რეზონანსი
11.10.2022

ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ცნობილი ტელეწამყვანი, თიკო სადუნიშვილი წლების განმავლობაში ეკრანებიდან გამქრალი იყო და ამ დროის მანძილზე მის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. 6-წლიანი პაუზის შემდეგ კი „მხოლოდ ლელასთან“ გამოჩნდა და მიზეზებზე საჯაროდ ისაუბრა.

„ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რაღაცების გადაფასებას იწყებს და ეჭვი შეაქვს იმაში, რასაც აკეთებს. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა. თითქოს აზრს კარგავ და არ იცი რას ემსახურება ის ყველაფერი, რასაც აკეთებ. ალბათ ჩემი გაქრობა ტელესივრციდან სწორედ ამ მიზეზით მოხდა. მქონდა დეპრესიული მომენტები, ზუსტად ის პანიკური შეტევები, რაზეც ადამიანები უკვე ღიად საუბრობენ. მქონდა დამოკიდებულება სააფთიაქო აბებთან, ე.წ. ანტიდეპრესანტებთან. დამოკიდებული ვიყავი ასევე ნარკოტიკებზე, ნივთიერებებზე. მინდა დავაკონკრეტო, რომ მე მოვიხმარდი კლუბურ ნარკოტიკებს.

სამწუხაროდ, დღეს სამყაროში განვითარების მიუხედავად, არ არსებობს ისეთი დახვეწილი ნივთიერებები, რომ გვერდითი მოვლენები არ ჰქონდეს. რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს მაგ ნივთიერების მიღება, მაინც, გვინდა არ გვინდა, გვერდითი ეფექტები აქვს. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ნივთიერებების ბრალია ის დაზიანება, რომელიც მივიღე, თუმცა დიდი წვლილი ნივთიერებებსაც მიუძღვის.

დგება ცხოვრებაში ანალიზის და გაცნობიერების პროცესი. ჩემს შემთხვევაში ესე მარტივად არ ყოფილა, ეს იყო ძალიან მძიმე მომენტი. დიაგნოზი მქონდა ტვინის ინტოქსიკაცია და ჩემს ცხოვრებაში დიდი დეპრესიის ეპიზოდი დაიწყო. ოთახიდან არ გამოსვლებით, სახლში ჩაკეტვით. ადამიანებთან ურთიერთობის შიში გაჩნდა. იყო პერიოდები, როდესაც სუიციდზეც მეფიქრებოდა. რაღაც მომენტში ეს იყო ფსკერი. მე მგონია, რომ ყველა ადამიანს თავისი ფსკერი აქვს, ეს ძალიან ინდივიდუალურია. ყველაზე რთული იმის აღიარებაა, რომ ცუდად ხარ და ეს შენი მოწყვლადობა აჩვენო სხვა ადამიანებს, ითხოვო დახმარება.

რომ მეკითხებიან ხოლმე, სად იყავი ეს წლებიო, ვპასუხობ ხოლმე, რომ ჩემს თავთან ერთად ვიყავი. ამდენი დრო საკუთარი თავთან არ გამიტარებია. თავიდან აღმოვაჩინე საკუთარი თავი, ვიმოგზაურე საკუთარ თავში და ძალიან ბევრი დრო დავუთმე.. თავიდან შევიყვარე ჩემი თავი… მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო ჯანსაღი ცხოვრება და ეს იყო მცდელობა ახალი შესაძლებლობა შემექმნა ცხოვრებაში.

ძალიან რთულია აღიარო შენი სისუსტე და ალბათ მანდ ეგოიზმი ირთვება, როგორმე ჩემს თავს როგორ ვერ ვუშველი და სხვისი დახმარება როგორ უნდა დამჭირდეს…” – თქვა ტელეწამყვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×