სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეა ბეჟიტაშვილი
    16.10.2014

    "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყანაში მასშტაბური დესტაბილიზაციისთვის მზადების საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

    "არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რის შესახებაც ბატონმა მინისტრმა 10 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა განცხადება. რა თქმა უნდა, გამოძიება მიმდინარეობს. საზოგადოებას, როგორც კი გამოძიების ფარგლებში შედეგები გვექნება, საჯაროდ მოვახსენებთ. გამოძიება 315-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობრივი შეთქმულებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობას", - განაცხადა ლევან იზორიამ.

    აღნიშნულ განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის წევრი გოკა გაბაშვილი.

    "გადატრიალებასა და შეთქმულებაზე რომ ლაპარაკობენ, რამდენად ადეკვატურია, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. ამ ხელისუფლებას ორი წლის განმავლობაში "ნაციონალებთან" ბრძოლის მეტი არაფერი გაუკეთებია", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

    გჯერათ თუ არა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში მასშტაბური დესტაბილიზაციისთვის ემზადება? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს დაუსვა.

     გრიგოლ გაგნიძე (იურისტი): "ნაციონალურ მოძრაობას" და მათთან ასოცირებულ გუნდებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა აწყობთ, ვინაიდან დესტაბილიზაციით ქვეყანას იმიჯი და სახელი შეერყევა. ისინი თვითონვე იწვევენ ხელისუფლებას და თავადვე ახდენენ თავიანთი რევანშისტული იდეების იგნორირებას. თუმცა, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი პოზიცია დააფიქსირა, ვფიქრობ, აღნიშნული მათი მხრიდან პრევენციული ქმედებაა, რათა თავიდან იყოს აცილებული დესტაბილიზაციის გამომწვევი თუნდაც პატარა ზრახვები იმ გუნდებში, ვისაც ეს აწყობს.

     ჯემალ ჭკუასელი  (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): რა თქმა უნდა, ამაში ეჭვიც არ მეპარება, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსი არ ვარ. ჩემი აზრით, ისინი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავენ, იმიტომ, რომ ისინი გათამამებულები არიან უცხოეთისგან და აქაური პირდაღებული ხალხისგან.

     

     

     

     ნინო ლაპიაშვილი  (ა/ო "სუფთა პოლიტიკა"): ჩემი აზრით, რეალური პრობლემებიდან არარსებულ პრობლემებზე ყურადღების გადატანა ხდება. ამ ვითარებაში ძალიან არასერიოზულად გამოიყურებიან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ისე მისი მოადგილეები, იმიტომ, რომ ისინი აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, თან ისე, რომ არანაირი მტკიცებულების წინ წამოწევა არ შეუძლიათ.

    იმის ნაცვლად, რომ მთავრობა ჩავარდნილი ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორებაზე, კრიმინალთან ბრძოლაზე და სხვა პრობლემებზე ზრუნავდეს, ჩვენ ყოველდღე იმის მოსმენა გვიწევს, რომ თურმე ყველაფერში დამნაშავე ერთი კონკრეტული ოპოზიციური ძალაა და ყველა პრობლემა მათგან მოდის. ერთ მშვენიერ დღეს ქართული საზოგადოება ამ ყველაფრით დაიღლება და დღევანდელი ხელისუფლება საკადრის პასუხს მორიგ არჩევნებზე მიიღებს.

     დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): რატომაც არა. კაცმა არ იცის, რა აქვთ ჩაფიქრებული და გამოძიება საჭიროა. რაკი ეს ადამიანები ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მჯერა, რომ ეჭვი აქვთ და ამის თუნდაც სულ პატარა ეჭვიც თუ არსებობს, ეს ეჭვი უნდა გაქარწყლდეს ან დადასტურდეს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×