თამთა ჩაჩანიძე
14.01.2020

 აშშ-ში დაწყებული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფონზე ახალი რუსულ-ამერიკული სკანდალი გორდება, რომელშიც ისევ რუსი ჰაკერები ფიგურირებენ. ამჯერად თავდასხმა მოხდა ტრამპის იმპიჩმენტთან და „უკრაინულ სკანდალთან" პირდაპირ კავშირში მყოფი უკრაინული ენერგეტიკული კომპანია „Burisma"-ს სერვერებზე და ეს თავდასხმა რუსეთის არმიის გენშტაბის მთავარი სამმართველოს (ყოფილი „გერეუ") მიერ იყო ორგანიზებული და მართული. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი" წერს კიბერუსაფრთხოების ამერიკული კომპანია „Area 1 Security"-ის ექსპერტებზე დაყრდნობით.

ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გასული წლის 25 ივლისს შემდგარი მისი სატელეფონო საუბრის შემდეგ დაიწყო. საუბრის დროს ტრამპი ზელენსკის სთხოვდა გამოძიების დაწყებას მისი ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატისა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ, რომელიც სწორედ უკრაინული „Burisma"-ს მმართველი საბჭოს წევრი იყო და შეესწავლა ამ კომპანიაში მისი საქმიანობა.

„ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, ჰაკერული თავდასხმები „ბურისმას" სერვერებზე გასული წლის ნოემბერში დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც ამერიკულ და მსოფლიო მედიაში ტრამპი-ზელენსკის საუბრის ჩანაწერის განხილვა და აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ჯერჯერობით ზუსტად ცნობილი არ არის, თუ კონკრეტულად რას ეძებდნენ ჰაკერები, მაგრამ ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ისინი სავარაუდოდ ჰანტერ ბაიდენზე კომპრომატების მოპოვებას ცდილობდნენ.

„Area 1 Security"-ის ექსპერტის შეფასებით, რუსი ჰაკერების ტაქტიკა საოცრად ჰგავს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიისას დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის სერვერებზე თავდასხმას, რაშიც აშშ-ის სპეცსამსახურები ადანაშაულებენ რუსეთს. მაშინაც და „Burisma"-ს შემთხვევაშიც გამოყენებული იყო ე.წ. საფიშინგო ელექტრონული წერილები, რომელთა საშუალებითაც ჰაკერები მომხმარებელთა სახელებისა და პაროლების მოპარვას ცდილობდნენ.

გამოცემის თანახმად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს თავდასხმა ერთობლივად განახორციელეს რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მთავარმა სამმართველომ და რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ კერძო ჰაკერების ჯგუფმა, რომელიც „Fancy Bear"-ის სახელითაა ცნობილი.

ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არც რუსეთის ხელისუფლებას და არც კომპანია „Burisma"-ს არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×