რეზონანსი
07.10.2022

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ 7 წლის ილიას შიმშილობის გამო საავადმყოფოში მოხვდა.

ბავშვის დედა, ნათია სოროკინა ამბობს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან შვილი კლინიკაში გაციების გამო დააწვინა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ოჯახი აგენტმა გადაამოწმა.

„აგენტმა მითხრა, რომ აქ ცხოვრება არ შეიძლება და თუ ბინას არ შევიცვლი ბავშვებს ჩამომართმევენ. მე ბინის ქირაობის საშუალება არ მაქვს. არ ვიცი რას ვიზამ", - თქვა ნათიამ.

ოჯახს 7 წლის ბავშვის მკურნალობისთვის მედიკამენტებიც სჭირდება.

„ჩემს ბიჭს გაციების გამო დაემართა ჰაერის უკმარისობა, ხუთი დღე ჟანგბადის აპარატზე იყო მიერთებული. ექიმმა ხუთი დღის წამალი გამოგვიწერა რაც 90 ლარი ღირს. ფონდი დამეხმარა და შემიგროვეს წამლის ფული", - ამბობს ნათია.

32 წლის ნათია სოროკინა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია. 3 და 7 წლის პატარებს უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება. მარტოხელა დედა ამბობს, რომ სოციალურმა აგენტმა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შვილებს ჩამოართმევენ და მინდობით აღზრდაში გადაიყვანენ.

ნათია იმასაც ამბობს, რომ მცირწლოვანი შვილების და ავადმყოფი დედამთილის გამო, მუშაობას ვერ ახერხებს, ამიტომ იძულებულია ოჯახის სარჩენად თვიდან-თვემდე სოციალური დახმარება - 420 ლარი იმყოფინოს.

„ჩემმა ქმარმა მიმატოვა. ორ შვილთან და დედამთილთან ერთად ვცხოვრობ. ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ამიტომ სახლში მარტო ვერ ვტოვებ. ჩემი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარება 420 ლარი და ბებოს პენსიაა, რომელსაც სრულად ვერ იღებს, რადგან მისმა ქალიშვილმა განვადება გააკეთა და ბანკი უკავებს",- თქვა მან.

მას შემდეგ, რაც ოჯახის გაჭირვების შესახებ სოციალურ ქსელში დაიწერა, დასახმარებლად საზოგადოების ნაწილი გაერთიანდა. შეგროვდა თანხა, რომლითაც ნათიას ერთი წლით ბინის უქირავებენ.

როგორ განვითარდება მოვლენები და შეძლებს თუ არა ნათია ბავშვებისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნას, ამ ეტაპზე უცნობია. ოჯახს ამჯამად ყველაზე მთავარი - თავშესაფარი უკვე აქვს. ნათია ამბობს, რომ ტანსაცმლით და სხვა საჭირო ნივთებით მეზობლები ხშირად ეხმარებიან.

რედაქცია ვითარების გასარკვევად სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაცია აქვთ და კომენტარის გაკეთების შემთხვევაში თავად დაგვიკავშირდებიან.

ნათიას და მისი შვილების დახმარებისთვის შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ლიბერთი ბანკის ანგარიშზე: GE96LB0211192620627000

წყარო: სამხრეთ კარიბჭე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×