თეა ბეჟიტაშვილი
22.01.2015

მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის თქმით, ზურაბ და იური ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებზე დამნაშავეების გამოვლენა საქართველოს პროკურატურის ნომერ პირველი პრიორიტეტია. მისივე თქმით, ამ საქმეების გამოსაძიებლად ქვეყნის მთელი სამართალდამცავი სისტემაა მობილიზებული.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი, პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის საქმე სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს: "მოვითხოვ, მთავარი პროკურატურისგან, სასწრაფოდ გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის საქმე და უმოკლეს ვადებში დაასრულოს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე."

2006 წელს კორტებთან ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვბილის მამა იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ამ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიებელ გარემოებაში.

გჯერათ თუ არა, რომ ხელისუფლება ყველა ძალას გამოიყენებს ამ საქმის გასახსნელად? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი, ფიზიოლოგი:  მინდა დავიჯერო, რომ ასე იქნება, თუმცა ბევრჯერ მომისმენია ასეთი ნათქვამი, რომ ეს არის პრიორიტეტული, ეს აუცილებლად გაიხსნება, ეს არის ჩვენი ხელისუფლების პრესტიჟი და ა.შ. მაგრამ ამჯერად ხელისუფლებამ ეს შემთხვევა გამოწვევად უნდა ჩათვალოს.

ეს არის ტერორისტული აქტი, რომლითაც იმ ორგანიზებულმა ტერორისტულმა ჯგუფმა, ვინც ეს გააკეთა, სახელმწიფო გააფრთხილა, რომ ძალიან ძლიერები ვართ, ადამიანების დახოცვა ასე ცინიკურად შეგვიძლია და ფრთხილად იყავითო. თუ "ქართულმა ოცნებამ" ეს შეირჩინა, მაშინ მათ ხელისუფლება უნდა დატოვონ. საზოგადოება ამას, როგორც ჩანს, უკვე აღარ ჩაყლაპავს.

 ქეთი დოლიძე, რეჟისორი: ნამდვილად მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისეთი მტარვალების გაკეთებულია, რომ ერთ დღეში ასეთი რამის დადგენა შეუძლებელი იქნება, თუმცა ხელისუფლება რომ გამოიძიებს და მათთვის ეს რომ ყველაზე მთავარი საქმეა, ამის ასი პროცენტით მჯერა.

 

 

 გიგა ნასარიძე,  ა/ო "საქართველო არ იყიდება: რა თქმა უნდა, არ მჯერა იმიტომ, რომ უკვე ძალიან ბევრი გამოუძიებელი საქმე გვაქვს. ეს არის რაფალიანცის გარდაცვალების საქმე, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის საქმე.

თავის დროზე ეს საქმეები პრიორიტეტულად გამოაცხადეს, თუმცა ახლა ამაზე აღარ ზრუნავენ. მგონია, რომ ეს საქმეც გამოუძიებელი დარჩება.

 

 

 ნანული სარაჯიშვილი, მსახიობი: ამ ამბით შეძრწუნებული ვარ. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. არც კი ვიცი, ამ საქციელს რა ჰქვია, ასეთ ბარბაროსობას რა შეიძლება ვუწოდო. ეჭვი არ მეპარება, რომ ხელისუფლება ამ საქმის გამოსაძიებლად ყველაფერს გააკეთებს.

 

 

 

 ლაშა ჩხარტიშვილი, უფლებადამცველი: უნდა გამოიძიონ, სხვა გზა არა აქვთ იმიტომ, რომ უმოქმედობით უკვე ძალიან ბევრი დააშავეს. იური ვაზაგაშვილის მკვლელობა არის ხელისუფლების უმოქმედობის პირდაპირი და ლოგიკური შედეგი და ასევე იმის, რომ დღემდე არ გამოიძიეს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე.

 

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×