რეზონანსი
22.08.2022

ტრაგიკულად დაღუპული ძმების მასწავლებელი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუს ავრცელებს და ერთ-ერთი ძმის, ივიკოს, ნახატებს გვიზიარებს.

„უჯარმაში, მდინარე იორის არხში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ჩემთვის ორმაგად მძიმეა ამ უბედურების გააზრება. დაღუპული ძმები გახლდათ ჩემი აბიტურიენტები, თბილისში ჩემი მეზობლები, ახლობლები, ოჯახის წევრები, შვილები თითქოს დაცარიელდა სამყარო, გული სევდას ვერ იტევს, ცა ჩამოიქცა, მწუხრის ზეწარი გადაეფინა ქვეყანას...

დიახ, ორივე ჩემი აღზრდილია. უფროსი: ნიკოლოზ მახარობლიშვილი თ.ს.უ. მესამე კურსის სტუდენტი იყო, სტიპენდიანტი. უკიდურესად განათლებული, ერუდირებული, ღრმა ინტელექტის მატარებელი. თითქოს ეჩქარებოდა, უკვე მესამეკურსელი დისერტაციაზე მუშაობდა, დარჩა არაერთი გამოუქვეყნებელი ნაშრომი.

მეორე, უმცროსი ძმა ივანე მახარობლიშვილი მე-12 კლასში გადავიდა. ფენომენალური ნიჭის პატრონი. ყოველ მეცადინეობაზე გაოცებული შევყურებდი. მისი უნარი, 16 წლის ბიჭის შესაძლებლობას აღემატებოდა. იყო უაღრესად შრომისმოყვარე, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი. პროფესიონალურად ხატავდა, გრაფიკული დიზაინით აწყობდა პერსონაჟებს, სხვა ხედვა ჰქონდა. დღე და ღამე მუშაობდა, ცდილობდა მოესწრო, დაემთავრებინა ნამუშევრები და დაეტოვებინა. ღმერთო, რა ძნელია ჩემთვის მათზე წარსულში საუბარი.

16 წლის ბიჭს გადაკითხული ჰქონდა საზღვარგარეთის ლიტერატურა: დანტე "ღვთაებრივი კომედია", გოეთეს "ფაუსტი" და ა.შ. თითქოს წინათგრძნობა ჰქონდა, ქვეცნობიერად გრძნობდა, ემზადებოდა იმ სამყაროში გადასვლისთვის. ხშირად მთხოვდა მესაუბრა ფილოსოფიურ და რელიგიურ თემებზე, ასევე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხით იყო გატაცებული. სულ მიკვირდა და ვფიქრობდი, თუ რატომ აიკვიატა ეს თემები?

გთავაზობთ, ივიკოს ბოლო ორი თვის ნამუშევრებს. გთხოვთ, ყურადღებით დაათვალიეროთ ყველა დეტალი: 1. ადამისა და ევას შეხვედრა სამოთხეში. ეს ნაშრომი ტილოზე აქვს შესრულებული. 2. ბარათაშვილი-თავზე დააკვირდი ყორანს, მეორე მხარეს ტაძარი ლექსიდან "ხატის წინ", დაბლა "მერანი". 3. გაკტიონი--"ლურჯა ცხენები", უკან "რომელი საათია", გვერდით "სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში". 4. რუსთაველი-ტანზე პერსონაჟები და ეპიზოდებია გაცოცხლებული. ეს, ივიკოს ნახატების არასრული ჩამონათვალია. ესენი, სპეციალისტების მიერ შეფასებულია უნიკალურ ნაშრომებად. თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშია.

გამოვდივარ ინიციატივით, მოეწყოს ნიკა და ივას ნაშრომების გამოფენა ხელოვნების მუზეუმში, რათა გაიცნოს საზოგადოებამ ეს ბიჭები. ივიკო ხომ ამაზე ოცნებობდა. ამ საქმეს მე ჩავუდგები სათავეში, პირადად მე ვუხემძღვანელებ და ბოლომდე მივიყვან.

გზას დაგილოცავთ ჩემო მოსწავლეებო, შვილებო. მშვიდად განისვენეთ ძმებო. ნუ გეშინიათ, იცოდეთ: "მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად". შეხვედრამდე. თქვენი ნინო მასწავლებელი! 22. 08. 2022წ. დაკრძალვა: სამშაბათს, 23. 08. 2 საათზე. მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი, სამტრედიიდ ქ. წმ. გიორგის სახ. ტაძარი", - წერს ძმების მასწავლებელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×