რეზონანსი
08.07.2022

თელავის მე-8 საჯარო სკოლაში, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გახსნილ საგამოცდო ცენტრში, 5 ივლისს, ქართულის გამოცდაზე, მხიარული განწყობა სუფევდა. ერთი აბიტურიენტი გამოცდაზე უცნაური იმიჯით გამოცხადდა და ყველა გაახალისა. მეორე დღეს, ამ ამბავს, აბიტურიენტები სოციალურ ქსელში ასე იხსენებდნენ:

„ჩემს სექტორში ერთი ბიჭი 10 ლიტრიანი წყლის ბალონით და ფლოსტებით იყო. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ყველა იქ მჯდომი აპლიკანტი გაამხიარულა. ტიპი ყოველ წუთას იცინოდა".

ბიჭი, რომელიც გამოცდაზე ჩუსტებითა და ფაქტობრივად დევის სამყოფი რაოდენობის წყლით ხელში გამოცხადდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები ლაშა ღარიბაშვილია. როგორ ლაშა იხსენებს, ჩუსტებით სიარული სკოლაშიც უყვარდა.

„ბოლო ზარზე და ბანკეტზეც ფლოსტებით ვიყავი მისული. სკოლაშიც ასე დავდიოდი. კომფორტულია და იმიტომ. ღადაობის ამბავია. ჩემი აზრით, გამოცდას რაც უფრო ლაღად მიუდგები, მით უფრო მაგარ შედეგს დადებ. ნერვიულობით ვერაფერს შეცვლი. ზოგი ბღაოდა და მგონი, მათზე უკეთესი შედეგს მე დავდებ. მე რომ შევედი, ყველამ სიცილი დაიწყო", - ჰყვება ლაშა.

რაც შეეხება უზარმაზარი წყლის ბიდონით გამოცდაზე მისვლას, ლაშა ამბობს, რომ საგამოცდო ცენტრთან ადრე მივიდა, იქ სხვა, ასევე ადრიანად მისულ, აბიტურიენტებთან ერთად „ჯოკერი" ითამაშა, რომლის პირობაც იყო ის, რომ წაგებულს გამოცდაზე 12 ლიტრი წყალი უნდა შეეტანა.

„ადრე წავედი, რომ არ დამგვიანებოდა. ტაქსებზეც პრობლემა იყო და... 8-ის ნახევარზე უკვე იქ ვიყავი და 9-ს 5 წუთი აკლდა, გამოცდაზე რომ შევედი. „ჯოკერი" ვითამაშე გარეთ და წავაგე წყლის შეტანა. მითხრეს, ვერ შეგატანინებთო, მაგრამ ვუთხარი, ნერვიულობის დროს ბევრ წყალს ვსვამ-მეთქი და შემატანინეს. ვერავის გამასპინძლება ვერ შევძელი - ყველას თავისი წყალი ჰქონდა. ჭიქა მოვითხოვე, მაგრამ არ მომცეს და 12 ლიტრიანით ვსვამდი. 2 ლიტრამდე კი დავლიე. საგამოცდო სექტორში გამაგრილებელი არ იყო და საშინლად ცხელოდა", - ჰყვება კახელი ბიჭი.

ლაშა ამბობს, რომ საგამოცდო ცენტრში მხოლოდ აბიტურიენტები კი არა, გამოცდების ცენტრის წარმომადგენლებიც გაამხიარულა. თავის თავზე კი გვითხრა, მხიარული კი არა, უფრო ფეხებზე მკიდია ვარო.

„ყველაფერზე ვღადაობდით მთელი სექტორი. რაღაცაზე გამეცინებოდა და ყველა ამყვებოდა ხოლმე. კონტროლიორებიც მაგარი ჯიგრები იყვნენ - ისინიც ჩვენთან ერთად იცინოდნენ. მე კი უფრო ფეხებზე მკიდია ვარ, ვიდრე მხიარული. მთავარია, მე ვიყო კომფორტულად და ვინ რას იფიქრებს, სულ არ მაინტერესებს. საგამოცდო ცენტრშიც ყველა მე მიყურებდა. ალბათ 5 გოგო მაინც მიღებდა ვიდეოს, სანამ შევიდოდით გამოცდაზე. მინდოდა, მათთვის მეთქვა, გამომიგზავნეთ ეს ვიდეოები და ფოტოები-მეთქი, მაგრამ გამექცნენ. მე ისიც მიხარია, რომ ვამხიარულებ გარშემო ადამიანებს. როგორც შევატყვე, ბევრს სტრესი მოეხსნა და გამოცდაზე ბედნიერი შევიდა. სოციალურ ქსელში დაწერეს, კი, საყვარლობაა, მაგრამ ხალხს ხელი შეუშალაო. იქ ვინც იყო, ისინი წერდნენ, ხელი არავის შეშლია, პირიქით, სტრესისგან დავიცალეთო".

კითხვაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მოგვარეს, ირაკლი ღარიბაშვილს თუ იცნობს და როგორია მათი კავშირი, ამბობს, რომ მთავრობის მეთაურთან არაფერი აკავშირებს.

ლაშა ღარიბაშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკოლოგიის ფაკულტეტზე უნდა სწავლა. ამბობს, რომ ბუნება უყვარს და რეინჯერად უნდა მუშაობა. იმედი აქვს, ქართულსა და ისტორიაში კარგ ქულებს მიიღებს, ინგლისური ენის გამოცდისა კი ეშინია, რადგან არ უყვარს ეს ენა და კარგადაც ვერ ისწავლა.

„ვეფხისტყაოსანი" დავწერე. ყველა ამბობს, ადვილი იყოო, მაგრამ ჩემთვის მაინც ძნელი იყო, იმიტომ, რომ ძალიან მოკლე ტექსტი მოგვცეს და ციტატების ამოღება რთული იყო. წელს დავამთავრე სკოლა და იქ რა ქულები დამიწერეს, ისიც არ ვიცი, მთავრია, დავამთავრე. სკოლაში ისტორიის გარდა, არაფერს ვსწავლობდი. ქართულში ბოლოს 3 თვე ვიარე მასწავლებელთან. საკმარისი არ იყო ეს დრო, მაგრამ მთავარია, პრინციპი დაამუღამო, როგორ უნდა დაწერო რედაქტირება და თხზულება და ეს თუ დაამუღამე, პროგრამულ თუ არაპროგრამულ მასალას თავისუფლად დაწერ. არგუმენტები მოვიყვანე „გამზრდელიდან", „თორნიკე ერისთავიდან" და დავწერე", - თქვა 2022 წლის ეროვნული გამოცდების სახალისო ისტორიის მთავარმა გმირმა.

წყარო: EDU.ARIS.GE

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×