რეზონანსი
19.09.2022

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ირკვევა, მას ბიძა გარდაეცვალა სოჭში და სამწუხაროდ, ჩასვლას ვერ ახერხებენ.

„ვახ! რას მოვესწარით...

გარდამეცვალა ბიძა, ჩემი უსაყვარლესი დეიდის, ნელი გეგეჭკორის მეუღლე..

მთელი სოჭის ქართველობის იმედი.

ვერც ვიზას ვეღირსე, ვერც დედა გავაგზავნე სატირალში (ასე ეძახიან სოჭში მწუხრის დღეებს) არადა მთელი ბავშვობა, ზაფხულის სამი თვე სრულად ჩვენი ჟრიამული აყრუებდა სოჭს.

ბიძა მთავარი სტომატოლოგი იყო და როგორც აუცილებელი წესი, ჩასვლისთანავე ცოლის დისშვილებს ჩამოგვამწკრივებდა და ჭიან კბილებს გვიპატიოსნებდა, მერე სანამ ბჟენი გაშრებოდა ზღვის სანაპიროზე მივყავდით და უკვე შიმშილისგან გამგელებულებს საკუთარი ხელით შემწვარი კატლეტებით გვიმასპინძლდებოდა და ბოლოს სათამაშოების მაღაზიაში ჯიბეს სრულად გვაცლევინებდა.

დედა და დეიდები სულ ეჩხუბებოდნენ, ნუ ანებივრებ ამ გიჟებს ასე, ისედაც როგორ ცელქობენო.

კარგით რა, ბავშვობა ისე მალე მთავრდება, იმხიარულონო...

ჩემი ბავშვობა იმდენჯერ დამთავრდა...

ხან სახლიდან გაპარული სკოლელები სამუდამოდ დარჩნენ აფხაზეთში...

ხან ჩემს შვილს 38 წლის მამა მოუკლა რეჟიმმა, უახლოესმა სიყრმის მეგობრებმაც ასე იჩქარეს მარადისობაში გადასვლა...

ერთია, როცა ქრისტიანულად ემშვიდობები მოყვასს და გესმის, რომ ის შეხვედრამდე გ ა რ დ ა ი ც ვ ა ლ ა...

მაგრამ რა უაზრობაა, როცა ადამიანურად დატირების და დამშვიდობების საშუალება არ გაქვს.

შენი ნაფერები დეიდა მარტო ზის ჭირისუფალში...

ვინც გვიცნობს, იცის რა ტკბილი და თბილი დედულეთი მაქვს, როგორ განიცდის დედაჩემი, რომ ვერ ჩადის თავის ბავშვობის ქალაქში და ვერ ანუგეშებს დას...

არ ვიცი ვის უნდა უბრალო ხალხის ასე წამება.

მე ვეცდები, თუნდაც 40 დღეზე, ვიყო ოჯახის გვერდზე, მაგრამ გამომივა?

ჩვენი, ქართული სოჭი, პლასტუნკა, იმერეთის დაბლობი და სვანური კოშკები სასაფლაოზე...

ჩემი საქართველო ესეც არის!", - წერს ლალი მოროშკინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×