რეზონანსი
25.02.2023

22 იანვარს, ქართული სცენის ლეგენდა, თემურ წიკლაური, 77 წლის გახდებოდა. უკვე 2 წელია, ამ თარიღს ოჯახი მის გარეშე აღნიშნავს. მიუხედავად დროის გასვლისა, მისი ქალიშვილისთვის, მომღერალ ქეთი წიკლაურისთვის, მამის დაკარგვით გამოწვეული სიცარიელე და ტკივილი უფრო მძაფრდება.

„უკვე 2 წელია, ამ დღეს მამის გარეშე აღვნიშნავთ. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მძიმე ხდება მამის გარეშე ყოფნა. მისი დაბადების დღის აღნიშვნა ეკლესიით დავიწყეთ, ჩავატარეთ პანაშვიდი, მოვამზადე ყველა ის კერძი, რომლებიც ძალიან უყვარდა და დავურიგეთ ახლობლებსა და მეგობრებს. მის მეგობრებს, ვახტანგ ტატიშვილსა და ნუგზარ კვაშალს, შეხვედრა ჰქონდათ ერთ-ერთ ეკლესიაში მრევლთან, რომლის წინამძღვარი მამაჩემს დიდ პატივს სცემდა. იქ გაიხსენეს მამაჩემთან გატარებული წლები. სოციალურ ქსელში მაქსიმალურად გავაზიარე მამის სიმღერები, ინტერვიუები და ასე გამოვხატეთ ჩვენი მონატრება, სიყვარული, სინანული.

ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი თავისი დაბადების დღის მიმართ. საერთოდაც ძალიან ძლიერი ადამიანი იყო და თვლიდა, რომ ადამიანი სანამ დედამიწაზე ხარ და ცოცხლობ, უნდა ხარობდე და ტკბებოდე ცხოვრებით. აქედან გამომდინარე, ყველას დაბადების დღის მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო, უყვარდა აღნიშვნა, საჩუქრების კეთება. ბოლო წლებში დაბადების დღეს მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა. მის ახალგაზრდობაში არ იყო ასეთი ჰედონისტური დამოკიდებულება დაბადების დღის აღნიშვნის მიმართ".

ქეთი წიკლაური ცდილობს, მამის შემოქმედება მუდმივად ცოცხალი იყოს.

„ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი გამოვიდა. ინოლა გურგულიას სიმღერაზე "მე განა" გავაკეთეთ დუეტი. ეს სიმღერა მამამ 80-იანი წლების ბოლოს ჩაწერა და კლიპიც აქვს გადაღებული, სადაც მე და ჩემი მეგობრებიც ვმონაწილეობთ. დღევანდელმა ტექნოლოგიებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ გაგვესუფთავებინა თემურის ჩანაწერი, დაგვედო მისი ნამღერი და ასეთი ფორმით გამოვიდა დუეტი.

როდესაც მამა წავიდა, მივხვდი, რომ ძალიან ცოტა გვიმღერია დუეტებში. მინდოდა ამის გაკეთება და არ ვიცოდი, როგორ მოხერხდებოდა. თითქოს ეს ჩემი სურვილი ტელეპატიურად მივიდა გია ბაღაშვილთან, შემომთავაზა ასეთი ფორმით დუეტის ჩაწერა და ჩემი ოცნებაც ახდა. კიდევ ვგეგმავ მამის ერთი სიმღერის გაკეთებას".

ქეთი წიკლაურმა თვის წინ წიგნიც გამოსცა, „იუმორინას" კონცერტზე კი მამასთან ვირტუალური დუეტი შეასრულა.

„ეს არის წიგნი - „თეიმურაზ წიკლაური - ხმა ალია სულისა". მასში შესულია ბიოგრაფიული და დოკუმენტური მასალა თემურის განვლილ ცხოვრებაზე, ხოლო უმეტესი ნაწილი შეადგენს წლების განმავლობაში თემურის მიერ შეგროვებულ, ხალხისგან მიძღვნილ ლექსებს, ესეებს, წერილებსა თუ ბარათებს. გარდა ამისა, წიგნი წარმოადგენს უნიკალურ ფოტოალბომს, ვინაიდან მასში შესულია ისეთი ფოტომასალა, რომელიც აქამდე არ ყოფილა გამოქვეყნებული.

ასევე ერთ-ერთ სკვერს დაერქვა მამის სახელი. პროექტი შემუშავებულია, იმედია, დაფინანსება მოჰყვება და მალე მოვაწყობთ ყველაფერს. შევეცდებით, ეს სკვერი იყოს ისეთი, რომ იქ მისული ადამიანი შეივსოს იმ ემოციებითა და ენერგეტიკით, რაც მის შემოქმედებას ახასიათებდა".

წყარო: სარკე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×