ტატა შოშიაშვილი
18.01.2020

ბერლინში ტერაქტის დაგეგმვის ბრალდებით დაკავებულ ჩეჩენ ლტოლვილებს შორის ერთ-ერთი აღმოჩნდა ზელიმხან ბ., რომელიც თვითაღიარებული ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავარ იდეოლოგად აღიარებული მოვლადი უდუგოვის ძმისშვილია. ამის შესახებ ცნობებს „დოიჩე ველე" ავრცელებს.

14 იანვარს, დილით, ბერლინში პოლიციამ და სპეცნაზმა დააკავა ზელიმხანი და განუმარტა, რომ ის ეჭვმიტანილია ბერლინში ტერაქტის მოწყობის დაგეგმვაში. გარდა ამისა, მას რადიკალიზმშიც სდებენ ბრალს. თუმცა ის არ იყო ერთადერთი, ვინც დააკავეს - ზელიმხანის გარდა კიდევ 4 პირი დაიჭირეს, რომელთა ასაკი 23-დან 28 წლამდე მერყეობს.

მათ წაართვეს ე.წ. ფლეშ-ბარათები და ტელეფონები. გერმანულმა მხარემ ზელიმხანის მონაწილეობა სავარაუდო ტერაქტის მომზადებაში განმარტა იმით, რომ მის ტელეფონში აღმოაჩინეს ვიდეომასალა, რომელზეც ასახული იყო სინაგოგა. ვიდეო ნახევარწუთზე ნაკლები ქრონომეტრაჟის იყო. თავად ზელიმხანი აცხადებს, რომ ჩეჩენი თანამემამულეებისთვის ბერლინის საჩვენებლად გადაიღო ეს ვიდეო და პოლიციის მიერ წაყენებულ ბრლდებას უარჰყოფს.

ადგილობრივმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ამჟამად არ აქვთ მნიშვნელოვანი მტკიცებულება საიმისოდ, რომ ზელიმხანი და კიდევ 4 ადამიანი პატიმრობაში დატოვონ - ისინი გაათავისუფლეს. თავად ზელიმხანი ამბობს, რომ ვერ ხვდება, რატომ ეძახიან ექსტრიმისტს და რატომ „ჩაწერეს" რადიკალური ისლამისტების რიგებში:

„არ ვიცი, ასე რატომ გვეძახიან. წვერის გამო? პოლიციაში ჩემს დაკითხვას ისეთივე წვერიანი ადამინი აწარმოებდა, როგორიც მე მაქვს - მასაც ჟღალი წვერი ჰქონდა და თან ჩემსაზე გრძელი. პოლიციელმა მითხრა, რომ ადამიანებს წვერიანი ხალხის ეშინიათ. მე კი ვკითხე - „თქვენი წვერის რატომ არ ეშინია არავის?" - აღნიშნა ზელიმხან ბ.-მ „დოიჩე ვალესთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ცნობისთვის, ზელიმხან ბ.-ის ტელეფონში გადაღებული ვიდეომასალა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტებრითაა დათარიღებული, თუმცა გერმანიაში ჩეჩენ ემიგრატნებზე რეიდები ბოლო რამდნეიმე დღის განმავლობაში ხორციელდება. ადგილობრივ სამართალდამცველებს ეჭვი აქვთ, რომ ჩეჩენი რადიკალების ჯგუფი ქვეყნისთვის სახიფათო ტერორისტულ აქტს გეგმავდა. ამ ყველაფერს კი ბიძგი ზელიმხანის მიერ სინაგოგის ფოტოგადაღებამ მისცა.

აღსანიშნავია, რომ დაკავებები მხოლოდ ბერინში არ ხორცილდებოდა და სულ მცირე კიდევ სამი ქალაქი მოიცვა, მათ შორის - რანდენბურგი, ჰაგენი და არნშტატი. ოპერაციებში ასობით პოლიციელი იყო ჩართული, მათ დახმარებას სპეცნაზიც უწევდა.

ზელიმხან ბ. თვითაღიარებული იჩქერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურის, მოვლადი უდუგოვის ძმიშვილია. ის ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტთან ჯოხარ დუდაევთან ერთად მუშაობდა, იყო მისი პრესსამსახურის უფროსი. დროთა განმავლობაში განსხვავებული თანამდებობები ეკავა. მაგრამ ასევე ცნობილი იყო ვაჰაბიზმის პროპაგანდით.

ჩეჩნეთის მეორე ომის დროს გაიქცა და, სავარაუდოდდ, ცხოვრობდა როგორც თურქეთში, ასევე შემდეგ სპარსეთის ყურისა და სკანდინავიის ქვეყნებში. უკანასკნელად უდუგოვის შესახებ ცნობები 2000-იანი წლების ბოლოს გავრცელდა, როდესაც, სავარაუდოდ პრაღაში დაინახეს. მას შემდეგ მის შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა.

ფოტოზე: მოვლადი უდუგოვი (მარცხნივ) და დამოუკიდებელი იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტი ასლან მასხადოვი

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×