სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლიკა ამირაშვილი
    09.06.2015

    საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის აღმაშფოთებელია, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირის მიმართ განაჩენი ვერ გამოიტანეს.

    "ჩვენ ვიხილეთ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა განიცადა სრული კრახი, ჩვენ ვართ ვალდებული ამას გადავხედოთ და რაც ხარვეზებია, გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, დაზარალებულის ოჯახს აბსოლუტურად სრული სამართლიანი მოთხოვნა აქვს, რომ დამნაშავე დაისაჯოს, ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ, რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. ეს ინსტიტუტი ჩავარდა და სრული კოლაფსი განიცადა. ასე რომ, ამას აუცილებლად უნდა გადავხედოთ და რაც მთავარია ძალიან მალე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს.

    მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის ასარჩევად სხდომა 10 ივნისს 12:00 საათზე ჩანიშნა და აღნიშნულ საქმეზე განხილვა ხელახლა დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა ვერდიქტის მიღებას კვლავ ვერ მოახერხებს, მაშინ გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება. თუმცა, გიორგი ოქროპირიძემ შესაძლოა, საპატიმრო დაწესებულება მანამდე დატოვოს, რადგან პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 ივნისს ეწურება.

    რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა არსებობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):  ასეთ პატარა ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ვერასოდეს ვერ გაამართლებს, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთის ნათესავები ვართ. ნებისმიერი ორი ადამიანი საერთო ნაცნობს აუცილებად იპოვის. საქართველოში დემოკრატია და კანონის პატივისცემა იმ დონეზე არ არის, რომ ამ სისტემამ გაამართლოს.

     

     

     

     გიგი თევზაძე (ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი):  როგორც ვიცი ამ დრომდე ნაფიც მსაჯულთა მუშაობის საკმაოდ მცირე შემთხვევები იყო დაფიქსირებული. არ მგონია, რომ ამ მცირე დროში არაეფექტურობა გამოეჩინა. ვფიქრობ, ნაფიცმსაჯულთა შერჩევის წესია არაეფექტური, ამიტომ სახელმწიფო კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, როდესაც მის წინააღმდეგ ასე სააშკარაოზე გამოდის.

     

     

     

     ლაშა ჩხარტიშვილი (უფლებადამცველი):  ვფიქრობ, ნაფიც მსაჯულთა სისტემის დანერგვა ნაადრევია და შეიძლება ზედმეტიც იყოს. პატარა ქვეყანა ვართ და ვფიქრობ, ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლის ალბათობა ძალიან მაღალია, სწორედ ესაა ერთ-ერთ მიზეზი, რატომაც არ ამართლებს ეს სისტემა.

     

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  ნაფიც მსაჯულთა სისტემა ტოტალიტარულ ქვეყნებში იმისათვის არსებობდა, რომ როგორმე დაკვეთილი სასამართლოებისათვის წინააღმდეგობა გაეწიათ. ასეთი სასამართლოები იყო მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერიაში.

    სასამართლო, თუ დემოკრატიული, დამოუკიდებელია და პროფესიონალურია, მე აქ ნაფიც მსაჯულთა სისტემის არსებობის აღარ მჯერა. თუ არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ნაფიც მსაჯულთა სისტემა რას გვაძლევს?

     

     ნელი კობიაშვილი (ჟურნალისტი): საქართველოს გარდა, სადაც კი ნაფიც მსაჯულთა სისტემა არსებობს, ცდილობენ იპოვონ გზა იმისათვის, რომ ამ სისტემისგან განთავისუფლდნენ. დაახლოებით 4-5 წლის წინ კომპეტენტური იურისტებისგან, რომლებიც უცხოეთში მოგზაურობენ, ინფორმაცია მქონდა, რომ ეს სისტემა არსად არ ამართლებს.

    მე ამ სისტემის დანერგვის თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი. ვიცოდი, რომ საქართველოში არ იმუშავებდა, არამხოლოდ იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ყველა ერთმანეთს იცნობს. იმიტომ, რომ საერთოდ სისტემა არაეფექტურია.

    ექსპერიმენტები საჭირო არ არის, რაც უფრო მალე გაუქმდება, მით უკეთესი იქნება. უმჯობესია სასამართლოს რეფორმირებას მივხედოთ ისე, როგორც საჭიროა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved