სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა ამირაშვილი
    03.06.2015

    მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია, სახელწოდებით "არ დაიჭირო" გაიმართა. აქციის მთავარი მოწოდებაა "არ დაიჭირო". მონაწილეები ითხოვენ, შეწყდეს ადამიანის დაჭერა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ეწევიან მარიხუანას. აქციის ორგანიზატორია "2 ივნისის მოძრაობა".

    როგორც მოძრაობის ორგანიზატორი ლექსო მაჭავარიანი აცხადებს, საჭიროა შეწყდეს ქუჩაში შერჩევითი ნარკოტესტები და კანონის ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს.

    მისივე თქმით, დეკრიმინალიზაციის პირობებში შესაძლებელია, რომ იყოს ზომიერი ადმინისტრაციული სანქციები და ეს განსაზღვრულია ახალ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი.

    "ჩვენ მოვითხოვთ, შეწყდეს ადამიანების დაჭერა და ციხეში ჩასმა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მოიხმარენ მარიხუანას. პარლამენტში შეტანილია შესაბამისი კანონპროექტი და ეს აქციაც მის მხარდასაჭერად იმართება. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ეს კანონპროექტი იქნას მიღებული. ჩვენ იმ პირების გამოაშკარავებასაც მოვახდენთ, ვინც აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს", - განაცხადა ლექსო მაჭავარიანმა.

    აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით, რომ მარიხუანის მოხმარება კრიმინალი არ არის. აქცია, სახელწოდებით "არ დაიჭირო" მთავრობის ადმინისტრაციასთან მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.

    პარლამენტში ორშაბათს მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით გოგა ხაჩიძის კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლის მიხედვითაც მარიხუანას მოხმარება სამომავლოდ შესაძლოა მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელით შემოიფარგლოს.

    10 გრამამდე კანაფის შენახვა, საქართველოს კანონმდებლობით, მცირე ოდენობად ითვლება. თუ აღნიშნულს ერთი გრამითაც კი აჭარბებს, მუხლის სიმძიმესთან ერთად სასჯელის ზომა 7-დან 11 წლამდე იზრდება.

    თქვენი აზრით, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, თუ არა ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): მარიხუანის დეკრიმინალიზაცია თუ მოხდება, რაღაც დოზირებით უნდა იყოს, მაგრამ ძალიან მეეჭვება, ასე მოხდეს. ქართველებმა ხომ წესი და ზომა არაფერში არ ვიცით. როგორც კი დეკრიმინალიზაცია მოხდება, ყველა "აფრებს" აუშვებს, ამიტომ ძალიან საყურადღებო საკითხია. ამ საკითხში ძალიან დილეტანტი ვარ, მაგრამ რაღაც დოზირება უნდა იყოს.

     

     

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): მარიხუნას დეკრიმინალიზაცია არ უნდა მოხდეს იმიტომ, რომ მარიხუანა ამ მავნე ჩვევის საწყისი ფორმაა. მისი მოხმარების შემდეგ მომხმარებელის ძალიან დიდი ნაწილი უფრო ძლიერი თვისების მქონე პრეპარატის მოხმარებაზე გადადის.

    თავისთავად მარიხუანა საშიში არ არის, თუმცა მისი მოხმარებით ორგანიზმს უფრო ძლიერის მიღების სურვილი უჩნდება. ეს არის დასაწყისი ეტაპი, შემდეგ სხვა პრეპარატზე გადადიან, როგორიცაა ბიო და კიდევ სხვა.

     

     

     გია მურღულია (ფილოლოგი):  მარიხუანას დეკრიმინალიზაცია შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ შესაბამისი ზომა იქნება გატარებული, რაც მის მოხმარებას საზოგადოებაში უსაფრთხოს გახდის.

     

     

     

     

     

     ლაშა ჩხარტიშვილი (უფლებადამცველი):  მნიშვნელოვანია, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის მეთოდი გაცილებით უფრო სერიოზული და სრულფასოვანი იყოს. პატიმრობა გამოსავალი არ არის. სახელმწიფოსგან შეთავაზება უნდა ჰქონდეთ, რომ მათ სრულფასოვანი მკურნალობა მიიღონ.

    აქედან გამომდინარე მოვუწოდებდი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა, რომელიც ერთ-ერთ წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, ამ საკითხსაც აუცილებლად შეეხოს. იმ რეალობაში, რაშიც საქართველო ცხოვრობს, ნარკომანიასთან ბრძოლაში, სახელმწიფო პრაქტიკულად არაფერს არ აკეთებს.

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  ამ საკითხთან ჩემი აზრი შეიძლება ძალიან კონსერვატული მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველო ამისათვის მზად არ არის. მარიხუანას დეკრიმინალიზაცია თუ მოხდება, ეს გამოიწვევს იმას, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ამის მომხმარებელი გახდება.

    ძალიან სერიოზული რამ არის გასათვალისწინებელი, საზოგადოების დიდი ნაწილი უმუშევარია. როდესაც ადამიანი დასაქმებულია და კარგად აქვს გაცნობიერებული მარიხუანის მნიშვნელობა და მხოლოდ ამის შემდეგ მოიხმარს, ეს უკვე მისი გადაწყვეტილებაა.

    ამ ეტაპზე მე სწორედ არ მიმაჩნია, თუმცა არც იმას ვთვლი, რომ სასჯელი უმკაცრესი უნდა იყოს. საზოგადოება ამისთვის აუცილებელად მზად უნდა იყოს, ზუსტად უნდა იცოდეს, მარიხუნას მოხმარებას რა შედეგები მოჰყვება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მანანა   (03.06.2015)
    არავითარ შემთხვევაში.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved