თეა ბეჟიტაშვილი
24.09.2015

ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის, "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის" ლიდერის, ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ხელისუფლებას სიტუაცია პოლიტიკური კრიზისისკენ მიჰყავს და ოპოზიცია ძალიან ახლოს არის იმ ზღვართან, რომ დარბაზებიდან ქუჩაში გადაინაცვლოს და პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართოს.

მსგავსი განცხადებები გუშინ "თავისუფალი დემოკრატების" ღია სხდომაზე გაკეთდა, სადაც უმრავლესობის გარდა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მივიდა. სხდომაზე განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა და მასში შესატანი ცვლილებები იყო, რომელსაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს.

თქვენი აზრით, თუ ოპოზიციამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, უნდა დაიწყონ თუ არა აქციები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "საერთოდ, მეც ამ საარჩევნო სისტემის შეცვლის მომხრე ვარ, რადგან ამით უპასუხისმგებლო პარლამენტარებს თავი ქუდში აქვთ ხოლმე და ჰგონიათ, რომ ხალხმა აირჩია და პასუხისმგებლობა არ ახსოვთ.

"თუკი ხელისუფლება წინააღმდეგობას გაუწევს და არ დაუჯერებს, აქციაში ცუდი რა არის? ტყუილუბრალოდ გაკეთებული აქციები არასწორია, მაგრამ როცა ასეთი შემთხვევაა, სისტემა უნდა შეიცვალოს და აქციაც უნდა მოეწყოს.

"აქცია დემოკრატიული გამოვლინებაა, გაჩნია ამას როგორ აკეთებ. თუ ხელისუფლება არასწორად იქცევა და ხალხს არ ემორჩილება, რა თქმა უნდა, აქციით უნდა უპასუხო."

 თედო დუნდუა  (ისტორიკოსი): "ქუჩაში გამოსვლის უფლება აბსოლუტურად ყველას აქვს. შეიძლება სულაც 30-40 კაცი გამოვიდეს, მაგრამ გარკვეული წესები არ უნდა დაირღვეს და მოქალაქეები არ უნდა შეაწუხონ. იმიტომ ვიბრძოლეთ და "ნაცმოძრაობის" დიქტატურა იმიტომ დავამხეთ, რომ ამის უფლება ყველას ჰქონდეს.

"ამ საკითხზე არ მესმის, რა უნდათ. ალბათ ის, რომ, საბოლოო ჯამში, პარლამენტში მოხვდნენ, სხვა რა უნდა უნდოდეთ... მათი გამოსვლა ჩემს თვალში აბსოლუტურად უარყოფითი და ეგოცენტრულია."

 

 ლია მუხაშავრია (ადვოკატი): "ამ შემთხვევაში ალბათ არა მარტო ოპოზიცია, არამედ ის ადამიანებიც გამოვლენ, ვინც პეტიციას ხელი მოაწერა. ოპოზიციასაც ამის იმედი აქვს - 200 ათასი კაციდან ნახევარი რომ გამოვიდეს, ეს უკვე ხელისუფლებისთვის საშიშროებას წარმოადგენს.

"ჩვენი ხელისუფლების მიმართ პოლიტიკურ ზნეობაზე საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ როდესაც ისინი ცვლილებას 2020 წლისთვის იღებენ, ანუ თვითონ უნდათ, რომ იმ სისტემით ისარგებლონ, რომელსაც ცოტა ხნის წინ აკრიტიკებდნენ და სხვებს იმ მდგომარეობაში აყენებენ, რომელშიც თვითონ არ უნდათ საკუთარი თავის ჩაყენება, ეს უზნეობაა.

"ამიტომ თუ პეტიციას 200 ათასი ხელმომწერი ეყოლება და პარლამენტი ამას არ გაიზიარებს, დარწმუნებული ვარ, ზამთრისთვის ამ პეტიციის და სხვა მოტივების გამო ხალხი ქუჩაში ისედაც გამოვა. ალბათ ოპოზიციას ამის იმედი აქვს.

"ცოტა სხვა საკითხია, ქუჩაში გამოსული ხალხი რომელი ოპოზიციის მხარში დადგება, თუმცა, ხელისუფლებას მოვუწოდებ, საზოგადოება აქამდე არ მიიყვანოს."

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "როცა პოლიტიკური ოპოზიცია კაბინეტებსა და დახურულ შენობებში საზოგადოებისათვის სასურველ შედეგს ვერ აღწევს, ალბათ რჩება ის, რომ ქუჩაში გავიდეს და იქიდან მოითხოვოს იმავეს გაკეთება.

"ქუჩის აქციები სამწუხაროდ ცუდია, არეულობას იწვევს ხოლმე, მაგრამ ეფექტიანია და ბოლო გამოსავალი ეს არის. იმედი მაქვს, ხელისუფლება ამჯერად მაინც გამოიჩენს კეთილგონიერებას და ოპოზიციის ამ სამართლიან შემოთავაზებას დათანხმდება."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×