სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    29.07.2017

    თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდება და მოხდება უკვე გაცემული ნებართვების დეტალური შესწავლა.

    მისი თქმით, უკვე გაცემულია ნებართვები კოლოსალური რაოდენობის მშენებლობაზე, რაც სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.

    "მინდა, გული გაგიხეთქოთ: უკვე გაცემულია და ჯერ არ აშენებულა 6,5 მილიონი კვადრატული მეტრის სამშენებლო ნებართვები. ეს, იცით, რა რაოდენობაა? ეს არის დაახლოებით კიდევ ერთი თბილისის აშენება. მოსკოვში, რომელიც არის 10-ჯერ უფრო დიდი ქალაქი, სადაც რამდენჯერმე უფრო მდიდარი ხალხი ცხოვრობს, ვიდრე თბილისში, 3 მილიონ კვადრატულ მეტრს ვერ ყიდიან წელიწადში. ჩვენ 6,5 მილიონი კვ.მ. როგორ უნდა გავყიდოთ, არ ვიცი.

    "შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად მოხდება (მშენებლობაზე) მორატორიუმის გამოცხადება და ყველა სამშენებლო ნებართვის დეტალური რევიზია. სამშენებლო ნებართვები, რომლებიც არღვევს წესებს, არღვევს კანონებს და ქალაქის და ხალხის ინტერესებს, აუცილებლად გაუქმდება - ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

    უნდა გამოცხადდეს თუ არა მორატორიუმი დედაქალაქში არსებულ მშენებლობებზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     გია ბუღაძე (ფერმწერი): დიახ. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ არ იქნება დახვეწილი, შეთანხმებული და გააზრებული პოლიტიკა მთელი უბნების რეაბილიტაციისა და რეგენერაციისა.

    მე მგონია, რომ ეს გადასაწყვეტია და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ისეთი დიდი ქალაქების მაგალითები, როგორიც არის რომი, ტოლედო, პარიზი, ბარსელონა და ა.შ. ეს აუცილებელია, რადგან თბილისი დღეს, ფაქტობრივად, ჩვენ უკვე დავკარგეთ.

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): დიდი ხნის წინ უნდა გამოცხადებულიყო მორატორიუმი და სერიოზული კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო ეს საქმე. ახლა, ვფიქრობ, დაგვიანებულიც კია, რადგან ქალაქი უმსგავსო ბეტონის ჯუნგლებს დაემსგავსა და ეს მორატორიუმი რას უშველის უკვე, არავინ იცის. თბილისი უკვე მოკვდა და დარჩა ეს საშინელი გარემო. ამიტომ, ვფიქრობ, უკვე დაგვიანებულია.

    მგონია, რომ ახალი მერიც ვერაფერს უზამს ამ საშინელ სენს, რასაც ფულის კეთება ჰქვია და არაფრად აგდებს არც ქალაქის ისტორიას, არც გეოგრაფიას და საერთოდ არაფერს.

     

    მიხეილ ღა ნიშაშვილი (პოეტი): საჭიროა გარკვეული ღონისძიებებს მიღება. თუ მორატორიუმი გამოცხადდება, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მეეჭვება, იმუშაოს ამან, რადგან ყველაფერი უცნაურად ხდება ამ ქვეყანაში.

     

     

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, რადგან ბეტონის ქალაქად გადაიქცა თბილისი. ამასთან, უნდა არსებობდეს ქალაქის გენგეგმა და ამ გეგმის მიხედვით უნდა ვითარდებოდეს ყველაფერი.

    სამწუხაროდ, შევარდნაძის დროს, როცა რჩეულიშვილებმა დაიწყეს მშენებლობა, მაშინ მოხდა ამ კანონის უგულებელყოფა, თორემ როგორ შეიძლება გენგეგმის გარეშე ქალაქის განვითარება. ბუნებრივია, რომ მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter