რეზონანსი
24.12.2022

31 წლის პოეტს გიორგი ჩუთლაშვილს სოციალურ ქსელში მეგობრები ძალიან ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან:

“ყველაფერზე გულდაწყვეტილი წავიდა… ჩვენს დროში აღარ უნდა ვუშვებდეთ, რომ ისევ ფიროსმანივით კვდებოდნენ ხელოვანები.

ყველას მოგვეტევოს, რომ უფრო მეტად ვერ დავეხმარეთ. თურმე იმაზე მეტად სჭირდებოდა, ვიდრე ითხოვდა” – წერს თამარ ჟღენტი.

„ჩვენ ძალიან ბევრი წელი ვუყოფდით ერთმანეთს პოეზიას, შიმშილს, სიცივეს, არაყს და უიმედობას… მერე, მე კარგი ადამიანების მადლით დავუსხლტი ამ ყველაფერს… ბოდიში, მაპატიე, რომ ვერ შევძელი ვყოფილიყავი ის, ვინც ამ ყველაფრიდან თავის დაძვრენაში დაგეხმარებდა… ბოდიში, რომ რაც შემეძლო იმის მეასედიც არ გავაკეთე… ბოდიში, რომ მეცინებოდა შენს გაჯიუტებულ პოეტობაზე, მდგომარეობაზე, რომელსაც მე დავუსხლტი და შენც ჯიუტად გირჩევდი, რამე პროფესია გესწავლა, შენივე კარგად ყოფნისთვის… ბოდიში, რომ არ შემიძლია ჩამოვუყვე და არსებობა ვაგინო ამ ფარისეველ მედროვე “მგლოვიარე” ღორებს, რომლებსაც ათწლეულებია ყველაფერი თავისთვის მიაქვთ და შენნაირებს არაფერს უტოვებენ, რომ უბრალოდ გადარჩნენ…

Ბოდიში, რომ მე ხვალ ჩვეულებრივად უნდა გავაგრძელო ცხოვრება და ისევ ვერაფერი მივცე შენნაირებს გარდა წიგნებისა, რომელიც არავის არაფერში სჭირდება…

მადლობა, რომ იყავი ასეთი სუფთა, ბავშვივით უმანკო და ნამდვილი… მადლობა მეგობრობისთვის და იმ სინაღდისთვის, რაც ჩემნაირ გადარჩენილებს შვებას/სიცილს გგვრიდა, აქაოდა, ჩვენ პოეტურ გაჯიუტებას დავუსხლტით…

Შენ გამორჩეულად ჯიუტი იყავი შენს მრწამსში და შენს გაჯიუტებაზე სიცილი მაპატიე…“, – წერს ხვიჩა ყალაბეგიშვილი.

„ზუსტად 2 თვის წინ ვნახე მწერალთა სახლში, პირველად და უკანასკნელად, განსხვავებული სამოსი ეცვა, კათოლიკე აბატს მოგაგონებდა. ვინ იფიქრებდა, რომ სიცოცხლით სავსე, ახალგაზრდა, სიმპათიური ბიჭი, ხვალ-ზეგ წავიდოდა იქ, საიდანაც არავინ დაბრუნებულა.

ფეისბუქზე მხვდებოდა ხოლმე მისი პოსტები, წუხდა სამსახურის არ ქონაზე, ხან მონურ ხელფასზე, ითხოვდა დახმარებას, ცდილობდა ცნობილი მწერლების წიგნები გაეყიდა.

მის ერთ-ერთ საჯარო პოსტს მოვიტან აქვე, რომ იცოდეს ამ სიტყვების წამკითხველმა, როგორ დუხჭირად ცხოვრობდა ეს ახალგაზრდა, ამ ვაიქვეყანაში.

გიორგი ჩუთლაშვილი:

“რა მაგის პასუხია და ახლა ვითვლიდი ჩემს ყოველთვიურ შემოსავალს – მთელი 300 ლარი გამოვიდა.

300 ლარს გამოვაკელი აუცილებელი 84 ლარი ტაქსის ყოველთვიური, (ღამის 4 საათზე მეტრო არ მუშაობს და აბა, რა ვქნა) მეტროს 12 ლარი და დამრჩა 204 ლარი. 200 ლარიანი ბინა, რომ ვიპოვნო და საცხოვრებლად მარტო გადავიდე მთელი 4 ლარი უნდა ვიმყოფინო: ჭამისთვის, კომუნალურებისთვის, (ხანდახან ფეხსაცმელიც ხომ გვინდა ცვდება და…) თმაც იზრდება, ჰიგიენის საშუალებებიც აუცილებელია.. მგონი 4 ლარი არ მეყოფა ხომ?

პ.ს ხანდახან “პოეტური” ჰონორარები თუ მიშველის და მშველის ხოლმე...

აი, ამისთვის უნდა იყოს ბევრი ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთი, რომ ხანდახან საჭმელიც ვჭამოთ…” – წერს თემო ჭახნაკია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×