გუშინ მთელი ქვეყანა ზეიმობდა საქართველოს ნაკრების უდიდეს გამარჯვებას, რომლითაც ჩვენი ფეხბურთელები საოცნებო ფინალში მოხვდნენ.
საქართველოს ნაკრები ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუ ფინალსაც მოიგებენ, საქართველო ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.
ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა ხვიჩა კვარაცხელია. ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო - მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, დვალი, შენგელია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, ზივზივაძე.
ანგარიში 41-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა გახსნა. გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მეორე ტაიმის საწყის ეტაპზე, 53-ე წუთზე ლუქსემბურგმა გოლი გაიტანა, თუმცა ეს გოლი გაუქმდა, რადგან მანამდე მიქაუტაძესთან ორთაბრძოლაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელები დაჯარიმდნენ, ამ ეპიზოდს წითელი ბარათი მოჰყვა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს. მატჩის 64 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დუბლი გაიფორმა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა. საბოლოოდ, თამაში ჩვენი გუნდის გამარჯვებით 2-0 დასრულდა.
მატჩის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა უკმაყოფილება გამოთქვა მთავარი არბიტრის ხოსე მარია სანჩესის მისამართით და თქვა, რომ ხოსე მარია სანჩესი „მათი გუნდის წინააღმდეგ მოქმედებდა".
„ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას, რაც განსაკუთრებით პირველი ტაიმის ფონზე, დამსახურებული იყო. გაუგებარია, მსაჯმა რის მიხედვით იმოქმედა. თავიდან ჩვენ ფეხბურთელს მიქაუტაძე ექაჩებოდა, ამის შემდეგ თამაში გააგრძელა და შემდეგ წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო - ჩვენი გოლი გააუქმა და აქეთ დავისაჯეთ. უკვე მეორე შეხვედრაა, ეს არბიტრი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს" - თქვა ჰოლცმა.
40 წლის სანჩესი ძალიან გამოცდილი არბიტრია, რომელმაც ბოლოს, 18 მარტს, მადრიდის ატლეტიკოს და ბარსელონას შეხვედრა იმსაჯა, რომელშიც 4 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს. უახლოეს პერიოდში მან ასევე იმსაჯა სპარტა-ლივერპული, სელტა-ალმერია, ბილბაო-ჟირონა, კოპენჰაგენი-მანჩესტერ სიტი, რეალი-ატლეტიკო და ბილბაო-ბარსელონა.
ვინ არის ხოსე მარია სანჩესი?
ხოსე მარია სანჩეს მარტინესი ესპანელი მსაჯია. ის უეფას ელიტარული კატეგორიის არბიტრებს შორის არის. მსაჯობა 2000 წელს დაიწყო, თავდაპირველად ესპანეთის „სეგუნდა დივიზიონში" მსაჯობდა, ხოლო ოთხი წლის შემდეგ, ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში, „ლა ლიგაში" დაწინაურდა.
მას უყვარს ყვითელი ბარათების ჩვენება და Whoscored.com-ის მონაცემებით, მატჩში საშუალოდ ექვს ყვითელ ბარათს აჩვენებს. საინტერესოა, რომ სანჩესი პროფესიით ეკონომისტია და მსაჯობამდე თურმე ბანკშიც მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში არაერთხელ მიუღია საკამათო გადაწყვეტილება. ამბავი, რომელიც განსაკუთრებით ბარსელონას და ბეტისის ფანებს არ ავიწყდებათ, 2020 წელს მოხდა - ლა ლიგაში ბარსა-ბეტისის თამაშის დროს, ხოსე მარია სანჩესმა კლემენტ ლენგლე მოედნიდან გააძევა, ასევე გააძევა ფეკირი. ფანები თვლიდნენ, რომ - უსამართლოდ. გულშემატკივარს როგორც ჩანს, სპეციალური კომისიაც ეთანხმებოდა, რადგან ამ მატჩის შემდეგ რამდენიმე თამაშზე ხოსე მარიას აღარ უმსაჯია.
მაშინ ამბობდნენ, რომ ამ მატჩზე არბიტრმა კონტროლი დაკარგა. ორივე გუნდის მწვრთნელი აკრიტიკებდა სანჩესს და თვლიდნენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით მატჩი დააზარალა.
ვიდეო რეკლამა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე