სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე აბულაძე
    19.12.2013

    მთავარი პროკურატურა დედაქალაქის მერს 48 მილიონის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვას ედავება, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უგულავამ და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა ეს თანხა "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას მოახმარეს.

    ამ ბრალდებას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ. გიგა ბოკერია კი ოპოზიციის დევნის ახალ ტალღაზე ალაპარაკდა. თავად გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის შურისძიებაა. ამასთან, აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ კამპანიით ახალი მთავრობა თბილისის მერის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატისთვის მთავარი კონკურენტის ჩამოშორებას ცდილობს.

    "მოდის ადგილობრივი არჩევნები და მთავრობას უჭირს, რადგან ივანიშვილმა არაადეკვატური და უსუსური კანდიდატი დატოვა და ახლა ფიქრობენ, ეს კანდიდატი თბილისს როგორ შეასაღონ. მინდა, მათ გასაგონად ვთქვა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რუსთავში კი არა, მესტიის სასამართლოში ვივლი, იქაც დავამტკიცებ, რომ ვარ უდანაშაულო და შესაბამისად, ჩემ წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება საპნის ბუშტივით გასკდება," - აღნიშნა გიგი უგულავამ.

    პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ პროცესი ცივილიზებულად, ევროპულად და დემოკრატიულად წარიმართება.

    "პროცესი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე, ისე, რომ კითხვა არც ერთ მხარეს არ ექნება. ჩვენ არავის მივცემთ საბაბს, გააკრიტიკოს დღევანდელი მთავრობა და თქვას, რომ პროცესი დახურულია და ტრანსფარანტული არ არის. ძალიან მარტივია, როდესაც ადამიანის მიმართ გამოძიებას კითხვები აქვს, მან ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს და მნიშვნელობა არ აქვს, უგულავა იქნება ეს, თუ სხვა ადამიანი."

    არის თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება გიგი უგულავას დაკითხვა? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ქეთა გაბიანი  (კოალიაცია "ევროპული საქართველოსთვის"): რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამ ხელისუფლებას რეპუტაცია უკვე ისე აქვს გაფუჭებული, რომ რაც უნდა გააკეთონ, ყველაფერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად იქნება აღქმული. თავის დროზე ვანო მერაბიშვილი დაიჭირეს და დღესაც არ გაუთავისუფლებიათ, ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ მიზანმიმართულად ხდება ამ ხალხის დაკავება.

    კარგი ქნეს, გიგი უგულავა დროებით რომ გამოუშვეს, თუმცა რამდენი ხნით, არავინ იცის. ახალ მთავრობას სურს, რომ ხელისუფლება მთლიანად მათ ხელში იყოს.

     გია ნოდია  (პოლიტოლოგი): გიგი უგულავას დაკითხვას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად ვერ შევაფასებ, მაგრამ მთელი ეს კამპანია ნამდვილად პოლიტიკურად მოტივირებულია. კონკრეტულად, როდის გადაწყვეტენ უგულავას მიმართ ახალი საქმის გახსნას, ეს ცალკე საკითხია.

    ჩემი აზრით, ახალ პროკურორს თავის გამოჩენა უნდა. უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წამყვანი სახეა. დღეს, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი აღარაა, "ნაციონალურ მოძრაობაში" ის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, ამიტომ, ბუნებრივია, რომ გიგი უგულავა ახალი მთავრობის სამიზნეა.

     ზურა მანჯავიძე (მომღერალი): რაც მაგათ ფინანსური დანაშაული აქვთ ჩადენილი, ეს როგორ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება?! მთელი მათი შემადგენლობა დასაკითხი კი არა, დასაჭერია.

    ისინი ყოველდღე დაკითხვის რეჟიმში უნდა იყვნენ და მთელი მათი შემადგენლობა ციხეში უნდა იჯდეს. "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად აუცილებლად უნდა გასამართლდეს. თუ რას ფიქრობენ ისინი ამაზე, მათი წევრებისა და უცხოელი ლობისტების გარდა, არავის აინტერესებს.

     გრიგოლ გაგნიძე (ა/ო "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის"  ხელმძღვანელი): პოლიტიკურ გადაწყვეტილებად ეს მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს შეიძლება მიაჩნდეთ. ეს საზოგადოებრივ იტერესს წარმოადგენს და ამიტომ გიგი უგულავას თუ რაიმე ინფორმაცია აქვს, ვფიქრობ, რომ აუცილებლად საგამოძიებო ორგანოებს უნდა მისცეს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა.

    სიმართლის დასადგენად პოლიტიკოსის დაბარება და ჩვენების მიცემა პოლიტიკურ გადწყვეტილებად არ უნდა იყოს მიჩნეული.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ....   (19.12.2013)
    magas marto centr-pointit dazaralebulebi eyofa,rodemde unda malon sad waiges shehmuli fuli,ratom ar etyvian xalxs gamodziebis shedegebs.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved