თამთა ჩაჩანიძე
19.02.2020

ქვეყნის აღმოსავლეთში გამწვავებული სიტუაციისა და განახლებული შეტაკებების ფონზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოახერხებს ტერიტორიების დაკარგვის გარეშე დონბასში კონფლიქტი დასრულებას - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა „უკრაინა 24"-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი პრეზიდენტი ომის დასასრულებლად ყველაფერს აკეთებს. თქვენ იცით,რომ ამ საკითხის მოგვარება დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე რთულია, თუმცა ამას წერტილი უნდა დაესვას," - თქვა დანილოვმა.

მან 18 თებერვალს გამართული უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზეც ისაუბრა, რომლის საფუძველზე ეროვნული უსაფრთხოება და თავდაცვის სტრატეგია იქნა მიღებული. დანილოვის თქმით, „ომის შეწყვეტას არ შეიძლება თან ახლდეს ის ფაქტი, რომ უკრაინა ტერიტორიას ან სუვერენიტეტს დაკარგავს."

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულმა ძალებმა სამშაბათს გამთენიისას მოულოდნელად ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს, ბრძოლა მიდიოდა დასახლებული პუნქტების - ზოლოტოეს, ნოვოტოშკოვის, ორეხოვოს, კრიმსკის და ვოლნის მიმართულებით.

საბრძოლო მოქმედებებში ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებები შენაერთები მონაწილეობდნენ. ისინი იყენებდნენ 120 მმ კალიბრის ნაღმტყორცნებს, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებს ყუმბარმტყორცნებს, რაც, მინსკის შეთანხმებიდან გამომდინარე, აკრძალულია.

დონბასის მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს 2018 წლის შემდეგ, ამ ტერიტორიაზე ყველაზე სისხლისმღვრელი შეტაკება იყო. ბრძოლა ადგილობრივი დროით გამთენიისას 5 საათზე დაიწყო და დაახლოებით 10:00-ზე შეწყდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 2 უკრაინელი ჯარისკაცი და 4 დაიჭრა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულ შეტევას დონბასში სამშვიდობო პროცესის ჩაშლის მცდელობა უწოდა და განაცხადა, რომ იგი ამ საკითხზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს.

„ამ დილით თავს დაესხნენ პოზიციებს ნოვოტოშკოვსკის, ორეხოვოს, კრიმსკოეის, ვოლნის დასახლებების მახლობლად.

დებალცევოს ტრაგედიის მეხუთე წლისთავზე „ბოეევიკებმა" და ოკუპანტებმა ცინიკური პროვოკაცია მოაწყვეს. ეს უბრალოდ ცინიკური პროვოკაცია არ არის, რომლის მიზანია დებალცევოს ჭრილობაზე დაჭერა, რომელიც არასდროს მორჩება სრულად. ეს არის დონბასში მშვიდობიანი პროცესის ჩაშლის მცდელობა, რომელმაც წინსვლა დაიწყო პატარა, თუმცა შეუქცევადი ნაბიჯებით.

დაბომბვა ხორციელდება მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღებით. სამწუხაროდ, არის დანაკარგებიც. ჩვენი კურსი ომის დამთავრებისკენ და საერთაშორისო ხელშეკრულებებისადმი ერთგულების შენარჩუნებაში, უცვლელი რჩება - ისევე როგორც ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მოვიგერიოთ უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის ნებისმიერი გამოვლინება", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ევროკავშირი დონბასში უკანონო ფორმირებების მებრძოლებს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი აიძულებს მათ, მშვიდობის რეჟიმი შეინარჩუნონ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, რუსლან ხომჩაკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შეტევა მოიგერიეს. მისივე თქმით, მოწინააღმდეგის მხარეს დაღუპულია ოთხი ადამიანი, ექვსი კი, დაიჭრა. მისივე თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებს უკან არ დაუხევიათ და ყველა პოზიციას აკონტროლებენ.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×