რეზონანსი
23.12.2022

ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი Expats in Tbilisi ავ­რცე­ლებს ვი­დე­ო­კად­რებს თბი­ლი­სი­დან, რო­მელ­შიც ჩანს, თუ რო­გორ ეს­ხმი­ან თავს ბოშა ბავ­შვე­ბი ჯგუ­ფუ­რად უცხო­ე­ლებს და აი­ძუ­ლე­ბენ მო­წყა­ლე­ბის გა­ღე­ბას, თუმც ეს უფრო ძარ­ცვას ჰგავს...

„აღმაშენებლის პროსპექტზე ვსეირნობდი მეგობრებთან ერთად, ამ დროს ერთი ქალი მოგვიახლოვდა­ და გვითხრა, ფრთხილად იყავით, გოგოებო, ღამეა და აქ ხალხს ტელეფონებს აცლიანო.­ ზუსტად რამდენიმე წუთში ბოშებმა­ ჩვენ თვალწინ ორ ტურისტს თავში ურტყეს ხელები, მიაფურთხეს და ჩანთა წაართვეს. ძალიან გავბრაზდით, მათთან მივედით და ვუთხარით, შეეწყვიტათ თავდასხმა.­ გა­რ­შემო­ ბევრი გამვლელი იყო, თუმცა არავინ­ არაფერი შეიმჩნია. ბოშებმა ჩვენკენაც გამო­იწიეს და დაგვემუქრნენ. 10 მოზარდი იყო, დაახლოებით 14 წლამდე ასაკის. მათი ნაწილი იმ ტურისტს ეჩხუბებოდა, ნაწილმა ჩვენკენ გამოიწია და ჩანთაზე გვექაჩებოდნენ, გვაგინეს კიდეც. ვუთხარი, რომ პოლიციაში დავრეკავდი... და გაიქცნენ. ამასობაში პოლიცია გამოჩნდა, დაგვკითხეს, მონაცემები ჩაინიშნეს. მათ გარდა კიდევ ორი ეკიპაჟი მოვიდა. შემდეგ წაგვიყვანეს განყოფილებაში და მე ჩამომართვეს ჩვენება, რადგან ზარის ინიციატორი ვიყავი",­ - ეს მარიამ შეროზიას ნაამბობია.

ლია პატურაშვილი ამბობს, რომ მსგავს ვითარებას ავლაბრის მეტროსთან შეესწრო: „ორი ასაკოვანი იაპონელი მიდიოდა. უეცრად ბავშვების ჯგუფი დაესხა თავს, ქალისთვის ჩანთის წართმევას ცდილობდნენ. იყო ხმაური და გნიასი, რამდენიმე კაცი ჩავერიეთ და როგორც იქნა, მოვაშორეთ იმ ხალხს ბოშა ბავშვები, რომელთა საშუალო ასაკი 10-11 წელი თუ იქნებოდა".

კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ნახა, როგორ დაესხა ბოშა ბავშვი თავს ბალტიისპირელ გოგოს მას შემდეგ, რაც მან მოწყალებაზე უარი უთხრა.

26 ივლისს ბუდაპეშტის ქუჩაზე თავს დაესხნენ შუახნის წყვილს, ამჯერად საქარ­თველოს მოქალაქეებს. არასრულწლოვანი მოძალადეები შეტევაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც შუქნიშანზე გაჩერებული­ მანქანის მძღოლმა მათ მომსახურებაზე, გაეწმინდათ მანქანის მინები, უარი უთხრა. ვითარება ისე დაიძაბა, ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა.

ტერორიზმის საკითხებში ექსპერტი ბადრი­ ნაჭყებია პირადად მონაწილეობდა ამ საკითხის კვლევაში:

- დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ მოზარდთა ჯგუფები, რომლებიც თბილისის და ახლა უკვე ბათუმის ქუჩებში­ დათარეშობენ და ჩვენს მოქალაქეებს თუ ტურისტებს, ფაქტობრივად, ატერორებენ, კლასიკურ ბოშებთან კავშირში არ არიან... გაგიკვირდებათ, თუ რატომ დავინტერესდი ამ საკითხით. საქმე ის არის, რომ პირადად მომმართა აღმაშენებლის პროსპექტის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, მთელი უბანი ტერორში ვართ და ზომებია მისაღებიო. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ აზვიადებდა, თუმცა როცა შემთხვევები შევისწავლე, მივხვდი, საქმე მართლაც სერიოზულად იყო. უფრო ღრმად რომ დავიწყეთ საკითხის შესწავლა, აღმოვაჩინეთ, რომ საქმე გვაქვს, ფაქტობრივად, საერთაშორისო დანაშაულთან, უფრო სწორად, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომელიც ბავშვებს იყენებს კრიმინალური საქმიანობისთვის. უნდა გაგვერკვია, ვინ არიან ისინი და რა ტიპის დანაშაულს სჩადიან.

თბილისში და უკვე ბათუმშიც ძალიან გახშირდა ტურისტებზე თავდასხმა ახალი ელემენტით, კლასიკური ტიპის ძარცვით - მოზარდები ძარცვავენ საქართველოში ჩამოსულ უცხოელებს. ამისთვის იყენებენ ძარცვის თითქმის ერთ ტექნიკას - ტური­სტთან მიდის 1 ან 2 ბავშვი, ითხოვენ მოწყალებას და უცებ მათთან ჩნდება შედარებით მოზრდილების გუნდი, რომელიც ცდილობს მსხვერპლს ჩანთა წაართვას. ასეთივე ჯგუფებმა თბილისში რამდენიმე მაღაზიაც გაძარცვეს.

სამწუხაროდ, პოლიცია სათანადო ზომებს არ იღებს ამ დანაშაულის აღსაკვეთად­, გარკვეულწილად ხელ-ფეხიც შეკრული აქვთ, რადგან კანონმდებლობა ამ ასაკის მოზარდების მიმართ ძალიან ლოიალურია. გარდა ამისა, როგორც წესი, არა აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ვინ არიან ეს მოზარდები?

- როცა ამის გაგება მოვიწადინეთ, ძალიან გაგვიჭირდა. ისინი კომუნიკაციაში საერთოდ არ შემოდიან. ჩვენ გავესაუბრეთ აღმაშენებლის პროსპექტზე ერთ დაზარალებულს, მანქანების სადგომის მეთვალყურეს, რომელიც ბლაგვი იარაღით დააშავეს იმის გამო, რომ შეესწრო უცხოელი ტურისტის ძარცვას და სცადა მისი დახმარება. ის კაცი ძირძველი თბილისელია, იცის რამდენიმე ენა, მათ შორის ქურმანჯის დიალექტის ქურთული, რომელზეც ქართველი იეზიდები ლაპარაკობენ. მან გვითხრა, რომ მოზარდები, რომლებიც თავს დაესხნენ, სწორედ ამ დიალექტზე საუბრობდნენ. ჩვენ დავუკავშირდით იეზიდთა თემის წარმომადგენლებს და მათგან გავიგეთ, რომ მათ ამ თემთან არაფერი აკავშირებს და მოზარდი მძარცველები ახლო აღმოსავლეთში­ მცხოვრები ბოშები არიან, რომლებიც ამავე დიალექტზე ლაპარაკობენ... ეს დაგვიდასტურა­ ქურთული სათვისტომოს წარმომადგენელმაც, ქალბატონმა ლილი საფაროვამ და ბატონმა ქერიმ ამოევმა. შევხვდით ასევე იეზიდთა კავშირის სულიერ ლიდერს ბატონ დიმიტრი ბილბარს, რომლის თქმითაც,­ ამ სეგმენტს იეზიდ მოსახლეობასთან კავშირი არა აქვს, საერთო მხოლოდ ეს დიალექტი აქვთ.

ბოშების წარმომადგენლები, რომლებთანაც გვქონდა ურთიერთობა, მაგალითად, ელენე იურენკო, კატეგორიული წინააღმდეგია, რომ ისინი კლასიკურ ბოშათა სამყაროს მიაკუთვნონ. როგორც ქალბატონი ელენე ამბობს, ისინიც არანაკლებ დაზარალებული არიან ამ ჯგუფებისგან.

ჩვენ შევისწავლეთ არაერთი კვლევა, მათ შორის ცნობილი ირანისტ ოსკანიანის, რომელიც აღმოსავლეთის ბოშების თემას სწავლობს და დავასკვენით, რომ საქმე გვაქვს ე.წ. აღმოსავლელ ბოშებთან. ისინი სამ ნაწილად იყოფიან: „დომი", „ყარაჩი", „მირტიპი".

ერთხანს თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ტურისტებზე თავდასხმა ისე გახშირდა, რომ გიდების ნაწილი იძულებული გახდა, მათთვის­ წინასწარ მიეცა ფული, რომ თავდასხმა აერიდებინათ. სავარაუდოდ, ზომები სამართალდამცავებმა მაინც მიიღეს, რადგან ბოლო დროს რუსთაველის პროსპექტზე, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩებსა და რიყეზე ამ ჯგუფებს იშვიათად შეხვდებით.

- როგორ მოხვდნენ საქართველოში?

- აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, კერძოდ, აღსტაფის რაიონიდან, როგორ, რა გზით გადმოლახეს საზღვარი, ეს უკვე სხვა საკითხია. ამას კომპეტენტური ორგანოები უნდა იკვლევდნენ. ვიმეორებ, ლაპარაკია ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაზე, რომელიც ბავშვებს იყენებს დანაშაულებრივი საქმიანობისთვის. მათ ურთიერთობა არა აქვთ სახელმწიფოსთან. სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ადასტურებს, რომ მათთან სახალხო დამცველის­ ოფისმა ურთიერთობის დამყარება ვერ შეძლო. ეს არის ვიღაცისთვის კარგად აწყობილი კრიმინალური ბიზნესი, რომლისთვისაც არასრულწლოვნებს სპეციალურად წვრთნიან. ჩვენ დავაკვირდით იმ ლოკაციებს, სადაც ეს მოზარდები მოქმედებენ, და მათ შორიახლოს აუცილებლად არის ერთი ზრდასრული, ვინც მათ "მუშაობას" აკონტროლებს. თუ ვითარება იძაბება, ის ანიშნებს და ბავშვები მომენტალურად გარბიან.

წყარო: კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×