თამთა ჩაჩანიძე
26.02.2020

იტალიაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაცია დღითი-დღე მწვავდება, ეს ევროპული ქვეყანა კონტინენტზე უკვე ნელ-ნელა ისეთ ადგილს იკავებს, როგორსაც გლობალურ დონეზე ჩინეთი. სამშაბათს ექვსმა ევროპულმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ მათ მოქალაქეებს კორონავირუსი იტალიაში მოგზაურობის დროს შეეყარათ.

აღსანიშნავია, რომ ამ ექვსი ქვეყნიდან სამში ვირუსის შემთხვევა პირველად დაფიქსირდა, ხოლო დანარჩენ სამ ქვეყანაში ადრეც იყო.

საუბარია შევეიცარიაზე, ავსტრიასა და ხორვატიაზე, სადაც ვირუსი სწორედ იტალიიდან დაბუნებულმა მოქალაქეებმა შეიტანეს, ხოლო დანარჩენ სამ ქვეყანაში - გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში - ვირუსის შემთხვევები მანამდეც იყო აღრიცხული..

იტალიაში კვლავ დაძაბული სიტუაციაა, ვრცელდება ცნობები ალაგ-ალაგ პანიკური შემთხვევების შესახებ. სააგენტოების ინფორმაციით, ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში ანტივირუსული ნიღბის ფასი შავ ბაზარზე ას ევრომდე ადის,

პანიკა უკვე დასავლეთ ნახევარსფეროზეც გადადის. კორონავირუსთან დაკავშირებით სან-ფრანცისკოს მმართველობამ ქალაქში საგანგებო სიტუაცია შემოიღო. ყველაზე უცნაური ისაა, რომ მანამდე ამ ქალაქში, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს სწორედ ჩინური წარმომავლობის ამერიკელები შეადგენენ, ვირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ეტყობა პანიკა იმდენად ძლიერია, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ ასეთი რადიკალური ზომის შემოღება პრევენციის მიზნით გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ამჟამად კორონავირუსის 53 დადასტურებული შემთხვევაა, მსოფლიო მასშტაბით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა, ხოლო დადასტურებული სიკვდილიანობა 2700 ადამიანს აჭარბებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×