რეზონანსი
01.09.2022

შოუმენი, ვანო ჯავახიშვილი, "მთავარი არხის" განცხადებას ეხმაურება და წერს:

“გავეცანი ‘’მთავარი არხის’’ განცხადებას ჩვენი გუნდის წასვლასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე ვფიქრობდი რომ არ იქნებოდა კარგი შიდა ამბების გარეთ გამომზეურება, უბრალოდ ახლა ვთვლით რომ ეს არის ჩვენი გუნდის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. სიმართლე ის არის, რომ ფინანსური კრიზისის გამო არხზე ჩვენი გადაცემები მართლა დაიხურა (”ვანოს შოუ”, ”ახალი შაბათის შოუ” , ”მთავარი ბიჭები”, ‘’მთავარი გოგოები’’) და არხზე დარჩა ისეთი გადაცემები, რომლებსაც სპონსორები ჰყავდათ.

სამი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აბსოლუტურად უხელფასოდ და ერთი წამითაც არ გაგვიჩერებია ეთერი. ჩემი გუნდის თანამშრომლები ჩაცვივდნენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, დავალიანება დღემდე დავალიანებად დარჩა, იმის მიუხედავად, რომ არხზე დარჩენილი თანამშრომლები ჩვეულებრივად იღებენ ანაზღაურებას. რაც შეეხება მთავარი არხის შემოთავაზებას, არხმა შემოგვთავაზა შემდეგი: მხოლოდ დარჩენს ‘’ვანოს შოუ’’, ხოლო დანარჩენი გადაცემები დაიხუროს.

ეს ნიშნავდა იმას რომ გუნდის 70% სახლში უნდა გაგვეშვა, ის ადამიანები რომლებიც მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში გვერდში გვედგნენ და ბოლომდე მოგვყვებოდნენ. ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც არც ერთი წამით არ იხევდნენ უკან, როცა არხს გასაჭირი ქონდა. რა თქმა უნდა ჩვენმა გუნდმა ერთიანობა ამჯობინა და ამიტომ დავთანხმდით ისეთ შემოთავაზებას, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გუნდი მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. ‘’მთავარი არხის’’ მხრიდან ამ ტიპის განცხადება და ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობა, არის პირდაპირ გეტყვით სრული უნამუსობა და ბოროტება. მივმართავ ზემოთხსენებული განცხადების ავტორს: უკადრებელს ნუ კადრულობ ‘’მეგობარო’’

ერთგულებაზე კრიტიკას ვერ მივიღებთ, რადგან ვთვლით რომ ერთგულება უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი", - წერს ვანო.

მანამდე „მთავარმა არხმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ: „პავილიონის შენახვა, მასშტაბური სტუდიების ნაქირავები ტექნიკით აღჭურვა და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა იმდენად ძვირი ჯდებოდა, რომ ჩვენ, უბრალოდ, ვეღარ შევძლებდით ასეთი ხარჯების გაწევას. ამიტომ მივიღეთ პავილიონის გაუქმების მძიმე გადაწყვეტილება.

ზემოთჩამოთვლილი გადაცემებიდან ყველამ მიიღო ერთნაირი შეთავაზება, რომ გადასულიყვნენ თვითდაფინანსებაზე; საჭიროების შემთხვევაში, შეეკვეცათ ხარჯები; მორგებოდნენ ალტერნატიულ, უფრო მცირე ზომის ლოკაციებს ეთერში გასასვლელად; ახალ რეალობაზე მოსარგებად, შეეტანათ ცვლილებები გადაცემების ფორმატში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მარტივი ამოცანა, ფაქტობრივად, ყველა გადაცემამ თანხმობა განაცხადა შეთავაზებულ ცვლილებებზე.

„ერთადერთი გუნდი, რომელმაც განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა „მთავარი არხის“ ახალ რეალობაზე მორგებას და ამისთვის აუცილებელი ცვლილებების შეტანას გადაცემებში, „ვანოს შოუს“ გუნდი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პავილიონის დახურვის შემდეგ ჩვენ მათთან არაერთი დამატებითი საუბარი გავმართეთ, შევთავაზეთ შემცირებული ზომის სტუდიის მოწყობა და შევთავაზეთ დახმარება სპონსორების მოძიებაში, მათ მაინც გადაწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობის შეწყვეტა და არხიდან წასვლა. როგორც თვითონ განგვიმარტეს, მათ უკეთესი შეთავაზება მიიღეს სხვა ტელეკომპანიისგან.

ვწუხვართ, რომ ჩვენი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შევძელით „ვანოს შოუს“ გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნა. ჩვენ დღემდე გვაქვს მათი სახელფასო დავალიანება, ისევე, როგორც აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, რომელიც დღემდე მუშაობს „მთავარ არხზე“ - ხშირად ანაზღაურების გარეშე - და მაინც არ ტოვებს კომპანიას.

„ვანოს შოუს“ გუნდს უდიდესი წვლილი მიუძღვის „მთავარი არხის“ შექმნაში, წარმატებასა და მაღალ რეიტინგში. ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ამ ადამიანებთან ერთად ურთულესი ეტაპები გვაქვს გამოვლილი. ამიტომ მათი წასვლა არხისთვის ნამდვილად დანაკლისია. ეს ჩვენს ინტერესებში და გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ თვითონ გადაწყვიტეს ასე.

„ვანოს შოუს“ გუნდის წასვლის გამო, ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ახალ იუმორისტულ შოუზე - ახალი გუნდით და ახალი წამყვანით, რომლის ვინაობასაც მაყურებელი მალე გაიგებს. გადაცემა სწორედ იმ ახალი სტუდიიან გავა ეთერში, რომელზეც უარი თქვა „ვანოს შოუმ“ და ეყოლება ის სპონსორები, რომლებსაც ვთავაზობდით „ვანოს შოუს“.

ნაკლები პოლიტიკა და მეტი იუმორი - ასეთი იქნება ჩვენი ახალი იუმორისტული შოუ, რომელიც ეთერში გავა, რა თქმა უნდა, იგივე დღეს, იგივე დროს და იგივე ადგილზე - ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე, „მთავარ არხზე“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×