სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეა ბეჟიტაშვილი
    16.06.2015

    13 ივნისის ღამეს თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების პრობლემას მოსახლეობა და მთავრობა ერთად აგვარებს. შაბათ ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ქალაქის ცენტრში ღვარცოფი და წყალდიდობა გამოიწვია, რასაც, უკანასკნელი მონაცემებით, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთლიანად განადგურდა ზოოპარკი, დაინგრა შენობები, დაზიანდა გზები, ათობით ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.

    სტიქიის ღამესვე მთავრობის წევრები და დედაქალაქის მერი წყალდიდობის შედეგად დაზიანებულ ადგილებზე გამოცხადდნენ, მოსახლეობას დახმარება აღუთქვეს და ქალაქის ცენტრში გამწენდითი სამუშაოები დაიწყეს.

    თქვენი აზრით, რამდენად გაართვა მთავრობამ თავი სტიქიის შედეგად შექმნილ გამოწვევას? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     ლალი მოროშკინა (ჟურნალისტი): მე ვფიქრობ, მთავრობა ერთიანი და მობილიზებული იყო. დღევანდელი მთავრობა, ცხადია, წინა მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომაზე პასუხს არ უნდა აგებდეს, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია იმ რისკების გათვალისწინება, რამაც სტიქია გამოიწვია.

    პროფესიონალების აზრი მოვისმინე და ზუსტად ვიცი, რომ სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული. ვფიქრობ, ამ შეცდომებს გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება ამ დღეების მუშაობას, ნამდვილად ხუთიანზე იყო შესრულებული. ერთ გუნდად იმუშავეს და იმედია, ერთად მხოლოდ ჭირში არ იქნებიან და ასე მუშაობას სხვა დროსაც გააგრძელებენ.

     

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): სიმართლე გითხრათ, ველოდი, რომ უფრო სწრაფი რეაგირება იქნებოდა. უკვე ორი დღეა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, რასაც ვუყურებ, მთავრობა მუშაობს, იმას აკეთებს რაც შეუძლია და იმედი მაქვს, მალე ყველაფერი მოგვარდება.

     

     

     

     ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის"  სამხატვრო ხელმძღვანელი): მე ასეთი ორგანიზებული მთავრობა დიდი ხანია არ მინახავს. მათი შემართება ძალიან მომწონს. ისინი წელში არ გაწყდნენ, ყველაფერს ხაზი გადაუსვეს და ხალხის გვერდით დადგნენ, ეს კი სტიმულის მომცემია.

    რა თქმა უნდა, ყველაფერს ერთდროულად ვერ გააკეთებენ, მაგრამ ასეთი შემართებული მთავრობა არ მინახავს. მეორე საკითხია დამნაშავის დასჯა, ამ უბედურებაში პასუხისმგებლობა ვის ეკუთვნის. თუ ვინმე დასასჯელია, უნდა დაისაჯოს. ვიღაცის არაპროფესიონალიზმით, განგებ გაკეთებულით თუ სხვა მიზეზით, ამდენი ხალხი დაიღუპა. მთავრობის მადლობელი ვარ, რომ თავს ასე კარგად ართმევენ და ხალხს გვერდში უდგანან.

     

     მიშა თავხელიძე (პოლიტოლოგი):  ვერ გაართვა იმიტომ, რომ ახალდაბაში როცა მეწყერი ჩამოწვა და წყალმა ნელ-ნელა დაგუბება დაიწყო, იმ დროისთვის ან მეწყერი გაეწმინდათ და თუ ამას ვერ ახერხებდნენ, მოსახლეობა მაინც გაეყვანათ. როცა ყველაფერი მოხდა, დაგუბებულმა წყალმა კლდე გაარღვია და თბილისში ჩამოვიდა, მთავრობის რეაქცია არც მაშინ ვარგოდა.

    მერი თუ ბოტებით დგას წვიმის ქვეშ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სიტუაციას აკონტროლებს. მაგალითად, გუშინ დილას გმირთა მოედანზე მერიის არცერთი თანამშრომელი არ იყო. მოხალისეები რომ არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს იქნებოდა დაკეტილი თბილისის ცენტრი. არც მერი, არც მთავრობა არაფრის მაქნისი არ არის. ერთადერთი იმას ცდილობენ, რომ რამენაირად ბუნებრივი სტიქიური უბედურება "ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალონ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    sos   (24.06.2015)
    19-ადამიანი დაიღუპა,როგორ შეიძლება ითქვას, რომ თავი გაართვა,შეფასება უნდა იყოს რელობაზე დაყრდნობით და არა პოლითიკუტი სიმპატია-ანტიპატიის მიხედვით,4 რიცხვიდან რომ ეფიქრად პრევენციაზე,ნგრევას ვერ ავიცილებდით,მაგრამ ადამიანური მსხვერპლის აცილება შესაძლებელი იყო.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved