სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    25.01.2019

     ჩრდილოეთ ოსეთში დიდი შფოთი და უკმაყოფილებაა პრიგოროდნი რაიონის ერთ-ერთ სოფელში ინგუშების ბოლოდროინდელი სტუმრობის გამო და აცხადებენ, რომ ინგუშებს სურთ, საკუთარი სახლებიდან გამოასახლონ ოსები, იმ არგუმენტით, რომ 30 წლის წინ ამ სოფლებში თავად ცხოვრობდნენ, რაც ოსების მტკიცებით, მიუღებელია და დიდ არეულობას გამოიწვევს.

    საქმე იმაშია, რომ სოფელი ირი ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიგოროდნი რაიონში შედის, რომელიც ადრე ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკას ეკუთვნოდა და ახლა, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ტერიტორიული დავები დაიწყო და ჩეჩნეთმა ინგუშებს ტერიტორია წაართვა, უკვე ჩრდილოეთ ოსეთში გაჩნდა შიში, ინგუშები ხომ არ გეგმავენ პრიგოროდნი რაიონის კუთვნილებაზე დავა გააქტიურდეს.

    ინგუშები პრიგოროდნი რაიონის სოფელ ირში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ და სწორედ ამ სტუმრობის ვიდეოს ადგილობრივი ოსები აქტიურად აზიარებენ „ფეისბუქში" და თან აღშფოთებით წერენ, რომ ინგუშები ოსების გამოსახლებასა და სოფლებში დასახლებას გეგმავენ.

    როგორც წერენ, ეს ადამიანები მიწების დაბრუნებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ეს საკითხი უმაღლეს დონეზეა გადაწყვეტილი.

    ამ დიდი აჟიოტაჟის შემდეგ ადგილობრივმა ტელეარხმა განაცხადა, რომ ეს იყო ინგუშეთის დელეგაცია, რომლის ჩასვლასაც ინგუშეთის ეთნოსის სამინისტრო ახორციელებდა და საქმე ეხება პრიგოროდნი რაიონის ყოფილ მაცხოვრებლებს, რომლებმაც თავიანთ სახლები 1992 წელს ოსურ-ინგუშური კონფლიქტის დროს დატოვეს.

    „ჩამოსულებმა მოინახულეს თავიანთი მიწის ნაკვეთები და სახლები, გაესაუბრნენ ოს მეზობლებს და მიუხედავად იმისა, რაც გადაიტანეს, გამოთქვეს სურვილი, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ. სოფელის ადმინისტრაციამ, როგორც წესი, მიიღო ინგუშეთის დელეგაცია და დაჰპირდა, რომ მათი განზრახვა შეუწყობს ხელს", - აცხადებს ტელეარხი.

    სწორედ სახლების დაბრუნების მოთხოვნის გამო არიან აღშფოთებულები ადგილობრივი ოსებიც და „ფეისბუქში" ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ.

    ზოგიერთი მომხმარებელმა განაცხადა, რომ ეს იყო ორგანიზებული აქცია.

    „სახელმწიფომ მათ კომპენსაცია უკვე გადაუხადა, რა უნდათ კიდევ? მიწა კი არ სურთ, არამედ უნდათ რომ არეულობა დაიწყოს",- წერს „ფეისბუქში" ოსი მომხმარებელი.

    „მათ სახლებისა და მიწებს გამო ფული რამდენჯერმე გადაეცათ, კიდევ რა უნდათ. ამ ომით ყველაფერი მიიღეს, მილიონერებიც კი გახდნენ", - წერს მეორე.

    „სოფლის ხელმძღვანელობა ინგუშებს სად სთავაზობენ მიწებს? სთავაზობენ, რომ ოსებს თავიანთი სახლებიდან გამოასახლონ და მიწა ინგუშებს გადაეცეთ?!" - ამგვარი ნეგატიური გამოხმაურებები არ ცხრება.

    მოგვიანებით, ამ დისკუსიას ჩეჩნეთის კომუნიკაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ჯამბულატ უმაროვი შეუერთდა. რუსულ რადიოში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინგუშ ერს საკუთარ ტერიტორიაზე უფლებები აქვს და არც ოსებს სურთ სხვისი არაფერი და ირწმუნება, რომ ამ ორ ხალხს შორის არანაირი ტერიტორიული პრობლემები არ შეიქმნება.

    პრიგოროდნი რაიონის გამო ინგუშებსა და ოსებს შორის პრობლემები დიდი ხანია არსებობს და ამ ტერიტორიის გამო 1990-იან წლებში მათ შორის შეიარაღებული კონფლიქტიც იყო, რომელიც ოსების გამარჯვებით და დაახლოებით, 60 000 ინგუშის პრიგოროდნიდან განდევნით დასრულდა.

    ისტორია ასეთია. 1924 წელს, შეიქმნა ინგუშეთის ავტონომიური მხარე, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა პრიგოროდნის რაიონი, ვლადიკავკაზის იმ ნაწილის ჩათვლით, სადაც მეტწილად ინგუში მოსახლეობაა. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს, სტალინის ბრძანებით, ჩეჩნები და ინგუშები სრული რაოდენობით გაასახლეს შუა აზიასა და ციმბირში. უმოსახლოდ დარჩენილი პრიგოროდნის რაიონი კი ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას მიაერთეს. 1957 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა ჩეჩენ-ინგუშთა ასსრ აღადგინა და რეპრესირებულების დაბრუნება დაიწყო თავიანთ საცხოვრებელში. ამ დროს პრიგოროდნის რაიონი ჩრდილოეთ ოსეთს ეკუთვნოდა. ინგუშებმა ოსებისგან სახლების გამოსყიდვა დაიწყეს და საბჭოთა კავშირის დაშლამდე პრიგოროდნის დაბრუნების მოთხოვნით აქციებიც რამდენჯერმე გაიმართა. დაძაბულობამ პიკს 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიაღწია და პროცესი შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. დაპირისპირებაში ინგუშები დამარცხდნენ და 60 000-ზე მეტი ინგუში ტერიტორიიდან გაიდევნა. საბოლოოდ, მოსკოვის ჩარევით, 1995 წელს მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და პრიგოროდნში ინგუშებს დაბრუნების უფლება დართეს, თუმცა ტერიტორია ისევ ჩრდილოეთ ოსეთს კუთვნილებაში დარჩა.

    2005 წელს ინგუშეთის სასამართლომ აღადგინა აღადგინა ინგუშეთის ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვარი 1944 წელს არსებული შემადგენლობით, თუმცა მოგვიანებით, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

    ასევე 2000-იანი წლებში რუსეთმა პრიგოროდნიდან გასახლებული ლტოლვილების დაბრუნებისთვის სპეციალური სამოქმედო გეგმაც შექმნა, თუმცა არც ინგუშები და არც ოსები ამ სამოქმედო გეგმას არ დაეთანხმნენ. ჩრდილოეთ ოსეთი აცხადებდა, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობდა, ხოლო ინგუშები გააღიზიანა იმან, რომ ლტოლვილებს სთავაზობდნენ არა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, არამედ ჩრდილოეთ ოსეთში სპეციალურად აშენებულ სოფლებში.

    2009 წელს, ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელად დანიშნულმა თეიმურაზ მამსუროვმა და ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუს-ბექ ევკუროვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების შესახებ. შეთანხმების მთავარი მიზანი რეგიონებს შორის კონფლიქტის შედეგების მთლიანად აღმოფხვრა იყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved