სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    03.02.2019

     ევროპისთვის ახალი, სახიფათო რეალობა დაიწყო - „საშუალო და ახლო რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ" 1987 წლის შეთანხმება დატოვა აშშ-მაც და რუსეთმაც და უკვე გამოაცხადეს კიდეც, რომ ბალისტიკური რაკეტების გამალებით მოდერნიზება-წარმოება ს იწყებენ, რის შემდეგაც ევროპის კონტინენტის ბირთვული სამიზნეებით აივსება.

    „2 თებერვალს ბირთვული შეიარაღების გამალებული რბოლა ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა და ევროპა უფრო სახიფათო გახდა", - აცხადებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია. მისი თქმით, ახალი ცივი ომი უფრო და უფრო საშიშ სახეს იღებს.

    2 თებერვალს ამოიწურა ვაშინგტონიდან მოსკოვისთვის მიცემული ვადა, რომ ბირთვული რაკეტების შესახებ ხელშეკრულების წესებს დაბრუნებოდა რუსეთი და გაენადგურებინა საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული რაკეტა 9М729 „ნოვატორი", რომლის მთელი დივიზიონიც განალაგა ცოტა ხნის წინ რუსეთმა თავის დასავლეთ საზღვართან.

    1-ლ თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ აშშ 2 თებერვლიდან აჩერებს ბირთვული ძალების შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას, რადგან რუსეთი მუდმივად არღვევს შეთანხმებას. მისი თქმით, შეთანხმებიდან გამოსვლის პროცესი 6 თვე გაგრძელდება და ვაშინგტონი მოსკოვს სწორედ ამ 6 თვეს აძლევს შეთანხმების გადასარჩენად.

    ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან ახალი სარაკეტო შეთანხმების გაფორმება სურს, რომელიც ძველზე უკეთესი იქნება. ხოლო თუკი რუსეთი შეთანხმებაზე არ წამოვა, აშშ განავითარებს საკუთარ შეიარაღებას, რათა „რუსეთს ჩამოართვას უკანონო ქმედებებისგან მიღებული ნებისმიერი სამხედრო უპირატესობა".

    რუსეთის პასუხმაც არ დააყოვნა. 2 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მათი „პასუხი სარკისებრი იქნება" და ასევე არ აპირებენ ახალი შეთანხმების გაფორმებას.

    „ჩვენი პასუხი სარკისებრი იქნება. ამერიკელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ წყვეტენ მონაწილეობას ამ შეთანხმებაში და ჩვენც ასე მოვიქცევით. მათ თქვეს, რომ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობით არიან დაკავებული. ჩვენც იგივეს გავაკეთებთ", - განაცხადა პუტინმა.

    ამას გარდა, პუტინი აშშ-ის მოკავშირეებს დაემუქრა.

    „ასეთ იარაღი თუ გაჩნდება, რუსეთი ევროპასა ან მსოფლიოს სხვა რეგიონებში არ გამოიყენებს საშუალო და მცირე სიშორის შეიარაღებას, სანამ ამავე რეგიონებში ამერიკული წარმოების მსგავსი შეიარაღება არ გამოჩნდება", - განაცხადა პუტინმა.

    მისი თქმით, რუსეთი „აშშ-ის მიერ გამოცხადებულ შეიარაღების გამალებულ რბოლაში" არ ჩაერთვება, თუმცა იქვე თავდაცვის მინისტს სერგეი შოიგუს დაავალა, სასწრაფოდ დაასრულოს რაკეტა „კალიბრის" სახმელეთო ვერსიისა და ასევე სახმელეთო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტების სერიის შექმნა.

    მოსკოვი ისევ იმას ამტკიცებს, რომ ამ ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულების დარღვევა აშშ-მა დაიწყო ჯერ კიდევ 1999 წელს. რუსეთის პრეტენზიაა, რომ რუმინეთსა და პოლონეთში აშშ-მა განათავსა ანტისარაკეტო სისტემები და ამ სისტემების გამშვებ დანადგარს შეუძლია როგორც ანტისარაკეტო-საზენიტო რაკეტის, ასევე „ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტის გაშვებაც ხმელეთიდან, რაც ხელშეკრულების დარღვევაა.

    ნატო-ს ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ შეთანხმების შესრულება დაიწყოს. ასევე საფრანგეთის მთავრობამ მოუწოდა მოსკოვს ხელშეკრულებიდან გასვლის პროცესისთვის განსაზღვრული 6 თვე გამოიყენოს და დაუბრუნდეს შეთანხმების შესრულებას. ხოლო გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა სარაკეტო შეთანხმება შენარჩუნდეს. ამავე დროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონს მოუწოდა ევროპაში ამერიკული რაკეტები განათავსოს.

    ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება 1987 წელს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ს პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის გაფორმდა და ამ შეთანხმებამ „ცივი ომის" დასრულებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ხელშეკრულება ეხება სახმელეთო ბაზირების რაკეტებს და მხარეებს უნდა გაენადგურებინათ და ევროპიდან გაეტანათ საშუალო (1000-5500 კმ) და მცირე (500-1000 კმ) რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ყველა კომპლექტი და არ გამოეცადათ და არ შეექმნათ ისინი მომავალში.

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას განცხადებით, 1970-80-იანი წლებში დაიწყო ბირთვული შეიარაღების საშიში რბოლა ევროპაში საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის. საბჭოთა კავშირმა უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიასა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ახალი კლასის საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტების SS-20-ების და SS-18-ის განლაგება დაიწყო, რომელიც ნატო-ში შემავალ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს საფრთხეს უქმნიდა. ალიანსმა კი საპასუხოდ ბრიტანეთში, იტალიასა და გერმანიაში საშუალო სიშორის „პერშინგ 2"-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების და სახმელეთო ფრთოსანი რაკეტები განალაგა.

    „მაშინ დაახლოებით საშუალო და მცირე სიშორის 250 სარაკეტო კომპლექსი განთავსდა ევროპაში ორივე მხარის მიერ და ბირთვული დარტყმა რომ დაწყებულიყო, ევროპის კონტინენტი აღიგვებოდა დედამიწიდან. სხვათა შორის, თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიებზეც იყო განთავსებული მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტები," - ამბობს მაისაია.

    მაისაიას თქმით, სწორედ ბირთვული შეიარაღების ამ საშიშ რბოლას მოჰყვა მოჰყვა 1987 წლის ხელშეკრულებაც, რამაც მნიშველოვნად შეამცირა ბირთვული ომის და სარაკეტო თავდასხმების საფრთხე.

    „ხელშეკრულების თანახმად საბჭოთა მხარემ მოხსნა ოპერატიული მორიგეობიდან და გაანდგურა შემდეგი ამ კლასის სახის რაკეტები, მათ შორის მობილური: P-10 (SS-20), P-12 (ნატო-ს კლასიფიკაციით SS-4), P-14 (SS-5), ფრთოსანი რაკეტები PK-55, მცირე სიშორის რაკეტები - OTP-22 (SS-12), OTP-23 (SS-23). თავის მხრივ ამერიკულმა მხარემ გაანადგურა დასავლეთ ევროპაში (ძირითადად იტალია, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში) განლაგებული სახმელეთო ბაზირების საშუალო სიშორის რაკეტები „პერშინგ-2", სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები „ВГМ" (თომაჰოუკი) და ასევე მცირე სიშორის სახმელეთო ბაზირების „პერშინგ-1ა" და „პერშინგ-2ბ" რაკეტები. საერთი ჯამში 36 თვის განმავლობაში ორივე მხარემ გაანადგურეს 898 უკვე განთავსებული, განუთავსებელი 700 საშუალოდ სიშორის რაკეტები და ასევე მცირე სიშორის 1096 რაკეტა (აქედან უკვე განთავსებული 387). ამ რაკეტებიდან 56% მოდიოდა საბჭოთა კავშირზე,"- ამბობს მაისაია და დასძენს, რომ ახლა, ხელშეკრულების დარღვევით, ევროპა სახიფათო ხდება.

    „აშშ-ც და რუსეთიც საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტების გამალებულ მოდერნიზებას დაიწყებენ. რუსებმა უკვე დაიწყეს სახმელეთო დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების მოდერნიზება და პუტინმა შოიგუს უკვე დაავალა ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემების დროზე შემუშავება.

    „დიდი ალბათობით, რუსები საშუალო და მცირე სიშორის სარაკეტო კომპლექსებს განათავსებენ კალინინგრადის ოლქში, საიდანაც შეუძლიათ დაფარონ თითქმის მთელი ევროპა და სამხრეთ კავკასია. საქართველო ისედაც დაფარული ჰქონდათ.

    „რუსები აუცილებლად გამოიყენებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, საიდანაც შეუძლიათ მისწვდნენ თურქეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, შესაძლოა ჩეხეთსა და პოლონეთსაც. ასევე ჩრდილოკავკასიაში განათავსებენ დამრტყმელ ბომბდამშენებს, რომელთა ფრენის სიშორე სოლიდურია და შავი ზღვის აკვატორიის ნებისმიერ ქვეყანას შეუძლიათ მისწვდნენ. საუბარია, რომ შესაძლოა განათავსონ „ისკანდერ ემ"-ები და „კინჯალი".

    „რაც შეეხება აშშ-ს, ის ალბათ გამოიყენებს გერმანიის ტერიტორიას, პოლონეთს, ბალტიის და შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნებს, რომ განათავსოს „იჯისები", „პეტრიოტები", ასევე შეტევითი ტიპის ბალისტიკური რაკეტები - „ტომაჰავკები".

    „აშშ მისწვდება მოსკოვს და რუსეთის ბევრ სტრატეგიულ ობიექტს. დაფარვის ზონა ამერიკელებს უფრო მეტი აქვთ, ვიდრე რუსებს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში კიდევ უფრო დაიძაბება სიტუაცია ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით.

    „ხიფათი ძალიან დიდია, ერთმანეთის პირისპირ არარაციონალური და არაპროგნოზირებადი პუტინი და ტრამპი დგანან. ახალი ცივი ომი ბევრად უფრო საშიშ სახეს იღებს. სახმელეთო დაპირისპირების პოტენციალი იზრდება. საქართველო ამ ბირთვულ რბოლის ეპიცენტრში ექცევა და ეს ძალიან დიდი ხიფათია," - ამბობს მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mzirali   (03.02.2019)
    ვაშააააა. როგორც იქნა ისტორიული არჩევანის საშუალება გვექნება ან დასავლეთთან ან რუსეთთან


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved