თაკო მათეშვილი
30.01.2015

"ლარის კურსი საზოგადოებას არავითარ ტვირთად არ აწევს", - ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით კარგის გარდა არაფერი ხდება.

მისივე თქმით, პანიკას ტელეკომპანია "რუსთავი 2" თესავს. რეალურად კი ლარი ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია და საქართველოში იგივე პროცესები მიმდინარეობს, რაც გლობალურ პოლიტიკაში.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები დოლარში აქვთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მოსახლეობა უნდა გაერკვეს, თუ რომელ ვალუტაში დააბანდოს ფული.

"ეკონომიკა და ბიზნესი რთული მექანიზმია და მას ალღო და ცოდნა უნდა. მარტივი არაა, სად დააბანდო შენი კაპიტალი, დოლარში, ლარსა თუ ევროში. ეს არის ბიზნეს პროცესი და მოსახლეობაც ამ პროცესში უნდა გაერკვეს. მან უნდა დაიქირავოს ბანკი ან სპეციალისტი, ვინც ამაში ერკვევა და რჩევა უნდა მიიღოს. ბიზნესმენებიც ბევრი ვერ ახერხებს სწორად გამოცნობას, თუ სად გადაიტანოს თავისი ქონება, რომელ ვალუტაში", - აღნიშნა ექსპრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ თუ ეს პროცესი ფასებზეც აისახება, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს აქვთ ბერკეტები, რომ ჩაერიონ.

ეთანხმებით თუ არა ივანიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას და რამდენად ფიქრობთ, რომ კურსის ცვალებადობა მოსახლეობასა და მის ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენას არ ახდენს? - "რეზონანსმა" ამ კითხვით საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს მიმართა.

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი): "ამ მოსაზრებაში ვერ დავეთანხმები, ეს მოსახლეობაზე დიდ ასახვას ჰპოვებს. მითუმეტეს, რომ დღეს ერთი დოლარი უკვე 2 ლარი და 5 თეთრი ღირდა. მე არ ვიცი, რას ეყრდნობოდა ბატონი ივანიშვილი, როდესაც ეს განაცხადა, ვინაიდან ჩვენ, მოქალაქეები ამას საკუთარ ჯიბეზე უკვე ვგრძნობთ. ამდენად, ამ ყველაფრის დასარეგულირებლად ხელისუფლებამ ქმედითი ღონისძიება უნდა გაატაროს. მოსახლეობის განწყობა ასეთია."

 

 მიშა მშვილდაძე (პროდიუსერი):  "ივანიშვილს ვერ დავეთანხმები, ვინაიდან მე თვითონ კრედიტი დოლარში მაქვს, შემოსავალი კი - ლარში. ლარის კურსის თამაშიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახადი დაახლოებით 350 ლარით გამეზარდა, ეს კი პატარა თანხა არაა. კიდევ ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც იგივენაირ მდგომარეობაშია.

"არ მგონია, რელევანტური იყოს მოსახლეობისადმი მოწოდება, რომ პირადი ბანკირი აიყვანონ და თავიანთი ფინანსური პოლიტიკა ისე წარმართონ. ეს ძალიან არაადეკვატური ადამიანის ძალიან არაადეკვატური განცხადება იყო.

"ის, რომ პანიკა არ უნდა ავტეხოთ, რათა ლარის კურსი არ "გაიქცეს", გასაგებია, მაგრამ რეალურად, არსებული პრობლემის მიჩქმალვა მეტასტაზებს გაუშვებს. ეს კი საბოლოოდ ყველას წალეკავს, ვისაც ამ პრობლემის არსებობა დაბრალდება. დაბრალებით კი, რა თქმა უნდა, მოქმედ ხელისუფლებას და იმ ადამიანს დაბრალდება, რომელიც მის უკან დგას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს განცხადება შეცდომა იყო."

 გივი სიხარულიძე  (მწერალი, მსახიობი): "ჩემი და ბიძინა ივანიშვილის საქართველოში ადამიანები მასხრად არიან აგდებული. ადამიანის აზრმა მნიშვნელობა დაკარგა. წინა მთავრობის ასე იყო დროსაც და ახლაც. როგორც უნდათ, ისე გვმოძღვრავენ. ცოტა ხანში შეიძლება გამოაცხადონ ფული არ არის, ამიტომ ქვები ჭამეთ და თქვენ ბრწყინვალე საზოგადოება, ქვისჭამია ადამიანები იქნებითო. ბიძინადან დაწყებული, პეტრეთი დამთავრებული ტელევიზიებით მხოლოდ აქეთ მიგვაქანებენ. გამგებმა უნდა გაიგოს, რაც მე გითხარით."

 

 

 ირაკლი მენაღარიშვილი (საგარეო ურთიერთობების ექსპერტი): "ვერ გეტყვით, ამას ეკონომიური გათვლა სჭირდება და ვინმეს სუბიექტური აზრი საერთოდ არაფერს ნიშნავს. თუკი ლარის კურსის ცვლილება ფასებზე იმოქმედებს, მაშინ რა თქმა უნდა, ადამიანებზეც აისახება, თუკი არ იმოქმედებს, მაშინ - არა".

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×