თამთა ჩაჩანიძე
24.01.2020

 თურქეთმა ნატოს, არც მეტი არც ნაკლები, რუსეთისგან შეძენილი ეს-400 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემის ალიანსის თავდაცვით სისტემაში ინტეგრირება შესთავაზა, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი" ავრცელებს.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჩავუშოღლუმ თქვა, რომ რუსული ეს-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვითი სისტემა შესაძლოა ამერიკულ მეხუთე თაობის F-35 ტიპის ავიაგამანადგურებელთან სრულიად თავსებადი აღმოჩნდეს.

ის ნატოს თავდაცვითი სისტემების თავსებადობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რათა შეაფასონ, თუ როგორ შეიძლება S-400 ტიპის სარაკეტო სისტემა ალიანსის სისტემებთან ინტეგრირდეს.

„მოდით, სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, ნატო შეძლებს მის ხელმძღვანელობას. დაე, ექსპერტებმა შეისწავლონ ეს საკითხი და ამაზე მათ გააკეთონ შეფასება."- განაცხადა ჩავუშოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა ანკარა რუსული ეს-400 ტიპის სარაკეტო სისტემის შეძენის გამო, უახლესი ავიაგამანადგურებლების F-35 პროგრამიდან გარიცხა.

თავის მხრივ, თურქეთი S-400-ებზე უარის თქმას არ აპირებს. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, სისტემა საბრძოლო მზადყოფნაში 2020 წლის აპრილში იქნება.

თურქეთის მიერ რუსული С-400-ის შეძენამ თურქეთსა და აშშ-ის შორის საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. შეერთებული შტატები ანკარისგან სისტემების შეძენაზე უარის თქმას მოითხოვდა, რადგან მისი განცახდებით, ეს ნატოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

ვაშინგტონმა განაცხადა, რომ თურქეთს გამანადგურებელ F-35-ს აღარ მიჰყიდის და ქვეყანა თურქ პილოტებს დაატოვებინა, რომლებიც F-35-ზე სწავლებას აშშ-ში გადიოდნენ. ამის მიუხედავად, თურქეთმა რუსულ С-400-ზე უარი მაინც არ თქვა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×