რეზონანსი
31.08.2022

29 ივლისს, გუდაურში მომხდარ ტრაგედიას, მფრინავის ზაზა ლორიას და ეკიპაჟის კიდევ 7 წევრის სიცოცხლე შეეწირა. ზაზა ლორიას შესახებ მისი შვილი საუბრობს.

ანი ლორია (ზაზა ლორიას შვილი): როგორც თვითონ ამბობდა, თუკი ამ პროფესიით „დაავადდი“, ძნელია განკურნება. თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო, სხვაგვარად წარმოუდგენელიც არის, 35 წელი ერთ საქმეს ემსახურო. ყოველთვის ედარდებოდა ავიაციის ბედი და საკუთარი შვილებივით ზრდიდა მომავალ თაობას. ამაყად წავალ, ჩემს შემდეგ ჩემი ბიჭები განაგრძობენ გზასო.

ჩვენი და ნებისმიერი მფრინავის ოჯახში ფრენა ყოველდრიურობასთან ასოცირდება. მეტსაც გეტყვით, მთელი ბავშვობა მოუთმენლად ველოდი ხოლმე ცაზე მის გამოჩენას. დაგვირეკავდა: მოვფრინავ და გულისფანცქალით, ხელგაშლილი მივრბოდი მის დასახვედრად. დაბალზე იცოდა გადმოფრენა, ვერტმფრენის გუგუნი და ეს ენით აღუწერელი ემოციები უდიდეს სიამაყესა და სიხარულს მგვრიდა, რომელიც შემდეგ ჩემმა შვილმა, საბამ გადაიბარა. დღემდე მისთვის ყველა ვერტმფრენი ბაბუსთან ასოცირდება.

 ზაზა ლორია პროფესიის მიღმა იყო უპირობო სიყვარულის არაამქვეყნიური ნიჭით დაჯილოებული ადამიანი. არასდროს არაფერს მოითხოვდა შენგან, უყვარდი ისეთი, როგორიც იყავი. სჯეროდა საკუთარი შვილების, იყო ჩვენი ნებისმიერი წამოწყების პირველი მხარდამჭერი, არასდროს გაგრძნობინებდა ასაკობრივ სხვაობას, ჰქონდა საოცარი იუმორი, უყვარდა ადამიანები. ძნელად გაიხსენებს ვინმე ბრაზმორეულ ზაზას, სახეზე მუდამ სიკეთენარევი ღიმილი ჰქონდა. დედა იყო მისი ყველაზე დიდი სიყვარული, მოტივაცია, იმედი. იტყოდა ხოლმე, „მე ყველაფერს ჩემი თამუნასთვის ვაკეთებო“.

 მამაჩემი სიცოცხლეშივე იყო ჩემი გმირი და ბედნიერი ვარ, რომ ეს არაერთხელ მოუსმენია ჩემგან. ზღაპარში გვაცხოვრა, რომელსაც სიკვდილითაც არ მისცა დასრულების ნება. დღეს იმაზე ამაყი ვარ, ვიდრე ოდესმე…“.

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×