სოციალურ ქსელში ლევან თედიაშვილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. მოქალაქე ილია მოლაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლეგენდარული მოჭიდავის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერდა და იქვე აღნიშნავდა, რომ თედიაშვილი მარტო, „ყველასგან მიტოვებული" იყო.
ასევე განხილვის საგანი გახდა მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო. ინტერნეტმომხმარებლები წერდნენ, რომ ფოტო, რომელიც მოქალაქემ გამოაქვეყნა, რეალურად ფილმ „ბრაიტონიდან" იყო ამოღებული, სადაც ლევან თედიაშვილი თამაშობს. როგორც გავარკვიეთ, ფოტო ნამდვილად ახალია და ცნობილი სპორტსმენის სახლშია გადაღებული.
როგორია რეალურად ლევან თედიაშვილის მდგომარეობა და რამდენად შეესაბამება სოცქსელში გავრცელებული ამბავი რეალობას, ამის შესახებ მისი შვილი, ბესარიონ თედიაშვილი საუბრობს.
„რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა, არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა რომის პაპზე მეტი კათოლიკე რატომ გამოდის? წერენ რაღაცეებს და ამ დროს, საქმის კურსში არ არიან. არ არის ეს კაცი მიტოვებული, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, შეისწავლოს საკითხი, მოვიდეს ჩემთან, მივიდეს ადგილზე... ხალხი სიტუაციას შორიდან აღიქვამს. ვინც მიცნობს, იცის, ჩვენს ოჯახში რაც ხდება, ვინც არა და, წერს იმას, რაც უნდა - წერენ, ლევან თედიაშვილი მიტოვებულია, არიქა, ვიღაცამ უნდა მიაქციოს ყურადღება, მთავრობის წევრები უნდა მივიდნენ, დაელაპარაკონო... იქნებ მეც მკითხონ რამე, როცა რაღაც სჭირდება, მე ვუვლი მამაჩემს და ვიღაცეები შორიდან გამოდგებიან და ამბობენ, უი, მოუვლელი და უპატრონოა ეს კაციო. აქ ცოტა სხვა სიტუაციაა, არაა ყველაფერი სააშკარაოზე და სამსჯელოდ გამოსატანი.
ლევანს დიაბეტი აქვს, უკვე მესამე წრეზე გაუკეთეთ ფეხის თითების ამპუტაცია. მას ასევე აქვს ნევროლოგიური პრობლემებიც... ნოდარი (კირკიტაძე - პირი, რომელიც გავრცელებულ ფოტოზე ლევან თედიაშვილთან ერთად არის გადაღებული) ძალიან კარგი კაცია, დაველაპარაკე და ყველაფერს მიხვდა, ბოდიშიც მომიხადა. თუ ვინმეს რამე აინტერესებს, სანამ რამეს დაწერს, მე მკითხოს, ეს ხომ ოჯახის შეურაცხყოფაა? არავის ვთხოვ მიმიხედოს მამაჩემს, მაქვს იმის თავი, თვითონ მივხედო და ვუვლი კიდეც.
მამაჩემს პრობლემები აქვს, ექიმები რეკავენ, სავადმყოფოშიც არ ჩერდება, მას სახლიც აქვს, კარიც, უბრალოდ, აქ არ მოდის, სხვასთან ცხოვრობს, ჩვენთან არ ჩერდება, ძალით ხომ არ დავაკავებ, იქ უნდა, სადაცაა და მორჩა. არც კლინიკაში ჩერდება, არც - სახლში, წამლებსაც არ სვამს, ურნაში ყრის და ოპერაციის მერე სულ ერთი და იგივე პრობლემა მაქვს, სად გამიჩერდება, სად შემიძლია მივიყვანო. ეს იცით, როგორი ძნელია? შორიდან განსჯა ადვილია, ყველა მორალისტობს".
წყარო: ambebi.ge
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე