სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აშშ 2 თებერვალს აშშ-სსრკ-ის 1987 წლის შეთანხმებას დატოვებს
    ეკატერინე ბასილაია
    21.01.2019

     ვაშინგტონიდან მოსკოვისთვის მიცემული გამაფრთხილებელი 2-თვიანი ვადა იწურება და დიდი მოლოდინია, რომ 2 თებერვალს აშშ ოფიციალურად დატოვებს ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ საბჭოთა კავშირთან დადებულ ხელშეკრულებას. რა შეიცვლება მსოფლიოში ამ ხელშეკრულების გაუქმებით - ამაზე დამაიმედებელი პროგნოზები არ კეთდება. უკვე ერთგვარად დაანონსებულია, რომ შეიარაღების გამალებული რბოლა დაიწყება, ხოლო კრემლიდან "გამაფრთხილებელი" განცხადებაც გაისმა, რომ "მსოფლიო უფრო სახიფათო გახდება".

    ქართველი სამხედრო ექსპერტების თქმით კი, ამ ფონზე დიდია ალბათობა, აშშ-ის ჯიბრზე რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ რაღაც პრობლემები გაამწვაოს.

    ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ბირთვული რაკეტების გამო დაპირისპირება, წლებია, არსებობს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ამ ხელშეკრულების გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი მას სისტემატურად არღვევს, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც აშშ-ს აქვს.

    თეთრი სახლი მოითხოვს, რომ მოსკოვმა ხელშეკრულების პუნქტების შესრულება დაიწყოს და, ასევე, რუსეთმა თავის სამხედრო ბაზებზე დაუშვას საერთაშორისო კომისია, რომელიც შეამოწმებს, აქვს თუ არა კრემლს შეიარაღებაში ამ კატეგორიის რაკეტები.ამ ბრალდებით აშშ ჯერ კიდევ 2014 წელს გამოვიდა. ამერიკული მხარის ცნობით, რუსეთმა 2008-2011 წლებში, ხელშეკრულების პირობების დარღვევით, გამოსცადა ახალი ფრთოსანი რაკეტა, რომლის მოქმედების სიშორე 500 კილომეტრზე მეტია. გასული წლის 4 დეკემბერს კი აშშ დაიმუქრა "საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" შეთანხმებიდან გამოსვლით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი 60 დღის განმავლობაში არ შეუდგებოდა შეთანხმებით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებების შესრულებას.

    გარდა ამისა, ხელშეკრულების დარღვევისთვის რუსეთს ახალი სანქციებიც დაუწესა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროს ცნობით, სანქციები შეეხება იმ საწარმოებსა და კომპანიებს, რომლებიც ახალი სარაკეტო ტექნოლოგიების შემუშავებაში მონაწილეობენ. პენტაგონს კი დაევალა ახალი ტიპის ფრთოსანი რაკეტების შექმნაზე იმუშაოს.

    მოგვიანებით ნატო-მაც მოუწოდა რუსეთს, "დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ხელშეკრულების მოთხოვნების სრულ შესრულებას", თუმცა კრემლმა მოთხოვნას კონტრბრალდებებით უპასუხა.

    კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლამ, შესაძლოა, "უფრო სახიფათო" გახადოს მსოფლიო და რუსეთს აიძულოს ნაბიჯების გადადგმა ძალთა შორის ბალანსის აღსადგენად.

    ცნობისათვის, რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა 1987 წლის დეკემბერში ხელი მოაწერეს "მცირე და საშუალო სიშორის რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" ხელშეკრულებას, რომელიც შემდეგი წლის 1 ივნისს ამოქმედდა. ხელშეკრულება ეხება მხოლოდ სახმელეთო ბაზირების რაკეტებს - მხარეებს უნდა გაენადგურებინათ და ევროპიდან გაეტანათ საშუალო (1000-5500 კმ) და მცირე (500-1000 კმ) მოქმედების რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ყველა კომპლექტი, არ გამოეცადათ და არ შეექმნათ ისინი მომავალში.

     უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, ამ ხელშეკრულების შეჩერებით ბევრად უფრო გაიზრდება დაპირისპირება აშშ-სა და რუსეთს შორის და ახალი ცივი ომი უარყოფით დინამიკურ ხასიათს მიიღებს. ამასთან, დაიწყება შეიარაღების გამალებული რბოლა და ამ რბოლის ადგილი შეიძლება გახდეს აღმოსავლეთი ევროპა, მთლიანად შავი ზღვის აუზი და ცენტრალური ევროპა.

    მისი თქმით, ამ დაპირისპირებაში ერთ მხარეს დგანან ნატო-ს წევრი ქვეყნები და მათ შორის უპირველესად აშშ, მეორე მხარეს კი - რუსეთი და ირანი.

    "ამ აქტორებში შედის ირანი, რომელსაც 2000 კმ-მდე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები აქვს და ამ ფერხულში ჩაებმება. რუსეთი და ირანი ოფიციალურად აშშ-ის მტრები არიან, ასევე, ნატო-ს მოწინააღმდეგეებიც არიან. აქედან გამომდინარე, ნატო-სა და აშშ-ს მოუწევთ, მიიღონ ადეკვატური ზომები, რათა სიტუაცია დააბალანსონ. ანუ, ეს გამოიწვევს ევროპის რეგიონში ანალოგიური ბალისტიკური რაკეტების განლაგებას," - ამბობს მაისაია.

    მისი თქმით, ეს გამალებული შეიარაღება საქართველოსაც დიდ საფრთხეს უქმნის, ვინაიდან მთავარი ეპიცენტრი შავი ზღვისპირეთი და აღმოსავლეთი ევროპა გახდება. თანაც, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აუცილებლად განალაგებს ბალისტიკურ რაკეტებს, რაც სერიოზული გამოწვევაა.

    "თუ ამერიკელებმა ბულგარეთსა და რუმინეთში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების - "იჯისებისა" და "პეტრიოტების" განთავსება დაიწყეს, რომლებსაც შეუძლიათ, გადაიჭირონ ბალისტიკური რაკეტები, ეს ამ ტერიტორიას მოწყვლადს გახდის და კიდევ უფრო გაიზრდება დაპირისპირება. გარდა ამისა, რუსებმა თავდაცვითი ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ელემენტები განათავსეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ჯდება ამ რბოლაში.

    "არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკელებმა საქართველოს სთხოვონ გარკვეული გადამჭერი სისტემების განთავსება და საქართველოც ჩაებას ამ გამალებული შეიარაღების რბოლაში. ეს არის დიდი რისკი. ჩვენ ამ საშიშ თამაშში არ უნდა ჩავებათ, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს," - აცხადებს მაისაია.

    სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის მთავარი რედაქტორის - ირაკლი ალადაშვილის თქმით, 1987 წელს გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ბირთვული ომისა და სარაკეტო თავდასხმების საფრთხე და ახლა ხელშეკრულების დარღვევით ევროპა სახიფათო ხდება.

    "აშშ-ის დაზვერვამ დააფიქსირა, რომ რუსებმა დაიწყეს ახალი ფრთოსანი რაკეტის გამოცდა და შეიარაღებაში მიღება, რომლის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრზე მეტია და შესაძლოა, 2000-მდეც იყოს, რაც ამ ხელშეკრულებას არღვევს. ამერიკის პრეტენზია ესაა. რუსეთის კონტრარგუმენტი ისაა, რომ აშშ-მა რუმინეთსა და პოლონეთში განათავსა ანტისარაკეტო სისტემები და ამ სისტემების გამშვებ დანადგარს შეუძლია როგორც ანტისარაკეტო-საზენიტო რაკეტის, ასევე "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტის გაშვებაც ხმელეთიდან და ვაშინგტონმაც დაარღვია ხელშეკრულება. ამაზე მიდის ჭიდილი.

    "რუსეთი უკან არ იხევს და, დიდი ალბათობით, აშშ თებერვალში ხელშეკრულებას შეწყვეტს, რაც სიტუაციას გაართულებს და გამოიწვევს მილიტარიზაციას - უფრო სახიფათო გახდება ევროპა. თუ რუსეთმა ეს სისტემები კალინინგრადის ოლქში განათავსა, შეუძლია, დაფაროს თითქმის მთელი ევროპა. სამხრეთ კავკასია და საქართველო კი ისედაც დაფარული აქვს. აშშ-მაც თუ განათავსა იგივე პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, ის მისწვდება მოსკოვსა და რუსეთის ბევრ სტრატეგიულ ობიექტს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში კიდევ უფრო დაიძაბება სიტუაცია ბირთვული საფრთხის კუთხით," - ამბობს ალადაშვილი.

    მისი თქმით, დიდია ალბათობა, ამერიკელების ჯიბრზე რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ რაღაც პრობლემები გაამწვავოს კიდეც.

    "რადგან რუსეთი საქართველოს მეზობელია, საქართველოსთვის საფრთხე მუდმივად არსებობს. რუსული "ისკანდერები", რისიც დღეს ნატო-ს ეშინია, 2008 წელს რუსეთმა ორი ცალი გვესროლა და ჩვენ ეს უკვე გამოვლილი გვაქვს. დაძაბულობა გაიზრდება და ამერიკელების ჯიბრზე რუსეთი ეცდება, საქართველოს წინააღმდეგ რაღაც პრობლემები გააძლიეროს.

    "სამწუხაროდ, საქართველო რუსეთის სამიზნე ბოლო 25 წელია, მუდმივად იყო და რჩება ახლაც. სიტუაცია არა მარტო საქართველოსთვის, მთლიანად ევროპისთვის იქნება დაძაბული, თუ ეს ხელშეკრულება დაირღვა და ამერიკელებმა და რუსებმა დაიწყეს საშუალო და მცირე სიშორის რადიუსის ბირთვულ ქობინიანი სარაკეტო სისტემების განთავსება ევროპაში," - დასძენს ალადაშვილი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    mzirali   (21.01.2019)
    არსად თუ არ ცვებიტ როგორ ვაპირებთ არსებობას. მესმის რომ ამს გათვლები ჭირდება მაგრამ მაშინ როდესაც ევკოავშირი და აშშ სანქციებს უწესებს რუსეთს ჩვენ ახრხეინად ვაჭრობთ/ ისე შედეგი მანიტერესბა ამ კომერციის. რა რუსეთმა შეწყვიტა ცხინვალის რეგიონის ბორდიზაცია თუ რა. მოკლედ გვინდა ქვეყნა დავიცვათ უნდა მოვიკლოთ ბევრი რამ და გავაკეთოთ ჩვენი გასაკეტებელი და არა ისე რომ აქაოდა შიმშილით გავწყდებით და ესაო და ისაო/

    vaso   (21.01.2019)
    მაგ ცივი ომი იყო ზუსტად რომ დაშალა სსსრკ, და ახლა საბოლოოდ გადატეხავს წელში რუსეთს. იგი დაიშლება. ნეტა კი განათავსებდეს აშშ ბაზებსა და ტომაჰავკებს. პირიქით კარგი არაა ჩვენთვის? ჩიტიც კი ვერ შემოფრინდება კავკასიონიდან.

    გოგა   (21.01.2019)
    ეგრე იცის გაჰკირე_ხეპრულმა თავნათქვამმა პოლიტიკამ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved