თიკო ოსმანოვა
09.10.2014

საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის შესაძლო გახსნას რუსეთი მორიგი მუქარით პასუხობს. ლავროვის უწყების განცხადებით, ნატოს ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში ჩრდილო ანტლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება.

"რუსეთის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება ქართული მედიის მიერ გამოთქმულ იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ინტერესების გათვალისწინებით სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებას შეეხება. ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება ამიერკავკასიის ტერიტორიაზე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო სამინისტროს ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით კი, საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან არანაირ საფრთხეს არ უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნატოს საწვრთელი ბაზის გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთი თვის წინ ნატოს უელსის სამიტზე მიიღეს. როგორც თავდაცვის სამინისტრომ განაცახდა, საქართველოს მხრიდან უკვე ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩატარებულია და ორშაბათს ნატოს შტაბ-ბინასაც გადაეგზავნა.

"იმ დღიდან დაიწყო პაკეტის იმპლემენტაციის მზადება, როდესაც ნატოს სამიტი დასრულდა. ჩვენი მხრიდან ყველა მოსამაზადებელი სამუშაო ჩატარდა და ორშაბათს გადაიგზავნა უკვე ნატოს შტაბ-ბინაში. უახლოეს ერთ თვეში ჩვენ ველოდებით ნატოს წევრი ქვეყნებისგან თანხმობას, რის შემდეგაც ეს გეგმა საჯარო გახდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რუსეთის მუქარის გამო, საქართველომ ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნაზე უნდა თქვას თუ არა უარი? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ვფიქრობ, უარი უნდა თქვას, ოღონდ ამ ეტაპზე - ყველა ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებაა საჭირო. უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობა, როგორც ევროპასთან, მათ შორის ნატოსთან, ასევე რუსეთთან. თუ ერთ მხარეს იხრები და მეორე მხარეს არა, ნიშნავს, რომ დაკარგე ზომიერების წერტილი.

როცა საქართველოს მთავრობა გაიგებს, რომ ზომიერების დაცვა აუცილებელია ყველგან და ყველაფერში, ერთი მხარე არ უნდა გააღიზიანო მეორე მხარის სანაცვლოდ, მაშინ საქართველოს საქმე წავა კარგად.

ორივე რეგიონთან იქნება დამყარებული ჰარმონიული ურთიერთობა ისე, რომ რუსეთი არ გააღიზიანო. კონდოლიზა რაისმა რამდენჯერ გვითხრა, რომ მოაგვარეთ უერთიერთობა რუსეთთან, რაც ნიშნავს, რომ იქიდანაც ესმით, რომ თუ არ მორიგდა საქართველო და რუსეთი, მარტო ნატო-ამერიკის დახმარება ამ საკითხს ვერ გადაწყვიტავს, პირიქით, შეიძლება კონფრონტაციამ მოიმატოს.

ამიტომაც საჭიროა ორი მხრიდან კომპრომისის გამონახვა. იმიტომ, რომ ნატოსაც, ამერიკასაც, ეშინია რუსეთის. არც ერთი მას არ დაუპირისპირდება, მითუმეტეს საქართველოს გამო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივ მხარესთან გვქონდეს ჰარმონიული თანაბარი ურთიერთობა.

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): ჩვენი უსაფრთხოებისთვის რაც სასარგებლო იქნება, ის უნდა გააკეთონ და თუ ამის გახსნა გადაწყვიტეს, ალბათ ასეა საჭირო. პროფესიონალებმა უკეთ იციან.

 

 

 

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე არის აბსოლუტური ავანტიურა. ამ დაძაბულ ფონზე ეს რუსეთის პირდაპირი გამოწვევაა. ვთამაშობთ ძალიან ცუდ თამაშს. ჩვენი პარტნიორების მცდელობის მიუხედავად, უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე, საქართველოს ინტერესებში კი საწვრთნელი ბაზის გახსნა არ შედის.

 

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი): ვფიქრობ, არ უნდა დავთმოთ, იმიტომ, რომ ქვეყანამ და საზოგადოების უმრავლესობამ აიღო კურსი ნატოში შესასვლელად. ორმაგი სტანდარტით თამაში შედეგს არ მოიტანს. თუ ვადგავართ რამე პოზიციას, ჩვენ უნდა ვეცადოთ საერთაშორისო ურთიერთობით განვამტკიცოთ ეს კავშირი.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×