღემატება," - ამბობს პროფესორი.

    სწორედ ამის გამო სამხრეთელები ისეთი ენთუზიაზმით არ უყურებენ ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივას, როგორც თავის დროზე გერმანელები, - ამბობს პროფესორი კიმი. დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას შორის სხვაობა, ცხადია, იყო და არცთუ მცირე, მაგრამ ისეთი რადიკალური, როგორც ორ კორეას შორისაა, როცა ერთი მეორეზე, არც მეტი, არც ნაკლები, 30-ჯერ უფრო ღარიბია, ორ გერმანიას შორის არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ოფიციალური სეულის პოლიტიკის პრიორიტეტი გაერთიანება არ არის, თუმცა აქ ეს, ასე ვთქვათ, ნაკლებად არის ემოციურად დატვირთული და უფრო პრაგმატულია, ვიდრე იმავე გერმანიაში ან თუნდაც საქართველოში.

     როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოთქვა პროგნოზი, რომ 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება, ეს თბილისში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს. არაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რამდენად რეალურია ეს პროგნოზი, ის მართლაც რომ გამართლდეს, ქვეყნის კეთილდღეობაზე დიდ ზეგავლენას არ მოახდენს. რეალური გარღვევისთვის წლიური ზრდა ორნიშნა რიცხვებით უნდა გამოისახებოდეს და ამას მრავალწლიანი, სტაბილური ხასიათი უნდა ჰქონდეს. აი, მაგალითად, სამხრეთ კორეის ეკონომიკა 30 წლის განმავლობაში, 1968-იდან 1998-მდე, ყოველწლიურად, საშუალოდ, 10%-ით იზრდებოდა.

    "1950-1953 წლების ომის შემდეგ დასავლეთიდან კორეაში დიდი ინვესტიციები შევიდა. ამ დროს მთავრობამ მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ შემოსული სახსრები ინდუსტრიული ობიექტების აშენებაში დაებანდებინა," - ამბობს პროფესორი კიმი.

    მეორე სტრატეგიული გადაწყვეტილება, რამაც კორეის სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი, მისი თქმით, ეს არის იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკაზე უარის თქმა. ანუ, იმის ნაცვლად, რომ ინდუსტრიული საწარმოები ორიენტირებული ყოფილიყო შიდა ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და იმპორტის შემცირებაზე (რასაც აქა-იქ დღესაც გაიგებთ ქართველი პოლიტიკოსების გამოსვლებში), ოფიციალური სეულის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტი გარე ბაზრების დაპყრობა გახდა.

    საწყის ეტაპზე აქცენტი მსუბუქ მრეწველობაზე დაისვა, ძირითადად ტექსტილზე. შემდეგ, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად, უკვე წინ წამოვიდა ელექტრონიკა და საავტომობილო მრეწველობა. 21-ე საუკუნის დასაწყისიდან კი, ისევე როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, სწრაფად განვითარდა მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია. მიუხედავად ამ მიმართულებითაც დიდი წარმატებისა, თავად კორეელები წუხან იმაზე, რომ მათი ეკონომიკის ლომის წილი რამდენიმე მეგაკორპორაციაზე მოდის. ორი მათგანი, "ჰიუნდაი" და "სამსუნგი", ყველასთვის ცნობილია, მათ შორის საქართველოშიც.

    მაგალითად, "სამსუნგის" შვილობილი - "სამსუნგ ჰევი ინდასტრის" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გემთმშენებლი კომპანიაა, "ჰიუნდაი"-"კია" კი მესამეა გამოშვებული ავტომობილების რაოდენობით.

    საერთოდ, სეულის ქუჩებში იგრძნობა კორეელების მიდრეკილება ავტომობილებისადმი. ისევე, როგორც ქართველებს, კორეელებსაც, როგორც ჩანს, ევროპელებისგან განსხვავებით, უფრო დიდი მანქანები მოსწონთ. თბილისის ქუჩებისა არ იყოს, სეულშიც მრავლადაა დიდი "ჯიპები" და წარმომადგენლობითი კლასის დიდი სედანები.

    "აქ რომელი მანქანა უფრო მოსწონთ, "ჰიუნდაი" თუ "კია"?" - ვეკითხები მძღოლს, რომელსაც ასევე კიმი ჰქვია.

    "იცი, რაშია საქმე, "ჰიუნდაის" მეტი ფუნქციები აქვს და უფრო, ასე ვთქვათ, მდიდრულია, "კია" კი უფრო ფუნქციონალურია," - ამბობს ბატონი კიმი და იქვე უმატებს, რომ მას უფრო "გენესისი" მოსწონს, "ჰიუნდაის" კორპორაციის კიდევ ერთი ბრენდი, რომელსაც ქართველი ავტომოყვარულები ნაკლებად იცნობენ.

    (გაგრძელება შემდეგ ორშაბათს)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved