თამთა ჩაჩანიძე
17.01.2020

 „პუტინმა ფაქტობრივად საბჭოთა პოლიტიკური მართვის სისტემა შემოიტანა, მან კოლექტიური პოლიტიკური ბიურო შექმნა, სადაც მას, როგორც ქვეყნის ლიდერს პრივილეგიები მიენიჭება ,რუსული იმერიისა და საბჭოთა კავშირის ერთგვარი სინთეზი განახორციელა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ქვეყანაში დაწყებულ ძირეულ პოლიტიკურ ცვლილებებს.

მისივე თქმით, პუტინმა დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ერთგვარად ყაზახეთისა და ჩინეთის პოლიტიკური სინთეზი მოახდინა.

„პუტინმა ოპერაცია „მემკვიდრის" განხორციელება დაიწყო, რისთვისაც მან პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, ფაქტობრივად პუტინს შემოაქვს ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტი -სახელმწიფო საბჭო, ის ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციებს ზრდის და საპრეზიდენტო უფლებამოსილების ხარჯზე საკმაოდ დიდ უფლებამოსილებებს ანიჭებს,

„სახელმწიფო სათათბიროს უფლებამოსილებებს აძლევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების უშუალო კონტროლი მოახდინოს, მას უფლება მიენიჭება, მთავრობა დააკომპლექტოს და ქვეყნის პრემიერმინისტრი თანამდებობაზე წარადგინოს, რაც ადრე პრეზიდენტის პრეროგატივა იყო,

„ზედა პალატას, ანუ ფედერალურ საბჭოს საშუალება მიეცემა, რომ ძალოვანი სტრუქტურები დააკომპლექტოს და ჰქონდეს მათზე ერთგვარი მონიტორინგის უფლება, ესენია ეროვნული გვარდიის სპეცსამსახური, ფედერალური უშიშროების სამსახური, შსს, თავდაცვის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„სახელმწიფო საბჭოში, რომელიც ფაქტობრივად პუტინის მიერ შემოტანილი არაკონსტიტუციური ორგანო იყო, რომლის მეშვეობით იგი ქვეყნის მართვას ახორციელებდა, გაერთიანებული იყვნენ ფედერალური და რეგიონული პოლიტ-მმართველები. ეს ორგანო ხდება კონსტიტუციური და არაა სავალდებულო, რომ ამ ორგანოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდეს, პუტინმა ფაქტობრივად ერთგვარად ყაზახეთისა და ჩინეთის პოლიტიკური სინთეზი მოახდინა.

„პუტინი მმართველი პოლიტიკური პარტიის „ედინაია რასიას" თავმჯდომარე გახდება, რომელი პოზიციაც დღეს ყოფილ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს უჭირავს, იგი არაფორმალური მმართველის როლს მოირგებს, მას რეალური მართვის ბერკეტები ექნება,

„ის, რომ „ედინაია რასიას" კონსტიტუციური უმრავლესობა ექნება, იძლევა საშუალება, რომ თავისუფლად, იოლად მოახდინოს კონსტიტუციური ცვლილებები და მისთვის სასურველი პოზიციები მოირგოს.

„ამ ცვლილებებით პუტინმა დააფიქსირა, რომ რუსეთი გლობალური ჰეგემონის პოზიციებისკენ მიისწრაფის, მან რუსეთში მის მიერვე დამკვიდრებული სუვერენული დემოკრატიის პრინციპი დაამყარა, ანუ პირველად რუსეთის ისტორიაში შევა კოსნტიტუციური ცვლილება რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები იმოქმედებს იმ ნაწილში, რომელშიც ისინი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

„ამით ფაქტობრივად პუტინი ისეთ ინსტიტუტს ნიველირებას უკეთებს, როგორიცაა სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლო, ასევე ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს," - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამით რუსეთის პრეზიდენტმა საბჭოთა პოლიტიკური მართვის სისტემა დააბრუნა.

„პუტინმა არსებითად საბჭოთა პოლიტიკური მართვის სისტემა შემოიტანა, მან კოლექტიური პოლიტიკური ბიურო შექმნა, სადაც მას პრივილეგიები მიენიჭება, როგორც ქვეყნის ლიდერს (ის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ამ პოზიციებს არ დათმობს),მან არ დამალა კიდეც, რომ მისი მთავარი იდეა საბჭოთა კავშირის მოდელის აღდგენა იყო. ევრაზიული კავშირი, საბჭოთა კავშირის 21-ე საუკუნის ერთგვარი მოდერნიზირებული ვარიანტია, მან შეიარაღებულ ძალებში საბჭოთა სიმბოლიკა აღადგინა, აღადგინა საბჭოთა ჰიმნი, აღადგინა ჰერალდიკა , მან რუსული იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ერთგვარი სინთეზი განახორციელა," - განაცხადა მაისაიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×