სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    26.11.2018

     უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოსთვის ტაძრების ჩამორთმევის პროცესი იწყება. უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ პოჩაევის ლავრის ნაგებობებით სარგებლობის იურიდიული უფლება გაუუქმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის ეკლესიას და ის სულ ახლახან კანონიკურად აღიარებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა.

    რუსეთის ეკლესიის საპასუხო განცხადებით, პოჩაევის ლავრის ჩამორთმევა კიევის მხრიდან მიუთითებს ფართომასშტაბიანი ზემოქმედების მომზადებას, რასაც კარგი არაფერი მოჰყვება.

    თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ მოსკოვის მხრიდან ძალიან დიდი წინააღმდეგობაა მოსალოდნელი. მუქარაც გაისმა, რომ ტაძრებს მოსკოვი სისხლის ფასადაც დაიცავდა და, სავარაუდოდ, რუსეთი მასზე დაქვემდებარებული უკრაინული ტაძრების სამღვდელოებასა და მრევლს გამოიყვანს.

    "მოსკოვის მხრიდან ძალიან დიდი წინააღმდეგობაა მოსალოდნელი. როდესაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე საუბარი განახლდა, მაშინვე დაისვა ამ მნიშვნელოვანი მონასტრების საკითხიც. მაშინ აცხადებდნენ, რომ თუ კიევის საპატრიარქო ეცდებოდა მათ დაბრუნებას, მოსკოვი მათ სისხლის ფასადაც დაიცავდა.

    "საინტერესოა, რეალურად რაზე არიან წამსვლელი რუსები. ისიც უნდა ითქვას, რომ პოჩაევის ლავრაზე მეტად მტკივნეული მათთვის კიევის მღვიმეთა (კიევი-პეჩორის) მონასტერია," - ამბობს გამრეკელაშვილი.

    უკრაინის კულტურის სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის ყველა ტაძრის ინვენტარიზაცია ოქტომბერში მოითხოვა. სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიას მინიჭების პროცედურა დაიწყო.

    ცნობისათვის, უკრაინაში ამჟამად სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეკლესია მოქმედებს.

    აყველაზე მრავალრიცხოვანია მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. მისი ხელმძღვანელია ონოფრი, ვინც დანარჩენ ეკლესიებს კანონიკურად არ ცნობს.

    მეორეა კიევის საპატრიარქო, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი განაგებს.

    მესამე უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელსაც მაკარი მეთაურობს.

    11 ოქტომბერს ფილარეტი და მაკარი კანონიკურ სტატუსში აღადგინა კონსტანტინეპოლის ეკლესიამ და დააანონსა, რომ მათი გაერთიანების შემდეგ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭება. რუსეთის ეკლესიამ ამ გადაწყვეტილების გამო მსოფლიო საპატრიარქოსთან ყოველგვარი კავშირი 15 ოქტომბერს გაწყვიტა და კონსტანტინეპოლი მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური საზღვრების დარღვევაში დაადანაშაულა.

    დღეს უკრაინაში ყველაზე მრავალრიცხოვანი, მრევლის თვალსაზრისით და ტაძრების რაოდენობით, არის ეკლესია, რომელსაც ონოფრი ხელმძღვანელობს და მოსკოვს ექვემდებარება. ამ ეკლესიას ეკუთვნის 11 392 ეკლესია და ტაძარი. კიევის საპატრიარქოს აქვს 3 784 ეკლესია. უკრაინის ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს 868 ტაძარი.

    მოსკოვის საპატრიარქო ფლობს უკრაინის სამ ყველაზე მნიშვნელოვან ტაძარს - კიევ-პეჩორის ლავრას, პოჩაევის ლავრასა და წმინდა სამების ლავრას კიევში.

    კიევის პატრიარქმა ფილარეტმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შემდეგ ის შენობები, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარება, მათ შორის ლავრები, გახდება ახალი ადგილობრივი ეკლესიის ქონება. მან აგვისტოში ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინაში საკუთრება არა აქვს.

    რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა კი არაერთხელ განაცხადეს, რომ საკუთრების გადანაწილების მცდელობა "ძალადობას" და "სისხლისღვრას" გამოიწვევს.

    11 392 ტაძრიდან პირველი ტაძრის რუსეთისთვის ჩამორთმევის პროცესი უკვე დაიწყო.

    23 ნოემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ რელიგიურ ორგანიზაციას პოჩაევის ლავრის ნაგებობებით სარგებლობის იურიდიული უფლება გაუუქმა და ის უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა.

    შესაბამისი მოთხოვნით უწყებას კრემენეც-პოჩაევის ისტორიული და არქეოლოგიური ნაკრძალის ადმინისტრაციამ მიმართა, რომელიც მონასტერს ფლობს.

    განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც, ლავრის 6 ნაგებობა მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებულ უკრაინის ეკლესიას 2052 წლამდე გადაეცა, უკანონო იყო.

    ინსპექტირების დროს სამინისტრომ დაადგინა, რომ გადაწყვეტილება წესების დარღვევით იყო მიღებული. ახალ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმებით მონასტერში მყოფ ბერებს არ ეკრძალებათ პოჩაევის ლავრის გამოყენება შესაბამისი რელიგიური რიტუალების შესასრულებლად.

    რუსეთის ეკლესიიდან პასუხმაც არ დააყოვნა.

    "ეს ინფორმაცია მიუთითებს, რომ მზადდება ფართომასშტაბიანი ზემოქმედება უკრაინის კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მის მონასტრებსა და ეკლესიებზე," - განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა.

    ბალაშოვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეკლესიების მიერთება ნებაყოფლობითი ხასიათის იქნებოდა, ეს გადაწყვეტილება კი ნებაყოფლობითი არ არის. განხეთქილებაში მყოფ სხვა უკრაინულ ეკლესიებთან შეერთების მომხრე ბერები პოჩაევოს ლავრაში ერთი-ორი თუ იქნება და უკრაინის ხელისუფლებამ ეს ვერ გათვალა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved