რეზონანსი
21.01.2020

  შვეიცარიის ქალაქ დავოსში მეორე დღეა, რაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. ადგილზე მსოფლიოს უამრავი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც იმყოფება. ამის ფონზე კი ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია ერთი კურიოზული ინციდენტის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ რუს ჯაშუშებს უკავშირდება.

ეკონომიკურ შეხვედრაზე წელს ერთ-ერთი მთავარი თემა კლიმატის ცვლილება და ბუნების დაცვაა. ამიტომ შეხვედრაზე განსაკუთრებით ელოდნენ შვედ ეკო-აქტივისტ გრეტა თუნბერგს. ფორუმის დაწყებამდე კი ადგილობრივმა გაზეთმა „თაგეს-ანცაიგერმა" კურიოზული ისტორია გაიხსენა დავოსში დაკავებული რუსეთის ორი მოქალაქის შესახებ.

ინციდენტი გასული წლის აგვისტოში მოხდა. გრაუბაუნდენის კანტონის პოლიციამ საბუთების შემოწმების მიზნით ორი რუსი მოქალაქე დააკავა. მათ შვეიცარიელ სამართალდამცავებს განუცხადეს, რომ უბრალო სანტექნიკოსები იყვნენ, თუმცა შემოწმებისას გაირკვა, რომ ორივეს დიპლომატიური პასპორტი ჰქონდა.

შემოწმების ფაქტი პოლიციის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ანიტა სენტიმ დაადასტურა. როგორც შვეიცარიული გამოცემა წერს, პოლიციელები კიდევ უფრო დააეჭვა იმან, რომ რუსმა სანტექნიკოსებმა გარკვევით ვერ ახსნეს, თუ რა მიზნით იმყოფებოდნენ დავოსში, თუმცა განაცხადეს, რომ მსოფლიოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კურორტზე 3 კვირით აპირებდნენ დარჩენას.

გამოცემის ცნობით, ისინი დიპლომატების სტატუსით ოფიციალურად არ ყოფილან აკრედიტირებული შვეიცარიაში და შესაბამისად, ვერ ისარგებლებდნენ დიპლომატიური ხელშეუხებლობით, თუკი პოლიცია ჯაშუშობის ბრალდებით მათ დაპატიმრებას გადაწყვეტდა. თუმცა, რუსი „სანტექნიკოსები" მათთან განსაკუთრებულ მოპყრობას ითხოვდნენ, რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები კი მათი თანამემამულეების დაპატიმრების შემთხვევაში შვეიცარიას „დიპლომატიური შედეგებით" დაემუქრნენ.

საბოლოოდ რუსები გაათავისუფლეს. როგორც ანიტა სენტიმ აღნიშნა, მათი ჯაშუშური აქტივობა არ დადასტურდა. ორივე დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა შვეიცარიის თავისუფლად დაეტოვების საშუალება მისცეს.

რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა ქალაქ ბერნში სტანისლავ სმირნოვმა კი საინტერესო განცხადება გააკეთა ამ საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, რუსეთში დიპლომატიური პასპორტები მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გაიცემა.

როგორც ადგილობრივი გაზეთი წერს, ყველა, ვინც საქმის დეტალები იცის, ადასტურებენ, ეს „სანტექტიკოსები" სავარაუდოდ რუსი ჯაშუშები იყვნენ და მათი მთავარი სამიზნე სწორედ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იყო. დიდი ალბათობით, ისინი მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას ან ჰაკერულ თავდასხმას ეცდებოდნენ.

ჯაშუშების ერთ-ერთი შესაძლო სამიზნე ობიექტი კრემლის კრიტიკოსი, ბრიტანელ-ამერიკელი ინვესტორი ბილ ბრაუდერი შესაძლოა ყოფილიყო, რომელსაც რუსეთის ფედერაცია წითელი ცირკულარით ეძებს დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით.

დავოსში 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 24 იანვრამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ეს არის ყოველწლიური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიო პოლიტიკის წარმომადგენლები და პროექტი მიჩნეულია წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად.

ალექსანდრე კორტავა

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×